მოდელი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია გვანცა დარასელიას პოდკასტის, „გვანცას პოდკასტი“ სტუმარი იყო, სადაც მეუღლეზე, დავით ანთელიძეზე ისაუბრა. თიკას თქმით, ის მისი ყველაზე დიდი მხარდამჭერია და მუდმივად გვერდით უდგას. წყვილს სამი ვაჟი ანდრო, სანი და იოანე ჰყავს.

- ანდროს შემთხვევაში, მე და ჩემს მეუღლეს დიდი ჭიდაობა გვქონდა. რაღაც საკითხებს სხვადასხვანაირად ვუყურებდით. ყველაზე დიდი აზრთა სხვადასხვაობა სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით გვქონდა, რადგან შენი საქმე შენია, მაგრამ შვილი ისეთი საკითხია, რომლის ყოველი ნაბიჯიც მის მომავალს უკავშირდება. მაგალითად, სწავლასთან დაკავშირებით მე სხვანაირად ვფიქრობდი, ის კი - სხვანაირად. თუმცა, ეს ყველაფერი დიდ სურათზე რომ გადავიტანოთ, მე ჩემი შვილების ემოციური მხარე მაქვს ჩაბარებული, ძალიან კონკრეტულ გადაწყვეტილებებში კი შეიძლება საერთოდ არ ჩავერიო. ჩემს შვილებს ძალიან კარგი მრჩეველი მამა ჰყავთ. მისი რჩევებით მეც ბევრი სიკეთე მიმიღია და ამ საკითხში მას სრულად ვენდობი.
ერთხელ ბავშვს ძაღლმა უკბინა და ამ დროს მე შუა სცენაზე ვიდექი. მოვლენები ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ვითარდებოდა. მეცვა დიდი თეთრი კაბა, 12 იანვარი იყო, თინაობა. სატელევიზიო ეთერი მიმყავდა, როგორც ხდება ხოლმე. საკმაოდ გრძელი ეთერი იყო და, როგორც წესი, როცა მე ვმუშაობ, ჩემი შვილები მეუღლესთან არიან. ვიცოდი, რომ ჩემი შვილი სტუმრად იყო წასული და კულისებიდან ვაკონტროლებდი სიტუაციას. ჩემს ქმარს არ უყვარს, მასზე რაიმეს რომ ვყვები, ფოტოც კი არავისთვის მიჩვენებია, თუმცა ეს ისტორია კარგად აღწერს დათოს, როგორც პიროვნებას და როგორც მხარდამჭერს.
ღონისძიება რომ დასრულდა, კულისებში დათო დამხვდა. გამიკვირდა, აქ რა უნდოდა-მეთქი, საღამო იყო და ათასმა ფიქრმა გამიელვა. მითხრა, ბავშვს ძაღლმა უკბინაო. კიდევ უფრო გამიკვირდა, ბავშვთან რატომ არ იყო. თავზე უკბინაო და ამ ინფორმაციას ისე მაწვდის, თითქოს მარტივი რაღაც ხდებოდეს. ბავშვი საავადმყოფოშია და შენს წასაყვანად მოვედიო. საოპერაციოა და მოვედი, რომ შენგანაც გვქონოდა ნებართვა და გცოდნოდაო. მე ამ თეთრი კაბით ვჯდები მანქანაში, გიჟს ვგავარ და ღამის ორ საათზე პლასტიკურ ქირურგებთან ვრეკავ, რომ უშველონ. ბავშვი კი მანამდე ნათლიასთან დატოვა. რომ მივედი და გადაბინტული შვილი ვნახე, თან ყველა მე მელოდებოდა, საოპერაციოდ რომ შეეყვანათ, ბავშვს ჩავეხუტე და თვითონ მებოდიშებოდა, რომ მანერვიულა.
მერე ექიმებმა დამკითხეს, იყო თუ არა ალერგიული, ალბათ, ამის გამო მელოდებოდნენ, თანაც პირველად უკეთდებოდა ანესთეზია. საკმაოდ ხანგრძლივი ოპერაცია იყო და ბევრი ნაკერის დადება დასჭირდათ. დათოს ადგილას მე რომ ვყოფილიყავი, ალბათ ეთერიდან გამოვიყვანდი და ყველაფერს ავაფეთქებდი: რას ნიშნავს, ჩემს გვერდით არ ხარ ასეთ სიტუაციაში-მეთქი და, ფაქტია, ბავშვს დედა უნდა ჰყავდეს გვერდით. თუმცა, სანამ ეთერი არ დასრულდა, არ გამაგებინა და ამას რამხელა ძალა სჭირდება, ეს ყველაფერი შენს თავზე აიღო, სხვას ხელიც შეუწყო და უსაფრთხოების განცდაც შეუქმნა.
დათო ყველაფერში ჩართულია და რაღაში სჭირდებათ ჩემს შვილებს ჩემი რჩევა, როცა ასეთი მამა ჰყავთ".