ქართულ შოუბიზნესში ბევრი მეგობრობის ისტორია გვსმენია, თუმცა მოდელ ირინა ონაშვილისა და ტელეწამყვან ვიკა ბუკიას ურთიერთობა გამორჩეულია – მათი მეგობრობა უკვე 40 წელზე მეტს ითვლის. ბავშვობის მეგობრები ანა ტყებუჩავას გადაცემას "V ელემენტი" სტუმრობდნენ, სადაც საზოგადოებას თავიანთი ურთიერთობის აქამდე უცნობი და სახალისო დეტალები გაუზიარეს:
ირინა ონაშვილის დახასიათება
როგორც ტელეწამყვანი ვუკა ბუკია იხსენებს, ბავშვობაში მათ თაყვანისმცემლების დიდი არმია არ ჰყოლიათ, ამასთან, ირინა ცელქი ბავში იყო, მაგრამ გარდატეხის ასაკის შემდეგ შეიცვალა და უფრო სერიოზული და მოკრძალებული გახდა.
"ჩვენ თაყვანისმცემლები არ გვყავდა. მახსოვს ირინას გამო ეზოში ატყდა ჩხუბი, მაგრამ რომ ვთქვა, ირინას თაყვანისმცემლებს ვიგერიებდი ან ის ჩემსას - არა. არ გვყავდა თაყვანისმცემლები.
ირინა ბავშვობაში ძალიან ცელქი იყო, მაგრამ გარდატეხის ასაკში ისე დასერიოზულდა, რომ, მახსოვს, ეგეც შოკი იყო. ამასთან, ირინა მაღალი ბავშვიც არ ყოფილა, სადღაც 12-13 წლის ასაკში გაიზარდა.
მახსოვს სკოლაში მოვიდა სააგენტო და ეგრევე შეამჩნიეს, რადგან მართლაც საუცხოო გარეგნობა ჰქონდა. ამ სააგენტომ რომ წაიყვანა და პირველი მაკიაჟი და წარბები გაუკეთეს, ყველანი შოკში ვიყავით. ამის მერე თითქოს სხვანაირი გახდა, უფრო დასერიოზულდა," - ამბობს ვიკა.

იმ პერიოდში, როდესაც ირინა ონაშვილი „მის საქართველოს“ კონკურსზე გამოდიოდა, ეს ქვეყნისთვის უდიდესი მოვლენა იყო. მეგობრები განსაკუთრებულად ნერვიულობდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ირინას ზედმეტად მშვიდი და მოკრძალებული ხასიათი კონკურსის აქტიურ გარემოს არ შეეფერებოდა
"იმ დროს როდესაც ირინა "მის საქართველოს" კონკურსში იღებდა მონაწილეობას, ეს დიდი ამბავი იყო. ყველა ძალიან ვნერვიულობდით, რადგან ირინა არ იყო აქტიური, იყო მშვიდი, ნაზი და მოკრძალებული, სხვები კი, პირიქით, ძალზე აქტიურობდნენ; არადა, მართლა ყველაზე ლამაზი იყო. ამის შემდეგ ის წავიდა "მის მსოფლიოზე". იქ მომხდარი ყველა დეტალი მახსოვს, მაგრამ კაბამ, რომელიც მას ეცვა, შოკში ჩამაგდო: ის იყო კდემამოსილი ქალი და უცებ სცენაზე სრულიად სხვა ვინმე მოდიოდა. მახსოვს, ყველანი ერთად შევიკრიბეთ, მის გამოსვლას ვუყურებდით და აღშფოთებულები ვიყავით, მამაჩემი ნერვიულობდა, ეს რა ჩააცვესო. აქ სასაცილო ის იყო, რომ ეს კაბა სწორედ ირინას ეცვა, რაც მის ხასიათში საერთოდ არ ჯდებოდა“, - ამბობს ვიკა ბუკია.