მსახიობი რუსკა მაყაშვილი სოფო ჯაფარიძის პოდკასტის, "მედგიდის“ სტუმარი იყო, სადაც მაყურებელს საკუთარი თავის მოვლის რუტინა გაუზიარა.
რუსკა მაყაშვილის ინტერვიუ
რუსკამ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მიუხედავად თავის მოვლის სიყვარულისა, გადაჭარბებული კოსმეტიკური პროცედურებისა და მრავალსაფეხურიანი რუტინების მომხრე არ არის. მსახიობის აზრით, კანის მოვლაში ზომიერებაა მთავარი.
"მგონია, რომ ამ უამრავი კრემის, ტონერისა და კიდევ ათასი რაღაცის წასმას აზრი არ აქვს.
ჩემს გარეგნობაზე რომ გითხრათ, მოგატყუებთ, თითქოს არ მაღელვებდეს; პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარეგნულადაც ისე გამოიყურებოდე, როგორც შინაგანად გრძნობ თავს. ბუნებრივია, არავის მოსწონს ნაოჭები, გამონაყარი თუ კანის ჩაღრმავებები.
საკუთარ თავს საკმარისად ვუვლი. მიუხედავად იმისა, რომ ახლა სხვა გადაცემებიდან გადაღლილი მოვდივარ და ამდენი მაკიაჟისგან კანი მიშრება, მაინც ვცდილობ, ყურადღება არ მოვაკლო. 35 წლიდან განსაკუთრებით აქტიურად ვუვლი სახის კანს, თუმცა არის პერიოდები, როცა გარკვეული პრობლემები მაინც იჩენს თავს და ეს ჩემი ბრალია..." - ამბობს რუსკა მაყაშვილი.

რუსკამ გადაცემის ფარგლებში გაიხსენა, როგორ მიიყვანა საკუთარი თავი ჯანმრთელობის პრობლემამდე:
"მართლაც სიგიჟე ჩავიდინე და საერთოდ როგორ არ დავბრმავდი, არ ვიცი. სახეზე პატარა კომედონი მქონდა. მაშინ 15 წლის ვიყავი და გადაჭრით გამოვაცხადე, ასეთ მდგომარეობაში ზღვაზე ვერ წავალ-მეთქი.
სინამდვილეში,თითქმის არც ჩანდა, მაგრამ ნემსით იმდენად ღრმად შევეხე, რომ ინფექცია მთელ სახეზე გავრცელდა. მდგომარეობა ისე გამირთულდა, რომ თვალები და მთელი სახე დამისივდა. საბედნიეროდ, გონიოში, იმ სახლში, სადაც ვისვენებდით, ერთი ექიმი-ქირურგი აღმოჩნდა და პირდაპირ იქვე, სახლის პირობებში დამეხმარა," - ამბობს რუსკა.