ნიუ-იორკის სამოდელო შეხვედრებს, რომში გადაღებებს, პარიზში ოჯახთან ერთად გატარებულ დროსა და რიო-დე-ჟანეიროში დასვენებას შორის, დევა კასელის ცხოვრების ტემპისთვის თვალის დევნება თავისთავად დიდი თავგადასავალია. სულ რაღაც 19 წლის ასაკში, ფრანგულ-იტალიურმა ვარსკვლავმა უკვე შეძლო იმის ასრულება, რაზეც ბევრი მხოლოდ ოცნებობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლები ევროპული კინოს ლეგენდარული ხატები - მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი არიან, დევამ მოდისა და კინოს სამყაროში საკუთარი, სრულიად უნიკალური გზა გაიკაფა.
ხუთ ენაზე მოლაპარაკე თინეიჯერმა, რომლის თვალისმომჭრელი ნაკვთები XIX საუკუნის პრერაფაელიტების შედევრებს მოგვაგონებს, მოდის ინდუსტრია ელვისებურად დაიპყრო. შესაძლოა, მან Dolce & Gabbana-ს ყურადღება თავდაპირველად დედის კავშირების წყალობით მიიპყრო - ბელუჩი დიდი ხანია იტალიური მოდის სახლის მუზაა - თუმცა დევას მომაჯადოებელი შარმი პოდიუმზე მთლიანად მისი პირადი დამსახურებაა. 2020 წელს, Dolce & Gabbana-ს სუნამოს, Shine-ის კამპანიაში გამოჩენიდან მალევე, მისი დებიუტი ბრენდის Alta Moda-ს ჩვენებაზე შედგა. მას შემდეგ მან უამრავჯერ გაიარა Dolce-ს პოდიუმზე და ითანამშრომლა ისეთ წამყვან ბრენდებთან, როგორებიცაა Coperni, Jacquemus, Courrèges და Alberta Ferretti.

დევა კასელის კარიერაში მორიგი მოდური ტრიუმფი შედგა - იგი ოფიციალურად დასახელდა მოდის სახლ Dior-ის საერთაშორისო ელჩად, როგორც მოდის, ისე სილამაზის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ მას ბრენდის ჩვენებაზე ჯერ არ გაუვლია, იგი Dior-ის მაღალი მოდისა (Haute Couture) და Ready-to-Wear ჩვენებების წინა რიგების (Front Row) მუდმივი და გამორჩეული სტუმარი გახდა. სწორედ აქ, Dior-ის ჩვენებაზე გამოჩნდა იგი თავის ბოიფრენდთან, ახალგაზრდა იტალიელ მსახიობ საულ ნანისთან ერთად პირველად, რომელთანაც ურთიერთობაც ინსტაგრამით გაასაჯაროვა.
პოდიუმების პარალელურად, დევა აქტიურად იპყრობს კინემატოგრაფსაც. მის სამსახიობო დებიუტს ლაურა ლუკეტის დამოუკიდებელ ფილმში „ლამაზი ზაფხული“ (The Beautiful Summer), სადაც მან 1930-იანი წლების მოდელის, ამელიას როლი შეასრულა, მალევე მოჰყვა კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი. მან ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა Netflix-ის ისტორიულ სერიალში „ლეოპარდი“ (The Leopard), რომელიც ჯუზეპე ტომაზი დი ლამპედუზას კლასიკურ რომანსა და ლუკინო ვისკონტის საკულტო ფილმს ეფუძნება და რომლის ვიზუალურმა მხარემაც მაყურებელი აღაფრთოვანა.
GEN V: ბავშვობიდანვე ყოველთვის გეგმავდი სამსახიობო კარიერის შექმნას?
დევა კასელი: არა, სიმართლე გითხრათ, ბავშვობის უდიდეს ნაწილში მსახიობობა საერთოდ არ მინდოდა. ეს იყო კითხვა, რომელსაც პატარაობაში ყველა მისვამდა, რამაც, ფაქტობრივად, უარი მათქმევინა ამ პროფესიაზე. თუმცა, დროთა განმავლობაში, სულ უფრო მეტად დავინტერესდი კინოინდუსტრიით, ხალხითა და იმ გამოცდილებით, რაც მას მოაქვს. თამაშის დაწყება კი საბოლოოდ იმ სცენარმა გადამაწყვეტინა, რომელიც ლაურა ლუკეტიმ დაწერა და გამომიგზავნა. ეს ჩემთვის შესანიშნავი შანსი იყო, მეცადა რაღაც სრულიად ახალი და გამოვსულიყავი კომფორტის ზონიდან.

