მოდელი მინგ სი და მეწარმე, ასევე ბოსტონ სელტიქსის (Boston Celtics) თანამფლობელი მარიო ჰო ერთმანეთს შანხაიში, 2017 წელს, მარიოს დის დაბადების დღის აღნიშვნისას შეხვდნენ, ორი წლის შემდეგ, 2019 წელს კი დაინიშნნენ. „მარიომ მოულოდნელი ნიშნობის წვეულება მოაწყო“, - იხსენებს მინგ სი. „მან თავისი ოჯახის სავაჭრო ცენტრი, L’Avenue Shanghai, ნამდვილ Super Mario-ს სამყაროდ აქცია, სადაც სცენაზე გიტარით გამოვიდა და ჩემთვის იმღერა. ეს ნამდვილად მხიარული და დაუვიწყარი საღამო იყო ჩვენი ოჯახისა და მეგობრებისთვის“.
მათი ქორწილი შვიდი წლის შემდეგ, 2026 წლის 1 ივნისს, საფრანგეთში, ნორმანდიის რეგიონში მდებარე მონ-სენ-მიშელის სააბატოში გაიმართა. „ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მონ-სენ-მიშელის სააბატოში ქორწილი ჩატარდა“, - ამბობს მინგ სი. მოსამზადებელ პროცესს მთელი წელი დასჭირდა, მონ-სენ-მიშელის პერსონალისა და ძეგლების ეროვნული ცენტრის (Centre des Monuments Nationaux) მხარდაჭერით. „ვინაიდან ეს მანამდე არასდროს გაკეთებულა, უამრავი ნებართვის მიღება გახდა საჭირო, თუმცა ყველას წყალობით, დაგეგმვის პროცესი სასიამოვნო და ეფექტური აღმოჩნდა“.
წყვილი მჭიდროდ თანამშრომლობდა სააგენტოსთან The Wedding Company Hong Kong (მიშელ ლის ხელმძღვანელობით), რათა სრულად დაეგეგმათ საქორწილო უქმეები.

საქორწილო უქმეების მისასალმებელი წვეულება საკულტო სასტუმრო Le Normandy-ში დაიწყო. მზის ჩასვლისას იდეალური სურათი შეიქმნა, ზუსტად იმ დროს, როდესაც სტუმრები მოდიოდნენ და საღამო იწყებოდა. თითოეულ სტუმარს სასტუმროში (Hôtel Barrière Le Normandy) დახვდა სპეციალურად მათთვის დამზადებული „M&M“ (Ming & Mario) ძვირადღირებული სასაჩუქრე ყუთები. ყუთებში მოთავსებული იყო აბრეშუმის სამოგზაურო აქსესუარები, პრემიუმ კლასის თავის მოვლის საშუალებები, ბრენდული სუნამოები და ლუქს-კლასის სანთლები - თითოეული ყუთის ღირებულება 7,000 ჰონკონგურ დოლარზე ($900-ზე) მეტად შეფასდა.
მხოლოდ ამ მისასალმებელ საღამოზე პატარძალს Graff-ის მაღალი საიუველირო ხელოვნების (High Jewellery) განსაკუთრებული ნაკრები ეკეთა, მათ შორის 30.73 კარატიანი ყვავილის ფორმის ბრილიანტის საყურეები, 66.26 კარატიანი ბრილიანტის სამაჯური და 7.1 კარატიანი ბეჭედი, რომლის საერთო ღირებულებაც დაახლოებით 53 მილიონ ჰონკონგურ დოლარს (დაახლოებით $6.8 მილიონ აშშ დოლარს) შეადგენდა. ინტერნეტში მინგ სის საქორწილო იმიჯის ამ ნაწილს მოგვიანებით „ნახევარმილიარდიანი ნათება“ შეარქვეს, რადგან სწორედ საიუველირო ნაკეთობები აღმოჩნდა მისი ვიზუალის ყველაზე ძვირადღირებული ელემენტი.

უშუალოდ საქორწილო ცერემონია პატარძლისა და სიძისთვის ახდენილ ზღაპარს ჰგავდა. „სააბატო ულამაზესი ყვავილების დეკორაციებით იყო მორთული, ფიცი კი ცრემლმორეულებმა წარმოვთქვით“, - ამბობს მინგ სი. „ჩვენი ვაჟი და ქალიშვილი ცერემონიაზე ყვავილებს აბნევდნენ, რამაც ეს დღე კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახდა“.
მოდის ინდუსტრიაში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობისა და მრავალი წამყვანი ბრენდის ჩვენებაზე გამოსვლის წყალობით, მინგ სიმ კარგად იცის, თუ როგორ იქმნება სამოსი უთვალავი მოზომვის შედეგად. „ამ გამოცდილებამ დამიდასტურა, რომ Dior და Chanel მოდის აბსოლუტური მწვერვალია“, - აცხადებს მინგ სი. „მათი თარგები უბრალოდ უზადოა“. ამის გათვალისწინებით, მან საქორწილო მზადება მათი მაღალი მოდის სახლების სტუმრობით დაიწყო. „აბსოლუტურად აღფრთოვანებული ვარ ჯონათან ანდერსონის ახალი ხედვით Dior-ისთვის“, - ამბობს ის. „დიზაინი ძალიან დინამიკური და ცოცხალია, ახალგაზრდული, გოგონასებრი სულისკვეთებით, რომელიც ამავდროულად ძალდაუტანებლად თავისუფალი და უდარდელია“.

