" ახლა მოვდუნდი და, თურმე, რა კარგი ყოფილა" - 37 წელი ეთერში და აუსრულებელი ოცნება: რატომ წამოვიდა ნანიკო ხაზარაძე ტელევიზიიდან? - Marao

" ახლა მოვდუნდი და, თურმე, რა კარგი ყოფილა" - 37 წელი ეთერში და აუსრულებელი ოცნება: რატომ წამოვიდა ნანიკო ხაზარაძე ტელევიზიიდან?

2026-06-26 11:57:22+04:00

ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ნანიკო ხაზარაძე ქეთო ანთაძის პოდკასტს "ჩვენ“ ესტუმრა. გადაცემაში მან გულახდილად ისაუბრა ტელევიზიიდან წამოსვლის რეალურ მიზეზებზე, ეკრანზე გატარებულ 37 წელზე და გაიხსენა ის დღე, როდესაც პირველად მოხვდა პირდაპირ ეთერში.

naniko-khazaradze

ნანიკო ხაზარაძის ინტერვიუ

ჩემი თავი მართლა არ მახსოვს ტელევიზიის გარეშე. წარმომედგინა კიდეც მსგავს სიტუაციაში საკუთარი თავი და მუდმივად ვგეგმავდი ჩემს ბოლო ეთერს. რა სამწუხაროა, რომ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც დაგეგმილი მქონდა. მინდოდა, ბოლო ეთერში ყველაფერი მეთქვა. ყველაფერი რა - ისედაც ყველაფერი პირზე მაკერია, მაგრამ რაღაცნაირად შეჯამება მინდოდა. მაქვს სათქმელი, რომელსაც, ალბათ, ოდესმე ვიტყვი. ჩემი ოცნება, რაც კი მქონდა, არ ამიხდა.

არასდროს ვგეგმავდი და არც ვოცნებობდი ტელევიზიაში მოხვედრაზე. სტუმრადაც კი არავისთან ვყოფილვარ. ერთ მშვენიერ დღეს - ძალიან ცივი, ნავთისსუნიანი ზამთარი იყო, კერასინკები გვედგა – მეგობართან ვიყავი. მასთან ერთად ვუყურებდი სერიალს ტელევიზორში, რომელიც ელემენტებზე მუშაობდა. ამ დროს ქალაქის ტელეფონზე დამირეკა რეჟისორმა მიშა მრევლიშვილმა და მითხრა, პირველ არხზე მივსულიყავი. იმ პერიოდში ისედაც მხოლოდ ერთი ტელევიზია არსებობდა. მივედი თუ არა, იმ წამსვე შემიშვეს პირდაპირ ეთერში და მას შემდეგ ტელევიზიაში ვარ. ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა და ისე უცებ გამამზადეს, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. მახსოვს, ეთერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ, როგორც კი დასრულდა, ერთი-ორი საათი ვტიროდი.

  • რატომ წამოვიდა ნანიკო ხაზარაძე "იმედიდან" - ინტერვიუ ტელეწამყვანთან 

ტელევიზიაში მუშაობის 37-წლიანი სტაჟი მაქვს. დედაჩემმა მითხრა: გაზრდილხარ და შეცვლილხარო. კარგია, 53 წლის ასაკში დედა რომ შეგაქებს. ტელევიზიიდან წამოსვლა იმ წამს არ გადამიწყვეტია, როცა წამოვედი. ეს იყო ადრე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ავწონ-დავწონე, ვიფიქრე, არ მიჩხუბია და გააზრებულად მივიყვანე ბოლომდე. საერთოდ, ეს ჩემი სტილი არ არის, მე სპონტანური, ემოციური ადამიანი ვარ, შეიძლება გადაწყვეტილება უცებ მივიღო და ცხრა მთა გადავატრიალო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგია ცხოვრება ტელევიზიის გარეშე. ტელევიზიას არ ვაკნინებ თავისი არსითა და რეჟიმით, უბრალოდ, ახლა აღარ ვფიქრობ ასე: ადრე ყველა ადამიანს პოტენციურ სტუმრად აღვიქვამდი და ნებისმიერ თემას, პოტენციურ გადაცემად. ახლა მოვდუნდი და, თურმე, რა კარგი ყოფილა!

წამოსვლის შიში არ მქონია. რატომ? ქმარს 50 წლის ასაკში გავშორდი და მაშინაც კი ვფიქრობდი, რა დროს ჩემი გაშორებაა, რადგან თეორიულად ძალიან დიდი შანსია, ცხოვრებაში აღარავინ მყავდეს-მეთქი. მაგრამ, თუ დისკომფორტი მაქვს, მირჩევნია გადავდგა ეს ნაბიჯი, თუნდაც ის უფსკრულში გადაჩეხვას უდრიდეს, ვიდრე შევეგუო კონკრეტულ მოცემულობას და მასში ვიხარშებოდე.

ტელევიზიიდან წამოსვლის გადაწყვეტილება ჯაჯოს გამო არ მიმიღია. ყველაფერი მთავრდება რაღაც დროს. ძალიან ბევრი წელი ვიმუშავე, განსაკუთრებით - "იმედში“. 18 წელი ვიყავი "იმედის“ თანამშრომელი და დავიღალე. მე აღარ ვითარდებოდი, აღარ ვიზრდებოდი, ახალს არაფერს ვაკეთებდი და ერთ წრეზე ვტრიალებდი. რაღაცნაირად მინდა, რომ ახალი ჟანგბადი შევისუნთქო. იმ ინციდენტის შემდეგ, რაც მოხდა, კიდევ ორი კვირა ვიჯექი ეთერში და ჩვეულებრივად ვაგრძელებდი მუშაობას. ეს იყო უბრალოდ ერთ-ერთი ინციდენტი, რომელიც მე და ჯაჯოს შეგვემთხვა. ჩვენი ურთიერთობა სულ ასეთი იყო – სულ მეცინება მასზე. ვიცინი და არა დავცინი – დიდია განსხვავება ამ ორს შორის. როცა მივხვდი, რომ ჩემი საქციელი ცუდად გამოვიდა, ძალიან ვინერვიულე, გადავაჭარბე კიდეც და ცხოვრებაში ამდენი ბოდიში არავისთვის მომიხდია. თუმცა, ამას ჩვენს ურთიერთობაზე დიდად არ უმოქმედია