წლევანდელი სასწავლო წლის დასრულება ბევრი ვარსკვლავური წყვილისა თუ ხელოვანისთვის მნიშვნელოვანი თარიღი აღმოჩნდა - მათმა შვილებმა სკოლა დაასრულეს და დამოუკიდებელ აკადემიურ თუ პროფესიულ გზაზე პირველი ნაბიჯების გადასადგმელად ემზადებიან.
კამერების ყურადღების ცენტრში გაზრდილი ბავშვებისთვის ეს გარდამავალი პერიოდი ორმაგად საინტერესოა, რადგან საზოგადოება ხშირად ინტერესდება, რამდენად გაჰყვებიან ისინი მშობლების კვალს ან რა მიმართულებას აირჩევენ მომავლისთვის.
2026 წელს სკოლა დაამთავრა ტელესახე ლულუ კახიანისა და მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძის უმცროსმა შვილმა, ნინი გვარჯალაძემ. ნინი სოციალურ ქსელში თავად არ აქტიურობს, თუმცა მისი ფოტოები ბოლო ზარიდან და გამოსაშვები საღამოდან მშობლებმა გამოაქვეყნეს, თუმცა რა მიმართულებით გააგრძელებს ის სწავლას, არ გაუმხელიათ.


წელს სკოლა დაამთავრა სალომე ღვინიაშვილისა და ზურა ხიზანიშვილის უმცროსმა ქალიშვილმაც, ნიტა ხიზანიშვილმა. ბოლო ზარი მისთვის კლასელების, მასწავლებლებისა და, რა თქმა უნდა, მშობლების თანხლებით დაირეკა. სალომე ღვინიაშვილს უფროსი გოგონა, ტასო ხიზანიშვილი, სკოლის დამთავრების შემდეგ ინგლისში გაემგზავრა და სწავლა ფსიქოლოგიის მიმართულებით გააგრძელა, რა გეგმები აქვს ნიტას, ამაზე მშობლებს არ უსაუბრიათ.

წელს სკოლა დაამთავრა მსახიობ სალომე შარვაძისა და ბიზნესმენ მამუკა არველაძის ერთადერთმა ქალიშვილმა, მართა არველაძემ. ცნობილია, რომ მართა სწავლას ბოკონის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ეკონომიკისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამაზე გააგრძელებს. ბოკონის უნივერსიტეტი მილანში მდებარეობს და ის ნამდვილი „ოქროს სტანდარტია“ მათთვის, ვისაც ბიზნესსა და ეკონომიკაში მსოფლიო დონის კარიერა სურს. მისი კურსდამთავრებულები პირდაპირ ხვდებიან ისეთ გიგანტებში, როგორიცაა Goldman Sachs, J.P. Morgan, Google და McKinsey. მას ხშირად "იტალიურ ჰარვარდსაც" კი უწოდებენ.

წლევანდელ კურსდამთავრებულებს შორისაა დიზაინერ ნინა ზარქუასა და ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილის ქალიშვილი, ანანო ამისულაშვილი. მისი გამოსაშვები საღამოს ფოტოები მშობლებმა გააზიარეს: „ძალიან ვამაყობ შენით, ჩემო პატარა ანანო. გილოცავ სკოლის დამთავრებას, გვიყვარხარ“, - დაწერა ნინა ზარქუამ. ანანო ხშირად მოგზაურობს საფრანგეთში, პარიზში, ცოტა ხნის წინ მან კადრები Aiglon College-დან გამოაქვეყნა. Aiglon College არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ძვირადღირებული კერძო საერთაშორისო სკოლა (Boarding School) მსოფლიოში, რომელიც შვეიცარიაში მდებარეობს. სად აპირებს ანანო სწავლის გაგრძელება, ჯერ უცნობია.

სკოლა დაამთავრა მუსიკოსების, სტეფანე მღებრიშვილისა და მაია დარსმელიძის ერთადერთმა ქალიშვილმა, სტეფანია მღებრიშვილმა: „თითქოს გუშინ მივიყვანეთ სკოლაში და უკვე ბოლო ზარია. წარმატებები მუდამ, ჩემო უსაყვარლესო გოგო”, - დაწერა სტეფანემ. როგორც ცნობილია, მშობლების მსგავსად, ფანიც მუსიკითაა გატაცებული, ასრულებს სხვადასხვა ცნობილი არტისტის ჰიტებს და თავადაც ქმნის მუსიკას, თუმცა რა მიმართულებით და სად აპირებს სწავლის გაგრძელებას, ამაზე საჯაროდ არ უსაუბრია.
