ლეგენდარული ქართველი მუსიკოსის, ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედება და სახელი წლებია არ კარგავს აქტუალობას. მისი გარდაცვალებიდან დიდი დრო გავიდა, თუმცა მისი მემკვიდრეობა დღემდე ცოცხლობს. ნანა ჩარკვიანი სულ რაღაც ორი წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. ის ცოტა ხნის წინ ნათია გვაზავას სტუმრობდა, სადაც მამასა და მასთან არსებულ ემოციურ კავშირზე ისაუბრა.

- ზოგი სიმღერა მკლავს, ზოგი კი ხალხში გაგონებისასაც ცუდად მხდის. ის ჩემთვის ინსპირაციის წყაროა, მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია და მისი მოსმენა მამაშვილური ურთიერთობის ჩვენეული გზაა.
ერთი ირაკლი ჩარკვიანი თუ დაინახეთ სადმე, გამომიშვით და პრობლემა არ არის, მაგრამ არა მგონია. იცი, როგორი ბიჭები მომწონს? რომლებიც უპრეტენზიოები არიან საკუთარ თავთან, ანუ რაც არიან, ის რომ არიან. არ მიყვარს მსახიობი ბიჭები - ოღონდ მსახიობი არა როგორც პროფესია, არამედ როდესაც ცდილობენ, რაღაც დაამტკიცონ. ეს თვისება ნებისმიერ ადამიანში არ მიყვარს. ძალიან ნიჭიერ ადამიანთან ცხოვრება კარგიც არის, მაგრამ, ამავდროულად, ძალზე რთულიც.
ახლა ძალიან რთულ პერიოდს გავდივარ, გოგოობიდან ქალობაში გადასვლის ეტაპზე ვარ. ბოლო ოთხი წელია, სრულიად დამოუკიდებელი ვარ ფინანსურადაც და მენტალურადაც. ახლა იმ ბრძოლაში ვარ, თუ რამდენად ღირს, მხოლოდ საკუთარი თავი იყოს შენი მეგობარი, და ხანდახან მიჭირს ხოლმე ამ გულისნადების სხვებისთვის გაზიარება. ვცდილობ, თუნდაც ამ გადაცემასა და ინტერვიუებში უფრო გახსნილი ვიყო, რომ სხვებისთვისაც მარტივი იყოს, იმიტომ რომ მე ხშირად ვწვალობ. პრობლემებზე საჯაროდ უნდა ილაპარაკო. მე ახლო ადამიანებთან უფრო მიჭირს გახსნა, ვიდრე ახლა - შენთან საუბრისას.
ძალიან პატარა, ორი წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა. მასთან არ გავზრდილვარ, მაგრამ მამაჩემის შვილი მაინც ვარ და ის ყოველთვის ჩემთანაა, მას არ დავუტოვებივარ. მარტო სახლში კი არა, ქუჩაშიც, ხალხშიც, ყოველთვის არსებობდა და ჩემთან ახლოს იყო.
ჩემი აზრით, ორიგინალური იყო და მისი სახელით იარო, ეს არ არის განაჩენი. ორიგინალური ხარ თუ არა, ალბათ, მერე სხვებმა უნდა განსაჯონ. არ უნდა შეედარო მას. ის ისეთი ადამიანია, მასთან შედარებაზე რომ ვფიქრობდე, ალბათ, ძალიან დავითრგუნებოდი. ბავშვობაში, რა თქმა უნდა, გიფიქრია ამაზე, მაგრამ დროთა განმავლობაში, როდესაც იზრდები და საკუთარ თავს ნელ-ნელა იცნობ, ხვდები, მართლა რისი გაკეთება მოგწონს, რა გართობს, რა არის სხვისგან მოცემული შენი ჩრდილოვანი მხარე და რა - შენი შინაგანი სინათლე. ნელ-ნელა, ფაქტობრივად, ახლა ვიგებ ამას.
ალბათ, მაქვს რაღაც მამისეული ტრავმები იმის გამო, რომ მის გარეშე გავიზარდე. ჩემს ცხოვრებასა და ურთიერთობებში შეიძლება ჩანდეს კიდეც ეს, თუმცა ამის ზუსტად განსაზღვრა განსაკუთრებულად რთულია. ისე არ არის, რომ მაინცდამაინც უფროსი ასაკის ბიჭები მომწონდეს, მაგრამ მამისა და ბაბუებისგან კაცების მიმართ ძალიან დიდი იდეალები გამომყვა, რაც ცხოვრებას ცოტათი მირთულებს.