ტელეწამყვანი და მოდელი მანიკა ასათიანი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ქეთო ანთიძის პოდკასტის – „ჩვენ“ – სტუმარი იყო, სადაც ადრეულ ასაკში დაოჯახებასა და შვილზე ისაუბრა:
"მართლაც ძალიან პატარა ვიყავი, როცა ოჯახი შევქმენი. დღევანდელი გადასახედიდან, ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ, თუმცა ჩემი მხრიდან უხერხული იქნება იმის პროპაგანდა, რომ ადრეულ ასაკში დაოჯახება კარგია. ურთიერთობას გამართლება, საერთო ინტერესები და ბევრი სხვა ფაქტორი განსაზღვრავს. წესით, 17 წლის ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რა უნდა ცხოვრებაში, მაგრამ მე საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებული ვიყავი და გადაწყვეტილებაც მარტივად მივიღე.
კარიერა და ოჯახური ცხოვრება ერთდროულად დაიწყო და დღემდე ასე გრძელდება. ალბათ, ყველაფერს ასაკი არ წყვეტს – აღმოჩნდა, რომ ამისთვის მზად ვიყავი. დედობისთვისაც შეგნებულად მოვემზადე. 19 წლის ვიყავი, როცა გიო გაჩნდა. ხშირად ვამბობ, რომ ალბათ დედად დავიბადე. ჩემი შვილის აღზრდაში, თითოეულ დეტალში, სრულად ვიყავი ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ვმუშაობდი, არასდროს მქონია განცდა, რომ მას რამე დავაკელი. მგონია, რომ ყველა მნიშვნელოვან მომენტში შვილის გვერდით ვიყავი.
დედობამ ჩემთვის ყველაფერი შეცვალა – პლანეტამ გიოს გარშემო დაიწყო ბრუნვა. რასაც უნდა ვაკეთებდე და სადაც უნდა ვიყო, ყოველთვის მასზე ვფიქრობ. დედობა ისეთ დიდ ბედნიერებას მანიჭებს, რომ ამით უზომოდ კმაყოფილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მე და გიო ძალიან კარგი მეგობრები ვართ და ბავშვობიდან ვცდილობდი, მისთვის თავისუფლება არ შემეზღუდა, ყოველთვის ისე ვეკითხებოდი აზრს, როგორც დიდ ადამიანს, მაინც ვფიქრობ, რომ მისთვის ჯერ დედა ვარ და მერე მეგობარი" - ამბობს მანიკა ასათიანი.

32 წლის მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი უკვე არაერთი წელია, რაც საზოგადოებისთვის საყვარელი სახეა. განსაკუთრებული გარეგნობის, ნიჭისა და აურის ახალგაზრდა მოდელმა წარმატებით მოირგო ტელეწამყვანის ამპლუა და მაყურებელსაც მალე შეაყვარა თავი.
მანიკა ასათიანს ჰყავს მშობლები, და და ძმა. მანიკას მამა, კახა ასათიანი პროფესიით ექიმია. ის ძალიან ახალგაზრდა დაქორწინდა და 19 წლის ასაკში უკვე ორი ქალიშვილი ჰყავდა. მანიკა ასათიანს დიდი ოჯახი ჰყავს. მისი უფროსი და, ანი ასათიანი მედიასთან იშვიათად ჩნდება, თუმცა ცნობილია, რომ მოდელს სახელი "მანიკა" სწორედ უფროსმა დამ დაარქვა.
მანიკა ასათიანი უკვე 16 წელია, რაც კალათბურთელ ბექა წივწივაძეზეა დაქორწინებული. წყვილს ერთი შვილი, გიორგი წივწივაძე ჰყავს.
"მე 17 წლის ვიყავი, ბექა 21 წლის იყო, როცა დავოჯახდით. ბექამ მნახა "ჯეოსტარზე" და იქიდან მოვეწონე, შემდეგ საერთო ნაცნობი გამონახა და გამიცნო. მან მომხიბლა თავისი საქციელით და დამოკიდებულებებით. დიდად რომანტიკული ადამიანი არ არის, არც მე ვარ რომანტიკული. სიღრმისეული ფასეულობებით ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ ტიპაჟურად რადიკალურად განსხვავებულები ვართ. ბექას ძალიან მამაკაცური თვისებები აქვს, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ძალიან მყარი ფსიქიკა აქვს, თავდაჯერებულია, რამაც ძალიან მომხიბლა", - ამბობს მანიკა.

მანიკა ასათიანის კარიერა გასართობ ინდუსტრიაში წამყვანობის ინტერესით დაიწყო. მომხიბვლელობით და პროფესიონალიზმით ცნობილი, ის სწრაფად გახდა ქართული ტელევიზიის ცნობადი სახე. მან ადრეულ წარმატებას მიაღწია სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობით, რამაც საშუალება მისცა შექმნას ერთგული თაყვანისმცემლების ბაზა და გაეძლიერებინა თავისი ადგილი საზოგადოების თვალში.
„ტელევიზიაში შემთხვევით აღმოვჩნდი და მივხვდი, რომ ჩემი სფერო იყო. ამან გადამაწყვეტინა ჟურნალისტის პროფესია ამერჩია. მანამდე, 15 წლისა "ჯეოსტარში" ვმონაწილეობდი. პროექტი დამთავრდა თუ არა, "რუსთავი 2"-ს დილის გადაცემისთვის გოგონა სჭირდებოდა და კასტინგზე გავედი. ამიყვანეს და მუშაობა დავიწყე. მათემატიკა სკოლაში ჩემი საყვარელი საგანი იყო, ეკონომიკურ ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება. ჩემი მასწავლებლები და მეგობრები რომ მხვდებიან, ხშირად მეუბნებიან, ამ მიმართულებითაც ხომ შეგეძლო წასულიყავიო... არ ვნანობ, რადგან ჟურნალისტიკაში თავს კარგად ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ, მათემატიკური ტვინი ადამიანს ნებისმიერ პროფესიაში და ზოგადად, ცხოვრებაშიც გამოადგება, - ამბობდა მანიკა ერთ-ერთ ინტერვიუში.