"მამა მეუბნებოდა - შვილო, გული არ ბერდება, გული ჩერდებაო" - ნინო ანანიაშვილის ინტერვიუ ოჯახზე, წლების მატებასა და განვლილ გზაზე - Marao

"მამა მეუბნებოდა - შვილო, გული არ ბერდება, გული ჩერდებაო" - ნინო ანანიაშვილის ინტერვიუ ოჯახზე, წლების მატებასა და განვლილ გზაზე

2026-06-05 14:37:25+04:00

ქართველი პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი ეკა ხოფერიას გადაცემას სტუმრობდა, სადაც საკუთარ ასაკზე, გარეგნულ ცვლილებებსა და ერთ სახალისო კურიოზზე ისაუბრა. ბალერინამ გაიხსენა მისი 50 წლის იუბილე.

"მიხარია ასე, რომ გამოვიყურები, მეც ვატყობ ცვლილებას, მაგრამ ძალიანაც არ ვწუხდები. ერთი სახალისო ისტორიაც მაქვს ამასთან დაკავშირებით - ერთხელ ელენეს სკოლის მასწავლებელმა ჰკითხა, დედაშენი რამდენი წლის არისო და ამან 30 წელი რომ უპასუხა, გაგიჟდა - რანაირად გახდა დედაშენი 30 წლის, მე ვარ 30 წლის და პატარა როცა ვიყავი, დედაშენის სპექტაკლებზე დავდიოდიო. ელენე ატირებული მოვიდა და ვუთხარი, რომ რაშიც უნდათ შემეჯიბრონ, თუნდაც სირბილსა და ცეკვაში, ყველაფერში აუცილებლად გავიმარჯვებ-მეთქი.

ბებია მყავდა ძალიან საინტერესო ადამიანი, რომელიც მეუბნებოდა, ადამიანი იმდენი წლისაა, რამდენადაც გრძნობს თავსო. პასპორტში არ უნდა ჩაიხედო. მამაჩემმა კი მითხრა - "შვილო გული არ ბერდება, გული ჩერდება".

ბალეტში ერთ პატარა ხელის მოძრაობას სჭირდება ერთი თვე. შრომა არის ძალიან მნიშვნელოვანი, შრომა და ნიჭი ერთად არის საჭირო. მე არავინ მყავდა ოჯახში ბალეტთან ახლოს" - ამბობს ნინო.

nino-ananiashvili

  • ლეგენდარული იტალიელი მსახიობი საქართველოშია - რა კადრებს აქვეყნებს ნინო ანანიაშვილი 

ნინო ანანიაშვილი

ქართველი პრიმა-ბალერინა, საქართველოს სახალხო არტისტი ნინო ანანიაშვილი უკვე წლებია, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი პერსონაა. ცნობილია ასევე მისი მეუღლე, პოლიტიკოსი გრიგოლ ვაშაძეც. 

ნინო ბალეტით 10 წლის ასაკში დაინტერესდა და  ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობდა. მისი კარიერა არაერთ დიდ თუ მცირე წარმატებას ითვლის. 1997 წელს ნინო ანანიაშვილს ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა მიანიჭა „წლის საუკეთესო ქალბატონის“ წოდება. 1999 წლის დეკემბერში ნ. ანანიაშვილს გადაეცა საფრანგეთის მეფეთა შტოს მემკვიდრის, პრინცესა მარია დე ბურბონის, მიერ დაწესებული საერთაშორისო პრემია „ოქროს ქალღმერთი“. 2002 წელს ნინო ანანიაშვილი დასახელდა ჟურნალ Dance Magazine-ის პრიზის მფლობელად, რომელიც ბალეტში ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე პრესტიჟულ ყოველწლიურ ჯილდოს წარმოადგენს. ნინო ანანიაშვილი პირველი ბალერინაა, რომელსაც იაპონიაში გადაუხადეს საბალეტო მოღვაწეობის ათი და ოცი წლის იუბილე.

nino-ananiashvili

ნინო ანანიაშვილი დიპლომატ გრიგოლ ვაშაძეზეა დაქორწინებული. ვაშაძე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2008-2012 წლებში. 1990 წლიდან 2008 წლამდე ვაშაძე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით და ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ კომპანიებს: „Georgia Arts Management“ და „Gregory Vashadze and BR“. 2008 წლიდან ისევ დაუბრუნდა სახელმწიფო სამსახურს. 

გრიგოლ ვაშაძეს ჰყავს ორი შვილი, ნოდარი და ელენე. ელენე ნინოსა და გრიგოლის საერთო შვილია.