როდესაც მინგ სი პირველ მოზომვაზე იმყოფებოდა, ჯონათან ანდერსონი ატელიეში სწორედ Dior-ისთვის თავის სადებიუტო Haute Couture კოლექციაზე მუშაობდა. ამ კოლექციაში იყო ყვავილების კაბა, რომელიც შთაგონებული იყო მაგდალენ ოდუნდოს კერამიკული ნამუშევრებით. „გადავწყვიტეთ, ეს ულამაზესი დეტალი ჩემს საქორწილო კაბაში გადაგვეტანა და ის ზურგმოშიშვლებულ კაბად გვექცია“, - ამბობს მინგ სი. „იგი შევუხამეთ ველურ აბრეშუმს (silk charmeuse), რომელსაც ბუნებრივი, მარგალიტისებრი ბზინვარება აქვს“. სახელოებსა და ზურგს Dior-ის საფირმო ნაზი ღილები ამშვენებს, ხოლო მოშიშვლებული ზურგის ნაწილისთვის შიგნიდან ფორტეპიანოს სიმები ჩაამატეს სტრუქტურის შესაქმნელად, რამაც კაბას საშუალება მისცა შეენარჩუნებინა გაშლილი ფრთების მსგავსი ულამაზესი ფორმა.
ამ უნიკალურ კაბას მინგ სიმ აქსესუარად შეუხამა ცერემონიის მთავარი ყელსაბამი - Graff-ის მრგვალი, ბრწყინვალე კვეთის ბრილიანტების ყელსაბამი, რომელიც 52 კარატისგან შედგებოდა, შესაბამის საყურეებთან ერთად. საბოლოო შტრიხი კი პატარძლის კაბის წელზე შეკრული ბანტი იყო.
„ცერემონიის მოლოდინში საოცრად აღელვებული ვიყავი და სრულად ვგრძნობდი ჩემი პარტნიორისა და ჩვენი უახლოესი მეგობრების სიყვარულს“, - იხსენებს მინგ სი. „ფაქტობრივად, ჩვენ უკვე ცხრა წელი იყო ერთად ვიყავით და როდესაც ფიცს ვცვლიდით, თვალწინ იმდენი ლამაზი მოგონება გადამეშალა“.
ცერემონიის შემდეგ სტუმრებმა კოქტეილის მიღებაზე მონ-სენ-მიშელის შიდა ეზოში მოიყარეს თავი, მოგვიანებით კი მანქანებით პატარა ქალაქ დოვილში (Deauville) გაემგზავრნენ, რათა საღამოს საქორწილო მიღებისთვის მომზადებულიყვნენ.

ვახშმისთვის მინგ სიმ შეარჩია ვინტაჟური მარგალიტებით გაწყობილი Haute Couture კაბა Chanel-ის 1989 წლის არქივიდან. „ვინაიდან 1989 ჩემი დაბადების წელია, მსურდა მცმოდა სამოსი, რომელსაც ღრმა სენტიმენტალური მნიშვნელობა ექნებოდა“, - განმარტავს პატარძალი. „ქორწილის ვახშამი ასევე დოვილში გაიმართა, რომელიც თავად Chanel-ის დაბადების ადგილია, რამაც ეს მომენტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა“. მან კაბას შეუხამა დედამთილის, ანჯელა ლეონგის ნათხოვარი ავსტრალიური თეთრი სამხრეთ ზღვის მარგალიტის ყელსაბამი, Graff-ის მრგვალი ბრილიანტის საყურეები და Patek Philippe-ის მარგალიტის საათი. „ვეცადე შემექმნა იმიჯი, რომელიც იქნებოდა როგორც მარადიული, ისე ჰარმონიული“, - ამბობს მინგ სი. „მთლიანობაში, მან გააერთიანა კლასიკური საქორწილო ტრადიციის ყველა ელემენტი: „რაღაც ახალი, რაღაც ძველი და რაღაც ნათხოვარი“.
ვახშმის დროს სტუმრები ოქროსფერ და მარგალიტის ტონებში გაწყობილ მაგიდებთან განთავსდნენ ოთხკურსიანი მენიუსთვის, რომელიც მოიცავდა ადგილობრივი ლობსტერისა და ყაბაყის ყვავილის კერძს „ტომ ხა“-ს ბულიონში. საღამოს გალა-ვახშამზე სტუმრებისთვის არ დაუშურიათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ძვირადღირებული ღვინის ბრენდი - Domaine de la Romanée-Conti (DRC).

ამის შემდეგ ახალდაქორწინებულებმა ვანილის საქორწილო ტორტი გაჭრეს. ესპრესო მარტინიმ სტუმრების ენერგია მაღალ დონეზე შეინარჩუნა, სანამ პატარძალი საღამოს ბოლო სამოსით - სარა ბარტონის 2026 წლის გაზაფხულის კოლექციიდან Givenchy-ის კაბითა და მოსასხამით შეიმოსებოდა. ახლა, თავის საქორწილო დღეზე ფიქრისას, მინგ სი ამბობს: „თავს სრულიად ბედნიერად ვგრძნობდი“.
ეს ქორწილი ნამდვილად შევიდა ისტორიაში არა მხოლოდ კულტურული უნიკალურობით, არამედ წარმოუდგენელი ფუფუნებითა და დეტალების დახვეწილობით.

მხოლოდ ორგანიზაციული, დეკორატიული, სატრანსპორტო და საოპერაციო ხარჯები $5-დან $10 მილიონ აშშ დოლარამდე იქნებოდა. სამკაულების სრული ღირებულების ჩათვლით კი, ქორწილი თავისუფლად აჭარბებს $20-25 მილიონს.