ქართულ თეატრალურ ხელოვნებას მრავალი გამორჩეული დინასტია ახსოვს, რომელთა შორისაც ნანუკა ლითანიშვილისა და მისი ლეგენდარული ბებიის, სალომე ყანჩელის შემოქმედებითი ხაზი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. სალომე ყანჩელს ხუთი შვილიშვილი ჰყავდა და მათგან ერთადერთი გოგონა სწორედ ნანუკა იყო, რომელმაც ბებიის გზა აირჩია და მისი უდიდესი სურვილი აასრულა, რომ სცენაზე მდგარიყო.

ნანუკა ლითანიშვილი ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში დიდი სიყვარულითა და სინანულით იხსენებს ბებიას. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობის ასაკის გამო ბევრი რამ უთქმელი დარჩათ, სალომე ყანჩელის სცენური სახეები ნანუკას მეხსიერებას ბავშვობიდან შემორჩა.
"დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ბებიასთან ურთიერთობისას ვერაფერი მოვასწარი, თუმცა, მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი. პატარა ვიყავი და ალბათ, მილიონი რამ დაგვრჩა ერთმანეთისთვის უთქმელი. ბებია სცენაზე დაახლოებით, ორი-სამი წლის ასაკიდან დამამახსოვრდა. მისი მონაწილეობით ნანახი მაქვს სპექტაკლები: "ხანუმა", "რიჩარდ III", "ჰაროლდი და მოდი", სადაც აკაკი ხიდაშელთან ერთად თამაშობდა.
ფუსფუსა და კარგი დიასახლისი. უგემრიელესი "ხელი" ჰქონდა, ყველაფრის გაკეთება შეეძლო, ტორტებსაც აცხობდა და სხვა დესერტსაც ამზადებდა. სპექტაკლები ზედიზედ თუ იმართებოდა და დაკავებული იყო, მაშინ მასთან არ მივდიოდით, რადგან ძალიან იღლებოდა და დასვენება სჭირდებოდა, შედარებით თავისუფალ დღეებში კი მასთან ვიყავით," - იხსენებს ნანუკა.
ნანუკას თქმით ბებია მხარს უჭერდა მის სამსახიობო კარიერას. სწორედ მისი დამსახურებაა რომ ის დღეს მსახიობია, რადგან ის სულ ეუბნებოდა, რომ მის მერე სცენა მას უნდა დაეკავებინა.
მიუხედავად იმისა, რომ ბებია რუსთაველის თეატრის სცენას ამშვენებდა, ნანუკა თუმანიშვილის კინოთეატრის დასის წევრი გახდა. ნანუკამ მონაწილეობა მიიღო სპექტაკლებში: "მელოტი მომღერალი ქალი", "მეფე ლირი", "7 პ.პ. (შვიდი პატარა პიესა)", "ჰამლეტი/მანქანა" და სხვ.
ფართო საზოგადოებამ ნანუკა ლითანიშვილი კიდევ უფრო მეტად შეიყვარა საკულტო ქართული ტელესერიალებიდან. მან დასამახსოვრებელი როლები შეასრულა პროექტებში „შუა ქალაქში“ და „გოგონა გარეუბნიდან“.

ნანუკა ლითანიშვილის პირადი ცხოვრება თეატრს მყარად უკავშირდება. სკოლის დამთავრების შემდეგ, ის მიშა თუმანიშვილის ჯგუფში სწავლობდა, სადაც მეორე კურსზე ყოფნისას რეჟისორი და მსახიობი ზურა გეწაძე გაიცნო და ცოლადაც გაჰყვა. წყვილს 4 შვილი ჰყავს.
"მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც მე და ზურას ერთმანეთი შეგვიყვარდა, განსაკუთრებული ისტორია არ გვქონია, ბანალურად მოხდა ყველაფერი, ჩემს ოჯახთან ყოველთვის ძალიან მეგობრული დამოკიდებულება მქონდა, მათ იცოდნენ ჩემი სიყვარულის შესახებ და გაგებით მოეკიდნენ ყველაფერს, მათ შორის ჩვენს გაპარვასაც, რომელსაც მხოლოდ ფორმალური სახე ჰქონდა....ამდენწლიანი თანაცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულზეა დაფუძნებული. მე როგორც მიყვარდა ჩემი ქმარი თავიდან, დღემდე ისე მიყვარს და მეტადაც კი. წლები რომ გემატება, ადამიანი შეიძლება, უფრო მეტად დააფასო და აღიქვა, მისი სიყვარული წლებთან ერთად შეიძლება, უფრო მემატებოდეს. არ ვიცი, რას ნიშნავს გრძნობის განელება ან ადამიანთან მიჩვევა. ჩემთვის ის იდეალურია, ამიტომაც ვარ მასთან." - ამბობდა ნანუკა.

ნანუკა ოთხი შვილის დედაა. ის კარიერას და ოჯახურ ცხოვრებას ერთმანეთს ყოველთვის უთავსებდა.
"4 შვილის გაჩენა არ დამიგეგმავს, თავისთავად მოხდა ყველაფერი. ჩემს მესამე და მეოთხე შვილებს შორის სხვაობა 13 წელია, უფროსები უკვე წამოზრდილები იყვნენ, როცა მეოთხე შემეძინა, მეხმარებიან და ყველაფერს ვახერხებ. ადამიანი ეჩვევა ყველა გარემოებას, ჭირიდან დაწყებული, ლხინით დამთავრებული, ადაპტაციას ახერხებს ყველა სიტუაციაში. იმ პერიოდში, როცა სამი პატარ შვილი მყავდა, საქმით დიდად გადატვირთული არ ვიყავი, რადგან 90-იანი წლები, მოგეხსენებათ, ძალიან მძიმე, ბნელი და გაჭირვებული იყო, არსად არაფერი ხდებოდა. თეატრში მაინც ვმუშაობდი, მაგრამ შემოქმედებითი კუთხით ცოტა საქმე მქონდა" - ამბობდა ნანუკა "მშობლები.ჯისთან".

ნანუკას და ზურას უფროსი შვილი ერეკლე გეწაძეა. ის მშობლების მსგავსად ხელოვანია. ერეკლე მუსიკისა და დრამის თეატრის დასის წევრი იყო. იმავდროულად, მონაწილეობდა თუმანიშვილის თეატრის სპექტაკლში "ცხოველების ფერმა". აღსანიშნავია, რომ ერეკლე დღეს მუსიკოსია.
რაც შეეხება ქალიშვილს მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა, ძმის მსგავსად მუსიკის დიდი სიყვარული აღმოაჩნდა და ძალები მეგაპროექტ „X ფაქტორის“ ბექვოკალისტადაც კი მოსინჯა.
ნანუკა ლითანიშვილის შემოქმედებითი და პირადი ისტორია გვახსენებს, რომ თეატრალური დინასტიები მხოლოდ გვარების გაგრძელება არ არის - ეს არის სცენის, ნიჭისა და იმ სითბოს უწყვეტი ტრადიცია, რომელიც სალომე ყანჩელიდან დაიწყო, ნანუკასა და ზურას თუმანიშვილისეულ თეატრში გამყარდა და დღეს მათ შვილებში ცოცხლობს. ოჯახისა და ხელოვნების ეს ჰარმონია ქართული თეატრის ისტორიის მართლაც გამორჩეული ნაწილია.