"ბევრ რამეს, რაც მითქვამს, მიხუმრია თუ მიფიქრია, შეუძლია ტრავმა მიაყენოს შვილს" - ნინო კასრაძის დამოკიდებულება ოჯახზე - Marao

"ბევრ რამეს, რაც მითქვამს, მიხუმრია თუ მიფიქრია, შეუძლია ტრავმა მიაყენოს შვილს" - ნინო კასრაძის დამოკიდებულება ოჯახზე

2026-07-06 12:39:22+04:00

მსახიობი ნინო კასრაძე ელენე სვანიძის საავტორო პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე - მატერიალურ კეთილდღეობაზე, ოჯახურ პასუხისმგებლობებსა და შვილებთან ურთიერთობაზე გულახდილად ისაუბრა.

nino kasradze

  • თაობის TOP 5 გამორჩეული ქართველი ქალი - ქარიზმა, რომელიც სცენას იპყრობს 

ნინო კასრაძე მატერიალურ კეთილდღეობასა და ოჯახზე

- ვფიქრობ, წარმატებასა და ფინანსურ კეთილდღეობას შორის არის კავშირი. მე ჩემი პროფესიიდან ამოვდივარ: იმისთვის, რომ თეატრი და კინო არსებობდეს, ფულიც უნდა იყოს, მხოლოდ არამატერიალისტური მიდგომით ამას ვერ დაძრავ. თავი რომ არ მოვიტყუოთ და ვარდისფერი სათვალით არ ვუყუროთ სამყაროს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ არა უმთავრესი, იმიტომ რომ ვხედავთ - ბევრი ფული არ არის სიმშვიდის, ბედნიერებისა და ჰარმონიის საწინდარი.

ვთვლი, რომ ამ ეტაპზე მთავარია, ჩვენი შვილები სწორ გზაზე იდგნენ, ჩვენი მშობლებიც სწორად აგრძელებდნენ გზას და მათ ღირსეული სიბერე შევუქმნათ. აი, ეს ორი ასპექტი თუ მოწესრიგებულია ოჯახში, მერე უკვე შეგიძლია ფიქრი კარიერაზე, ცხოვრებაზე, გარშემო სამყაროსა და სხვა დანარჩენზე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ იქნება ყველაფერი ოჯახის შიგნით. ოჯახი არის მთავარი კვანძი, სადაც ყველაფერი იკვრება. სხვათა შორის, ყველა ბერძნული ტრაგედიის სიუჟეტი ოჯახში ვითარდება: რა ხდება ოჯახში, დედ-მამის, დედა-შვილის, ქალ-ვაჟის, მამისა და ქალიშვილის ურთიერთობა - ეს არის მთავარი, რადგან ოჯახი პირველი რგოლია. შემიმჩნევია, რომ თუ ოჯახში ჰარმონია არ არის, ეს დიდი ტრავმებისა და გაუკუღმართების საწინდარი ხდება. ასეთი ადამიანები, თუ პოსტებს იკავებენ და ავანგარდში არიან, საზოგადოებაში ძალიან ბევრ ნეგატივს ასხივებენ. შენი ოჯახის მართვა თუ არ შეგიძლია, ქვეყანას როგორ მართავ?

  • "ხშირად ვჩხუბობდით და მეტყოდა ხოლმე - "ახლა დაგტოვებ და წავალ" - ტყუპების, ნინო და მაკა კასრაძეების ამბავი 

მე და ჩემს შვილებს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ეს დიდი სიმდიდრეა. თუმცა შემიმჩნევია, რომ ბევრ რამეს, რაც მითქვამს, მიხუმრია თუ მიფიქრია, შეუძლია ტრავმა მიაყენოს შვილს. არ მეგონა, თუ ტრავმის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო, მაგალითად, სხვადასხვა წრეზე ბავშვის ტარება. არ მეგონა, რომ პატარა შექება ან წონაზე საუბარიც კი ტრავმის გამომწვევი იქნებოდა. მე ეს არ ვიცოდი, ეს ახალმა ცხოვრებამ მოიტანა - ჩვენს დროში ასე არ იყო. ვფიქრობ, ახალი თაობა იმით არის ავანგარდში და ჩვენზე წინ, რომ აცნობიერებს, რომ ეს შეიძლება მშობლისგან მიღებული ტრავმა იყოს. თუმცა ისიც უნდა შეეძლოს, რომ ეს ტრავმა გადაამუშაოს, გამოცდილებად აქციოს და ცხოვრება გააგრძელოს. თუ ამას არ იზამს, ეს ნიშნავს, რომ ჭრილობა მუდმივად სისხლმდინარეა და არ ხორცდება. თუ ვერ აპატიებ, ამ ფურცელს ვერ გადაფურცლავ და წინ ვერ ივლი. პრაგმატულია აპატიო, გაიგო, რა ხდება და გადაამუშაო, თან დღეს ამის ძალიან ბევრი საშუალება არსებობს. შეუძლია, რომ ეს ტრავმად არ დაიტოვოს, მაშინ როცა ჩვენმა თაობამ საერთოდ არ იცოდა, რომ ამას ტრავმა ერქვა.

მშობლები ისე ვართ მოცულები სურვილით, რომ ბავშვები სიყვარულსა და ზრუნვაში ჩავალბოთ და გარშემო შემოვეკრათ, რომ ზოგჯერ არ ვუტოვებთ საშუალებას, აღიქვან: ჩვენც პიროვნებები და ადამიანები ვართ. ზოგჯერ „არასაც“ არ ვამბობთ, როცა რაღაც არ შეგვიძლია. ეს არის მცდელობა, შვილს აჩვენო, რომ ყველაფერი შეგიძლია და ყოვლისშემძლე ხარ. მე ამას ჩემს თავსაც ვამჩნევ - პირველად ხარ მშობელი და გინდა, ამ მშობლობაში ასი პროცენტით დაიხარჯო.