თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში გამომწერებს მორიგ სიახლეს უზიარებს. მან ახალი, ექვს ოთახიანი ბინა შეიძინა. თამომ ვიდეომიმართვაში გულახდილად ისაუბრა იმ ფინანსურ რისკებზე, შრომასა და მიზნებზე, რაც ამ გადაწყვეტილებას ახლდა თან.
"ამ სამყაროში ვალის გარეშე ვინმე თუ რამეს აკეთებთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და უფრო მეტი მოგცეთ. ჩემს შემთხვევაში კი ასე მოხდა: მქონდა ერთი ვალი, რომლითაც ორი წლის წინ ვიყიდე ონიაშვილზე ბინა. ეს ბინა გაქირავებული მქონდა და ახლაც ვაქირავებ, ერთსაძინებლიანია.
ახლა ისე მოხდა, რომ ქირით ვიყავი და ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ სექტემბრამდე შევიძენდი ბინას, მოულოდნელად ძალიან კარგი ვარიანტი გამოჩნდა: უცხოვრებელი, ექვსოთახიანი ბინა იმაზე ბევრად იაფად ჩამივარდა ხელში, ვიდრე რეალურად ღირს. ბანკმაც დამიმტკიცა სესხი და ყველაფერი მოგვარდა. ცოტა შემეშინდა - ერთი ქალი ვარ - მაგრამ გავრისკე.
რა თქმა უნდა, ეს დიდ რისკთან არის დაკავშირებული, მაგრამ მე ძალიან რისკიანი ადამიანი ვარ და მიყვარს მუშაობა. თავს არ დავზოგავ, თუ დამჭირდება, დილიდანვე ფეხზე დავდგები და ყველაფერს გავაკეთებ. ცხოვრებაში არაფერი მეთაკილება - საკუთარი თავის განვითარებისთვის, ჩემი და ჩემი შვილების კეთილდღეობისთვის. ასე მოხდა და მჯერა, მოვა დრო, სულ რაღაც 10 წელიწადში, ამ ვალსაც სრულად დავფარავ.
რადგან ქალი ხარ, არ გამოგივა, ვერ შეძლებ, ვერ გააკეთებ, ვერ გავრისკავ - თუ საჭირო გახდა, ღამეებს გავათენებ, ოთხ სამსახურში ვიმუშავებ, მაგრამ არაფერს ვითაკილებ. რა თქმა უნდა, ბიზნესი არაპროგნოზირებადია, ხან არის მუშაობა და ხან - არა, ეს რისკები კარგად ვიცი. მთავარია, ღმერთმა ჯანმრთელობა მომცეს, კარგად ვიყო და არაფრის მეშინია - არავის იმედზე არ დავრჩები.
რაც შეეხება ფინანსურ საკითხებს და ზოგადად, იმ გზას, რომელსაც ცხოვრებაში გავივლი - იქნება ეს კარგი, ცუდი, ბედნიერი თუ რთული მომენტები - მინდა, რომ ეს ყველაფერი თქვენთან ერთად გავიზიარო. მინდა ჩემი მაგალითით გაჩვენოთ, რომ შრომა ყოველთვის ფასდება. არ შეგეშინდეთ! რა თქმა უნდა, რისკი ამად უნდა ღირდეს, მაგრამ როცა რაღაცას ხელს ჰკიდებთ, საქმე უნდა გიყვარდეთ, უნდა იცოდეთ თქვენი მიზანი, ხედავდეთ გვირაბის ბოლოს სინათლეს და ყველაფერი გამოგივათ." - ამბობს თამო ვაშალომიძე ვიდეოში.

თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტოსესიებითა და განცხადებებით მიიპყრო. ის ფოტომოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანიაში. ამის გარდა, ის სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია, აქვს "ფეისბუკის", "ინსტაგრამისა" და "ტიკ-ტოკის" საკუთარი არხები და გამომწერებს ცხოვრების საინტერესო დეტალებს ამ გზით უზიარებს.
"პირველი წარმატება იყო მაშინ, როდესაც საქართველოს სახელით კოსოვოში წავედი, 2013 წელს. საქართველოში კონკურსი "მის ბიკინი" ჩატარდა. საუკეთესო ოცეულში მოვხვდი და მერე გამოვეთიშე. ჩემმა მენეჯერმა გამიშვა კოსოვოში, იქ "მის თავისუფლება" ტარდებოდა. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო. ვფიქრობდი, აქ არ გამიმართლა და ბედი იქ უნდა მეცადა. ამ კონკურსში "პრესის რჩეული" გავხდი. ჩემი ტიტული ლენტზე დიდი ასოებით ეწერა და რომ გადამკიდეს, ეგრე ჩამოვედი საქართველოში. უზომოდ გახარებული ვიყავი."

თამო დაქორწინებული იყო ბიზნესმენ აკა სამხარაძეზე. წყვილს ერთი საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავს, ხოლო თამოს პირველ ურთიერთობაში გოგონა შეეძინა.
"ახლა ჩემი მეუღლე არის ჩემი მარჯვენა ხელი, სული, გული; ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩემი ბედნიერებისთვის. მაგრამ სანამ მას გავიცნობდი, თავად ძალიან ბევრი ვიშრომე. გულწრფელად გეტყვი, მაშინ ბევრი რამ არც ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა. გულუბრყვილო ვარ-მეთქი, ხომ გითხარი, ხანდახან ტელევიზიები სიუჟეტებისთვის სათავისოდ მიყენებდნენ. გამოუცდელი რომ ხარ, გგონია, ყველა კეთილია, ყველას მოსწონხარ, მერე თავს გესხმიან და ხმასაც ვერ იღებ, გეშინია არ დაგბლოკონ, არ გაგაშავონ. ეს ყველაფერი გამოვიარე. მებრძოლი რომ არ ვყოფილიყავი, დღეს ჩემი რეალობა ასეთი არ იქნებოდა", - ამბობდა თამო ერთ-ერთ ინტერვიუში.
მიუხედავად ამისა, ცოტა ხნის წინ თამო ვაშალომიძემ გაამხილა, რომ ის მეუღლეს დაშორდა. ახლა ის შვილებთან ერთად ცალკე ცხოვრობს და აგრძელებს კარიერულ წინსვლას - მან შექმნა თავის მოვლისა და კოსმეტიკური ხაზები, რომლის პოპულარიზაციისთვისაც ბოლო ორი წლის მანძილზე აქტიურად ესწრება მსოფლიო დონის ღონისძიებებს, მათ შორის, ვენეციისა და კანის კინოფესტივალებს. სულ ცოტა ხნის წინ კი ის პროფესიული განვითარების მიზნით აშშ-ში იმყოფებოდა.