მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ემიგრანტული გზა 2012 წელს დაიწყო, როდესაც საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად ჩავიდა. გადაცემაში „უეჭველი ქართველია“ მომღერალმა საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკაში ადაპტაციისთვის ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია, მათ შორის კურიერადაც უმუშავია.
"მეც ვმუშაობ, უბრალოდ ჩემი ემიგრანტული სტატუსი იმით განსხვავდება, რომ წელიწადში 5-6 თვე შემიძლია საქართველოში გავატარო. ჩემი ცხოვრებაც ნაწილობრივ ემიგრანტულია და ეს სულაც არ არის მარტივი. ბევრი რამ გადავლახე და შევეცადე, ამერიკულ ტემპს სწრაფად ავყოლოდი.
როცა ამერიკაში ჩამოდიხარ, მზად უნდა იყო დაბრკოლებებისთვის, რომლებსაც უნდა გადააბიჯო და გზა გააგრძელო. წამოვედი ქვეყნიდან, სადაც ჩემთვის ყველა კარი ღია იყო და მუდამ ასე იქნება, და ჩავედი იქ, სადაც არავინ მიცნობდა. აქ თავიდან გიწევს სამსახურის ძებნა და შეიძლება ის საქმე ვერ აკეთო, რაც გიყვარს. ამ ქვეყანაში არ უნდა თქვა: "ამას ვერ გავაკეთებ" ან "მრცხვენია".
მე გამიმართლა, რომ ჩამოსვლისას ბინის ძებნა არ დამჭირვებია. ბევრი მიმართულებით ვცადე ბედი, მათ შორის, მიტანის სერვისშიც ვმუშაობდი, პარალელურად კი ხანდახან ვმღერი ხოლმე," - ამბობს ნოდიკო.

ნოდიკო ტატიშვილი 1986 წლის 5 ნოემბერს თბილისში დაიბადა. ფართო საზოგადოებამ 2009 წელს პროექტიდან „ჯეოსტარი“ გაიცნო, რომლის გამარჯვებულიც გახდა. 2013 წელს მან და სოფო გელოვანმა წარადგინეს საქართველო ევროვიზიის კონკურსზე მალმეში, შვედეთში. 2015 წლის ევროვიზიაზე, რომელიც ვენაში, ავსტრიაში გაიმართა, ნოდიკო და სოფო გელოვანი ხუთკაციანი ქართული ჟიურის წევრები იყვნენ.
დღეს ნოდიკო ტატიშვილი ორ ქვეყანაში - საქართველოსა და აშშ-ში ცხოვრობს და საქმიანობს. აშშ-ში აქვს კერძო პროექტები, საქართველოში და საკუთარ საბავშვო მუსიკალურ სტუდიას ხელმძღვანელობს.
გასულ წელს ნოდიკო ტატიშვილის ცხოვრებაში განსაკუთრებული პერიოდი დადგა, როცა ის პირველი შვილის, კესანე ტატიშვილის მამა გახდა. ნოდიკო პირად ცხოვრებასა და განსაკუთრებით სიყვარულზე არასდროს საუბრობდა:

"საზოგადოებაში არსებობს გარკვეული სტერეოტიპი, რომ, როცა ადამიანი კონკრეტულ ასაკს მიუახლოვდები, თითქოს სავალდებულოა ქორწინება.
სიმართლე გითხრათ, ცოტა შეწუხებულიც კი ვარ კითხვით: ,,როდის მოიყვან ცოლს?”. მესმის, ჩემი ბედნიერება უნდათ, მაგრამ ბედნიერება არა მხოლოდ ოჯახის შექმნაზეა დამოკიდებული", - ამბობდა ის წლების წინ ჟურნალ "სარესთან" ინტერვიუში.
სიახლეა, რომ ნოდიკოს ქალიშვილი, კესანე შეეძინა, რომელიც საზოგადოებისთვის მოულოდნელი სიახლე აღმოჩნდა, რადგან მომღერალს მანამდე არც მეუღლესა და არც შვილის მოლოდინზე კომენტარი არ გაუკეთებია. მოგვიანებით აღნიშნა, რომ ამ ამბავს საიდუმლოდ ინახავდა, მხოლოდ უახლოეს მეგობრებს გაუმხილა და მათაც ეს სიახლე ერთგულად შეინახეს. ნოდიკოს რჩეული ექიმი თათია ერქვანიძეა.