2026 წლის ნახევარი უკვე გავიდა და, მიუხედავად იმისა, რომ ქორწილების სეზონად შემოდგომა ითვლება, ჩვენ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც, არაერთი ულამაზესი ქორწილი უკვე ვიხილეთ. წელმა განსაკუთრებული გრანდიოზულობით ჩაიარა: მსოფლიო აალაპარაკა „საუკუნის ქორწილად“ შეფასებულმა წვეულებამ, რომლის მთავარი გმირიც ჩინელი მოდელი მინგ სი იყო. ასევე, სოციალურ ქსელებში ნამდვილი ფურორი მოახდინა ფორმულა 1-ის ვარსკვლავის, შარლ ლეკლერის საქორწინო ცერემონიამ, განსაკუთრებული ხმაურით ჩაიარა პოპ-დივა დუა ლიპას გრანდიოზულმა ქორწილმაც. საქართველოში კი დიდი ყურადღება დაიმსახურა ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების დახვეწილმა და გემოვნებიანმა წვეულებებმა.
განსაკუთრებულ ინტერესს ყოველთვის იწვევს „სუხიშვილების“ მოცეკვავეების ქორწილები, რომლებიც, როგორც წესი, ნამდვილ დღესასწაულად და ვირუსულ სანახაობად იქცევა ხოლმე. ამის ბრწყინვალე მაგალითი იყო ელენე ჩიტიაშვილის, ქეთი ხადურის, მარიამ მათიაშვილის, თათა ვასაძისა თუ სხვა გამორჩეული არტისტების ქორწინება.
ამჯერად კი კიდევ ერთი მშვენიერი მოცეკვავის, ნინი გელხაურის ქორწილის ულამაზეს და გამორჩეულ კადრებს გიზიარებთ.
ნინი გელხაურის ქორწილი
ნინი გელხაური "სუხიშვილების" ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, როგორც თავად "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში იხსენებდა, მოცეკვავეობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა:
"ბაღიდან მოყოლებული, რაც თავი მახსოვს, ვცეკვავ... ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, სცენაზე "სუხიშვილების" ანსამბლის სახელით გამოვსულიყავი. ეს ის ადგილია, სადაც ყველაფერი მავიწყდება და თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ. ვიდრე დიდ სცენაზე გავიდოდი, დიდი შრომა დამჭირდა. ასევე იყო ბევრი განცდა, ნერვიულობა... ჩემი პირველი კონცერტი ახალი წლის საღამოს დაემთხვა და იმ დღეს განსაკუთრებულად ვიხსენებ".
ის ჯადოსნური გარემო, რომელსაც ნინი ანსამბლის სხვა მოცეკვავეებთან ერთად სცენაზე ქმნის, საკუთარ ქორწილშიც გადმოიტანა - მისი და მისი რჩეულის, ლევან ახვლედიანის წვეულება სავსე იყო სიმღერით, გართობითა და, რა თქმა უნდა, ქართული ცეკვით. საღამო კიდევ უფრო გაალამაზეს დათო გომართელმა და ანსამბლმა „შვიდკაცა“.
კადრებმა ნინი გელხაურისა და ლევან ახვლედიანის ქორწილიდან დიდი მოწონება დაიმსახურა:




ფოტოები: Frame Me