სუპერმოდელი, ბელა ჰადიდი, უკვე წლებია ქრონიკულ ლაიმის დაავადებას ებრძვის. მიუხედავად იმისა, რომ პოდიუმზე მას ყოველთვის იდეალურ ფორმაში ვხედავთ, კულისებს მიღმა მოდელის ცხოვრება მუდმივ ფიზიკურ და ემოციურ ტკივილთან არის დაკავშირებული. ცოტა ხნის წინ, ბელამ სოციალურ ქსელში მორიგი გამწვავების შესახებ გულახდილი პოსტი გამოაქვეყნა და გამომწერებს საკუთარი მძიმე რეალობა გაუზიარა.
"ვერაფრით მოვიშორე ეს გამწვავება. 11 საათს მეძინა. ყველა ექიმის ყველა პროტოკოლი ვცადე, ვისთანაც კი ვყოფილვარ. მაინც არაფერი მშველის.
და დღეს ის დღე არ არის, ვინმემ დღიურის წერა რომ მირჩიოს. ჰო, წყალიც დავლიე. და არა, სასეირნოდ არ გავსულვარ, იმიტომ რომ სამზარეულომდე გასვლაზეც კი სული შემეხუთა. საერთოდ, მგონია, რომ ტვინში ერთი უჯრედიც აღარ მიმუშავებს. ასე რომ, თუ ოდესმე ცუდ დღეში მყოფს დღიურის წერა გირჩიეთ, უკან მიაქვს ჩემი სიტყვები და ბოდიში.
ისე, შხაპი კი მივიღე ისე, რომ გული არ წამსვლია... ჩემთვის ეს დღეს მართლა უდიდესი მიღწევა იყო. ასე რომ, იქნებ ვინმემ ერთი ორცხობილა ან რამე გამომიგზავნოს", - წერს ბელა.

ემოციურ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც ბელამ კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა, რათა შეშფოთებული გულშემატკივრები დაემშვიდებინა.
"გამარჯობა, ბოდიშს გიხდით, თუ ვინმე ავანერვიულე. ვიცი, ეს ყველაფერი მძიმედ ჟღერს, მაგრამ, თვალებში თუ ჩავხედავთ სიმართლეს, ეს ჩემი რეალობაა და ისეთი რამაა, რასაც გარკვეულწილად უკვე ვუმკლავდები. ბოდიში, თუ ვინმე შევაშინე. ბოლო 15 წელია, ეს ჩემთვის მართლაც ყოველდღიური აღმასვლა და ვარდნაა. უბრალოდ, ემოციებმა წამლეკა იმის გამო, რომ არ შემიძლია ვაკეთო ის, რაც ჩემს გონებას შეუძლია წარმოიდგინოს - ჩემს სხეულს არ შესწევს ძალა, შეასრულოს ის, რაც გონებაში მაქვს. ყოველი დღე ახალი იმედია, რომ ხვალინდელი - ღვთის ნებით - უკეთესი იქნება. ძალიან მიყვარხართ, დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ამას არ ველოდი, მაგრამ მართლაც უზომოდ მადლიერი ვარ", - წერს ბელა.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სუპერმოდელი, ბელა ჰადიდი, უკვე წლებია ებრძვის ლაიმის დაავადებას. გასული წლის ზაფხულში საჯაროდ ისაუბრა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მოდელმა სოციალურ ქსელებში საავადმყოფოს საწოლიდან რამდენიმე ფოტო და პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათლად ჩანდა, რომ რთულ პერიოდს გადიოდა.
როგორც ცნობილია, ბელას ლაიმის დაავადება აწუხებს, რაც ქრონიკული ინფექციაა და ადამიანის ორგანიზმის სრულად გამოფიტვას იწვევს. მისმა დედამ, იოლანდა ჰადიდმაც არაერთხელ ისაუბრა ბელას მდგომარეობაზე.
"როგორც მიხვდებით, ჩემთვის უდიდესი ტკივილია ჩუმად ვუყურო ჩემი ბელას ბრძოლას. ქრონიკული ლაიმის დაავადება როგორ ტანჯავს ადამიანს, ეს სხვებისთვის ძნელი ასახსნელი და გასაგებია. ვერანაირი ტკივილი შეედრება ჩემი შვილის ტანჯვის ყურებას. მსოფლიოს გარშემო 15-წლიანი ძიების შემდეგ, კვლავ გადაწყვეტილი მაქვს, ვიპოვო ყველასთვის ხელმისაწვდომი წამალი.
ჩემს მშვენიერ ბელიტას: შენ საოცრად მამაცი ხარ. არც ერთი ბავშვი არ უნდა იტანჯებოდეს განუკურნებელი ქრონიკული დაავადებით. აღფრთოვანებული ვარ შენი გამბედაობით და იმით, რომ მზად ხარ, ამ ბრძოლა გააგრძელო ჯანმრთელობისთვის, მიუხედავად უშედეგო პროტოკოლებისა და უამრავი წარუმატებლობისა, რომელსაც ამ გზაზე წააწყდი. არ არსებობს სიტყვები, რომლებიც აღწერს იმ სიბნელეს, ტკივილსა და ჯოჯოხეთს, რომელიც დიაგნოზის დასმიდან გადაიტანე.
ძალიან ვამაყობ, რომ ასეთი მებრძოლი ხარ. მარტო არ ხარ, გპირდები, რომ ყოველ ნაბიჯზე დაგეხმარები, რაც არ უნდა დიდხანს გაგრძელდეს ეს.

მკურნალობის კიდევ ერთი თვე გადაიტანე, ვიცი, რომ ღმერთი მოწყალეა, სასწაულები ყოველ დღე ხდება. ვლოცულობ შენი სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის, ჩემო სიყვარულო. ამ დაავადებამ დაგვაჩოქა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ფეხზე ვდგებით. ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას უკეთესი დღეებისთვის.
ძალიან მიყვარხარ, ჩემო ძლიერო მეომარო", - წერდა მაშინ იოლანდა ჰადიდი.