მომღერალი სოფო ბათილაშვილი გადაცემა "შენი ამბავი თაიასთან" სტუმარი იყო. სოფომ გადაცემის ფარგლებში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის, ბავშვობაზე, პოპულარულ პროექტებსა და დღევანდელობაზე:
- ბავშვობიდან ყველაზე ტკბილ მოგონებად ის პერიოდი მახსენდება, როცა დედა ფორტეპიანოზე უკრავდა, მე კი ვმღეროდი. ცოტა ხნის წინ ძველ ვიდეოებს გადავხედე: სამი წლის ვარ, დედა უკრავს, მე ვმღერი... ამ კადრებმა, საერთოდ ბავშვობამ და იმ დროინდელმა განცდებმა, ბევრი მნიშვნელოვანი რამ შემახსენა. ახლა მაქვს შეგრძნება, რომ ამდენი წლის შემდეგ პირველად ვარ იმ პატარა გოგოსთან ასე ახლოს. ის ემოციები გამახსენდა და პარალელი რომ გავავლო, იმასთან, თუ ახლა როგორ აღვიქვამ მოვლენებს, ძალიან ჰგავს იმას, თუ როგორ უყურებდა ეს პატარა ბავშვი გარე სამყაროს.
- თავიდან ბოლომდე არცერთი ქართული სიმღერა, არც ტექსტი და არც მელოდია არ ვიცოდი. ხოდა, ზუსტად ახლა ვერ ვიხსენებ, რამ მიმიყვანა იქამდე. ალბათ, უფრო ინტერესი იყო; საერთოდ, ძალიან მაინტერესებს ხოლმე საკუთარ თავში ისეთი რაღაცების აღმოჩენა, რაშიც ან საკმარისი ცოდნა არ მაქვს, ან გამოცდილება არ მქონია. როცა ასეთ გამოწვევებს ეჭიდები, შენც იზრდები და ეს საინტერესო პროცესია.
სწორედ ასე შევხედე ამ ყველაფერს. თანაც გავიგე, რომ ცოცხალი ბენდი იქნებოდა, რაც იმ პერიოდში, მგონი, იშვიათობა იყო, უფრო ფონოგრამაზე მღეროდნენ ხოლმე. რაკი ვიცოდი, რომ ბენდი იქნებოდა და ცოცხალი პროცესი მელოდა, ეს თითქოს ჩემს ცხოვრებაში მუსიკასთან ურთიერთობის დაბრუნებას ნიშნავდა. ეს იდეა ძალიან მახარებდა და მომწონდა.
მოკლედ, მივედი პრეკასტინგზე. დედაჩემსაც გამოვუცხადე - მახსოვს, ვუთხარი, რომ მონაწილეობა უნდა მიმეღო და მხოლოდ ქართული სიმღერები იქნებოდა-მეთქი. დედაჩემს კი ეგონა, რომ ვხუმრობდი.
ახლა, როდესაც ძველ ჩანაწერებს ვუყურებ, ხშირად ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს ბევრად უკეთესად და სხვანაირად გავაკეთებდი. თუმცა, იმ მოცემულობაში, როცა კონკურსში ხარ და ძალიან ცოტა დრო გაქვს, რთულია, რომ საერთოდ ჩაწვდე სიმღერის შინაარსს, გაერკვიო ტექსტში, მელოდიაში და მიხვდე, ვინ ხარ შენ ამ სიმღერაში...

პირველად სწორედ მაშინ, მესამე ტურის გადალახვის შემდეგ ვიგრძენი, რა ხდებოდა ჩემ გარშემო. აღმოჩნდა, რომ ტელევიზიის კაფეტერიაშიც ჩემს სიმღერას უსმენდნენ, ტაქსიში რომ ჩავჯექი - მძღოლსაც ეს სიმღერა ჰქონდა ჩართული, სხვაგან სადღაც შევედი და იქაც იგივე მუსიკა ისმოდა. მოგვიანებით სიმღერა ბავშვებმაც აიტაცეს, მაგრამ თავიდან სწორედ ეს შთაბეჭდილება დამამახსოვრდა: მივხვდი, რომ რაღაც ისეთი ხდებოდა, რაც ჩემს კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. ეს შეგრძნება ძალიან მოულოდნელი იყო - ნამდვილად არ ველოდებოდი.
ზუსტად ასე მოხდა: მივედი პროექტში, ვიმღერე ჩვეულებრივი სიმღერა, სახლში დავბრუნდი, დავიძინე და რომ გავიღვიძე, უკვე ძალიან ცნობილი ვიყავი. იმ მომენტში საოცრად დაბნეული ვიყავი. რომ გითხრათ, ეს ყველაფერი ძალიან მომეწონა-მეთქი, მოგატყუებთ - უფრო მეტად გაურკვევლობის განცდა მქონდა.
- ამ ეტაპზე ჩემი მუსიკალური ცხოვრება მხოლოდ საკუთარ ოთახში სიმღერით, წერითა და მეცადინეობით შემოიფარგლება, რადგან ახლა მთელი ყურადღებით პროტესტზე ვარ გადართული.