"ტელეპოპულარობა ყველაზე წამიერი პოპულარობაა. ორი დღე რომ არ ჩანხარ, ყველას ავიწყდები. მეგონა, რომ ეს პოპულარობა ჩემს შემთხვევაშიც მორჩებოდა, მაგრამ არასდროს არ მორჩა. მქონდა პერიოდები, როცა მინდოდა, რომ ვეღარ ვეცნე ხალხს, ვფიქრობდი, რომ მე ეს იმიჯი უნდა დამენგრია.
მაშინ ერთმა სრულიად ვარსკვლავმა, ჩემთვის სამაგალითო ქალმა მითხრა, რომ ეს შეცდომა იქნებოდა - ანანო აღარასდროს უნდა ითამაშო, მაგრამ ახალი ვერსიები უნდა შექმნა, ასეთი რამ რომ გაქვს გაკეთებული, ეს სხივი რომ გაქვს, ლოგიკურად უნდა გააგრძელოო.
მადლობა ნინო კასრაძეს ამ სიტყვებისთვის, ჩემი ნამუშევრის, ჩემი მიღწევის დანახვისთვის", - ამის შესახებ მსახიობმა მარიამ ჯოლოგუამ გიორგი იაშვილის გადაცემაში სტუმრობისას ისაუბრა და გაიხსენა ყველასთვის საყვარელი პერსონაჟი, ანანო, სერიალიდან "შუა ქალაქში".

მარიამ ჯოლოგუას ოჯახი და კარიერა
მარიამ ჯოლოგუა 1980 წლის 17 მაისს დაიბადა. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი ლილი იოსელიანის სახელოსნო. 2010 წლიდან “თავისუფალი თეატრის” მსახიობია. ფართო საზოგადოებამ კი სერიალ "შუა ქალაქიდან" გაიცნო, სადაც ზედმეტად გულუბრყვილო ანანოს როლს განასახიერებდა. გარდა სერიალისა "შუა ქალაქში", მარიამს მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმში "ეშმაკის სამოთხე”, თავისუფალი თეატრის სცენაზე კი არაერთი გამორჩეული და დაუვიწყარო როლი აქვს შექმნილი, მათ შორის, სპექტაკლებში: “პეპი გრძელი წინდა”, “თაფლობის თვე”, “მშვენიერი ქართველი ქალი”, “კავკასიური ცარცის წრე“, “მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ”, “ვალსი ძილის წინ“, “სხვების ცხოვრება“, “რიჩარდ III“, “სამანიშვილის დედინაცვალი” და სხვ.
მარიამ ჯოლოგუას პირველი მეუღლე მსახიობი კოტე თოლორდავა იყო, რომელმაც მაყურებელს თავი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" განსახიერებული დიტოს როლით შეაყვარა. წყვილს ერთი შვილი, ბუკა თოლორდავა ჰყავს.
მარიამის მეორე მეუღლე თავისუფალი თეატრის მსახიობი აპოლონ კუბლაშვილია. წყვილს ერთი საერთო შვილი, ნიკოლო ჰყავს.