GEN V: ბავშვობიდან რა არის შენი ყველაზე ადრეული მოგონება, რამაც მოდის სფეროსკენ გიბიძგა?
დევა კასელი: სამოსის, ესთეტიკისა და ფოტოგრაფიის მიმართ ინტერესი ყოველთვის მქონდა... მახსოვს, როგორ ვათვალიერებდი დედაჩემის მოდის უზარმაზარ წიგნებს, რომლებიც სახლში, რაც თავი მახსოვს, ყოველთვის იდო. იქ ყველაფერი ისეთი მოვლილი და ლამაზი იყო. ვიცოდი, რომ ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე ამ ინდუსტრიაში მუშაობა მომინდებოდა, მაგრამ ნამდვილად არ ველოდი, თუ ასე ძალიან შემიყვარდებოდა და ჩემს ძირითად საქმიანობად იქცეოდა.
GEN V: მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე წარმატებული პროექტი გაქვს ზურგსუკან, კარიერის საწყის ეტაპზე ხარ. რისი მიღწევაა შენი უდიდესი ოცნება?
დევა კასელი: ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა, რომელიმე ბრენდთან ერთად საკუთარი კაფსულა-კოლექცია შევქმნა, 30 წლის ასაკისთვის კი - მთელი მსოფლიო მქონდეს შემოვლილი. ბოლო ინტერვიუების მიხედვით, ჩემს პრიორიტეტად მაინც მოდის ინდუსტრია რჩება, თუმცა კინომაც ძალიან მიმიზიდა.
GEN V: როლზე მუშაობისთვის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობასა თუ მოდის კამპანიებისთვის მზადებას შორის, როგორ გამოიყურება შენი იდეალური დღე?
დევა კასელი: გაღვიძებისთანავე, მზის გულზე ყავას ვსვამ, შემდეგ ფეხით დიდხანს ვსეირნობ რომელიმე ახალ რესტორნამდე, მივირთმევ რამე გემრიელს, მერე კი უბრალოდ სახლში ვბრუნდები და ვისვენებ. შეიძლება მეგობრებიც ვნახო.
GEN V: გვითხარი რამე, რაც შენს შესახებ არავინ იცის.
დევა კასელი: ბავშვობაში 100%-ით დარწმუნებული ვიყავი, რომ ოკეანესთან კომუნიკაცია შემეძლო.

GEN V: რა პროფესიული თუ ცხოვრებისეული გაკვეთილები ისწავლე მშობლებისგან?
დევა კასელი: მათ მასწავლეს, რომ ყოველთვის წინ ვიყურო, ყოველთვის დავიცვა საკუთარი თავი, ვიყო კეთილი და არასოდეს დავკარგო გაოცებისა და აღფრთოვანების უნარი. კიდევ ბევრი რამ არის, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მათ მასწავლეს, როგორ გავუმკლავდე მოულოდნელ სიტუაციებს და ვიცხოვრო საკუთარი წესებით ისე, რომ ყოველთვის ვცე პატივი ადამიანებსა და იმ გარემოს, სადაც ვიმყოფები.
მიუხედავად იმისა, თუ რაზე გააკეთებს დევა კასელი საბოლოო აქცენტს - კინოზე თუ მაღალ მოდაზე - ერთი რამ სრულიად ცხადია: მისი მომავალი უდავოდ ნათელი, გრანდიოზული და შთამბეჭდავია. მოდით, გულახდილები ვიყოთ: არსებობს ვინმე იმაზე ძლიერი, ვიდრე მიზანდასახული თინეიჯერი გოგონა დიდი ოცნებებით?