ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო და Wimbledon-ის მეორე წრეში გავიდა! საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ინფორმაციით, 28 წლის ბათუმელმა ჩოგბურთელმა რეიტინგში ბევრად წინ მყოფი, მსოფლიოს 94-ე ნომერი ავსტრალიელი მეტოქე დაამარცხა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და კარიერაში პირველად უიმბლდონის ძირითადი ბადის მეორე წრეში გავიდა.
მარიამ ბოლქვაძე ამჟამად ლონდონში ვარჯიშობს. ის მომდევნო მატჩს უკვე 2 ივლისს ჩაატარებს. მისი მეტოქე ამერიკელი ეშლინ კრიუგერი იქნება.

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ბათუმში დაიბადა. სპორტული კარიერის განვითარების მიზნით, ის 13 წლის ასაკში დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც თავიდან ნათლიასთან ცხოვრობდა, ხოლო ორი წლის შემდეგ მასპინძელ ოჯახში გადაინაცვლა. მისი ბავშვობის საყვარელი მოთამაშე მარია შარაპოვა იყო. თავად მარიამი დღეს თავისუფლად ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

ბოლქვაძემ ჩოგბურთის თამაში 9 წლის ასაკში დაიწყო და თინეიჯერობის პერიოდის დიდი ნაწილი ლონდონში, მწვრთნელ ოტო ბუხჰოლდტთან ვარჯიშს დაუთმო. საიუნიორო ასაკში მარიამი იშვიათად ასპარეზობდა ITF Circuit-ის ტურნირებზე და ძირითად კონცენტრაციას LTA-ის შიდა ჩემპიონატებსა და Tennis Europe-ის კონტინენტურ ტურნირებზე ახდენდა. მისი პირველი მნიშვნელოვანი წარმატება 2013 წელს ლონდონში გამართულ Aegon Junior International-ზე დაფიქსირდა, სადაც ფინალში ჯოდი ბერეიჯი დაამარცხა. იმავე წელს, მოსკოვში გამართულ ევროპის საიუნიორო ჩემპიონატზე, იგი ფანი შტოლართან დამარცხდა. 2013 წლის აპრილში, ნოტინგემის G4 ტურნირზე, ბოლქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და ITF-ის საიუნიორო ტურზე თავის ერთადერთ ფინალს მიაღწია, სადაც ფრეია კრისტისთან დათმო შეხვედრა. უკვე 2016 წელს, უიმბლდონის გოგონათა წყვილების ტურნირზე, მარიამმა ამერიკელ ქეითი მაკნალისთან ერთად დიდ წარმატებას მიაღწია და ფინალში გავიდა, თუმცა გადამწყვეტ მატჩში უსუე მაიტანე არკონადასა და კლერ ლიუს დუეტთან დამარცხდა.
"პირველად ჩოგბურთის შესახებ 8 წლის ასაკში გავიგე, ჩემი ახლობელი თამაშობდა ლონდონში და მე ბურთებს ვუგროვებდი, შემდეგ ბათუმში ჩამოსვლისთანავე დედამ გიორგი დიკტობულოსთან შემიყვანა", - ამბობდა მარიამი.

მარიამის პროფესიონალური დებიუტი დიდი სლემის ტურნირზე 2019 წელს შედგა. მსოფლიო რეიტინგის 202-ე ნომრის სტატუსით, ბოლქვაძე აშშ-ის ღია პირველობის (US Open) საკვალიფიკაციო ბადეში ჩაერთო და ნამდვილი ფურორი მოახდინა. მან პირველ წრეში ორ სეტში დაამარცხა მერვე ნომრად განთესილი ჰეზერ უოტსონი, მეორე რაუნდში დრამატულ ბრძოლაში სძლია ჰან ნა-ლეს, ხოლო გადამწყვეტ მატჩში სუ შილინი დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან კარიერაში პირველად მოიპოვა დიდი სლემის ძირითადი ბადის საგზური და გახდა მეოთხე ქართველი ჩოგბურთელი ქალი, ვინც ამ სიმაღლის ტურნირზე კვალიფიკაცია გაიარა. ტურნირის პირველ წრეში მარიამმა ბერნარდა პერა დაამარცხა, რის შემდეგაც მსოფლიოს მესამე ჩოგანთან, კაროლინა პლიშკოვასთან დათმო შეხვედრა. ამ ბრწყინვალე სერიის წყალობით, მან რეიტინგში საკუთარ რეკორდულ, 152-ე პოზიციას მიაღწია.
2024 წლის სეზონი მარიამისთვის WTA 125-ის სერიის ტურნირებზე სტაბილური ასპარეზობით აღინიშნა, სადაც მან ორჯერ მიაღწია მეოთხედფინალს. ივლისში, Polish Open-ზე, ბოლქვაძემ ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა ტურნირის პირველ ნომერ რებეკა შრამკოვასა და გინა ფაისტელზე, თუმცა საუკეთესო რვიანში მაია ჯოინტთან დამარცხდა. მომდევნო თვეში ქართველმა ჩოგბურთელმა კოლუმბიაში, Barranquilla Open-ზე გაამეორა ეს წარმატება. მან მარია ტიმოფეევასა და მერვე ნომრად განთესილ ელზა ჟაკმოს ძლევის შემდეგ კვლავ მეოთხედფინალს მიაღწია, სადაც ტურნირის მომავალ ჩემპიონთან, ნადია პოდოროსკასთან დათმო შეხვედრა.

"ზოგადად საქართველოში ვფიქრობ რომ რთულია ნებისმიერ საქმეში კარგი პროფესიონალი რომ იყო რადგან ყველგან თავისებური სირთულეებია. მაგალითად პატარა ასაკიდან ლონდონში მომიწია წასვლა და იქ მარტო ცხოვრება, დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო მშობლების და მეგობრების გარეშე ცხოვრება 14-15 წლის ასაკში, მაგრამ დედაჩემი გვერდში დამიდგა, ფსიქოლოგებიც დამახმარა და მარტივად გამოვძვერით. ზოგადად ბევრის დათმობა გიწევს, როცა ჩემი მეგობრები გადიოდნენ გასართობად ხანდახან რა თქმა უნდა მეც ვუერთდებოდი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მიწევდა ან სახლში ადრე დაძინება ან საერთოდ არ ვიყავი ხოლმე ქვეყანაში, მაგრამ ამას ნეგატიურად არ ვუყურებ. ასევე იყო პერიოდი როცა ამერიკის უნივერსიტეტები მთავაზობდნენ იქ წასვლას სასწავლებლად სრული დაფინანსებით, ესეც ფსიქოლოგიურად რთული გადაწყვეტილება იყო, ყველას ჩემს ირგვლივ ჩემი იქ წასვლა უნდოდა, მაგრამ ჩემი მწვრთნელის დახმარებით გადავდგი ის ნაბიჯი რომ უარი მეთქვა და ძალიან კმაყოფილი ვარ დღემდე ამ გადაწყვეტილებით", - ამბობდა მარიამი.