კოტე მახარაძისა და მედეა ჩახავას ქალიშვილი, მაკა მახარაძე, ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ბალერინა და მსახიობია. მან 1968 წელს თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი დაამთავრა. 60-იან წლებში გაიარა სტაჟირება მოსკოვის დიდ თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში და იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი.
გადაცემა „დროების“ რუბრიკაში „თავგადასავალი“ მაკამ საკუთარ კარიერასა და ოჯახზე ისაუბრა.

მაკამ გაიხსენა უფროსი ძმა, ცნობილი რეჟისორი თემურ ჩხეიძე, რომელიც 2022 წელს გარდაიცვალა. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 6 წელი იყო. მაკას თქმით, თემური მისთვის სამაგალითო ადამიანი იყო.
"მე რომ გავჩნდი, თემურ იყო 6 წლის, ივიკო რომ გაჩნდა, მე ვიყავი 6 წლის. 6 წელი იყო ჩვენ შორის სხვაობა. თემურის მსგავსი ადამიანი მე არ ვიცი, სამაგალითო იყო. მე ერთხელ მომიწია მასთან მუშაობა, როდესაც სპექტაკლში, "ლამბალო და ყაშა" ამიყვანა. მაშინ დავესწარი მის რეპეტიციებს. უცებ წამოხტა და ისეთი გაცოფებული იყო, რადგან ერთ კვირაში პრემიერა იყო და ტექსტი არ იცოდნენ. ამაზე ძალიან გაბრაზდა, ძალიან დაიძაბა. ათი წუთის შემდეგ ისევ დაბრუნდა და ყველას ბოდიში მოუხადა.
მის გარეშე ყველას ძალიან გვიჭირს. ჩვენთვის ისე იყო, როგორც ფანჯარაში შუქი," - ამბობს მაკა.

მაკა 18 წლის ასაკში მურაზ მურვანიძეზე დაქორწინდა, 20 წლისას კი შვილი შეეძინა. როგორც თავად ამბობს, სიზარმაცისა და ოჯახური პასუხისმგებლობის გამო ბალეტში ყველა ოცნება ვერ აიხდინა.
"ყველა გოგონა ოცნებობს ბალერინობაზე. მე ბალეტთან დაკავშირებული ყველა ჩემი ოცნება ვერ ავიხდინე. ისეთი ბალერინა, როგორიც მინდოდა, ვერ დავდექი. მე ვერა წიგნაძესთან დავდიოდი, ძალიან ცდილობდა, რომ მე ვყოფილიყავი პრიმა ბალერინა. სიზარმაცემ შემიშალა ხელი, თან 20 წლის ასაკში შვილიც გამიჩნდა. ამ დროს სრულად თავგანწირული ვერ იქნები. ბალერინაა ის, ვინც ცეკვავს ჟიზელს, დონ კიხოტს, დანარჩენები ვიყავით ბალეტის მოცეკვავეები.
დედობა ჩემთვის ყველაფერია. პირველ ადგილზე ყოველთვის ოჯახი მყავდა, რაც, პროფესიული თვალსაზრისით, არის ძალიან ცუდი, მაგრამ ოჯახისთვის კარგია. ჩემთვის ყოველთვის მთავარი იყო შვილები და შვილიშვილები. მე ვერ დავუშვი, ნატო რომ ბალერინა არ გამოვიდოდა, რადგან ძალიან კარგად ცეკვავდა.

ჩემი პირველი კინო როლი იყო საბუდარელი ჭაბუკი. სკოლაში არ დავდიოდი, წერაც არ ვიცოდი და დედამ მასწავლა "ვინ შეჭამა ვენახი". მთავარი გმირის პატარა და ვიყავი. შემდეგ იყო "ჩვენს ეზოში", მე და ნანი ჩიქვინიძე, ჩემი მომავალი რძალი, ამ დროს უკვე მეგავარსკვლავი იყო. თურმე 20-მდე ფილმში მქონია მონაწილეობა მიღებული. ძალიან კარგ რეჟისორებთან მიწევდა მუშაობა, ისეთებთან, როგორებიც არიან: შოთა მანაგაძე, რეზო ჩხეიძე, გუგული მგელაძე, ვოცნებობდი ელდარ შენგელაიას გადავეღე და ოცნებაც ამიხდა. ერთ-ერთ როლზე ია ნინიძე იყო აყვანილი, მაგრამ ის ფეხმძიმედ იყო და ამის გამო მე დამიძახეს," - ამბობს მაკა.