"ახლა რთულ პერიოდში ვარ - გოგოობიდან - ქალობის პერიოდში" - ნანა ჩარკვიანი მამაზე, დამოუკიდებლობასა და ოჯახზე - Marao

"ახლა რთულ პერიოდში ვარ - გოგოობიდან - ქალობის პერიოდში" - ნანა ჩარკვიანი მამაზე, დამოუკიდებლობასა და ოჯახზე

2026-07-12 20:26:01+04:00

გელა ჩარკვიანის შვილიშვილი, ირაკლი ჩარკვიანის ქალიშვილი - ნანა ჩარკვიანი ბავშვობიდან დიდი ინტერესითა და სიყვარულით სარგებლობდა. "მეფის ქალიშვილი" - ასე მოიხსენიებდნენ ხოლმე პატარა ნანას, როცა ის ბაბუის გვერდით ჩნდებოდა.

  • როგორი იყო მისთვის ბაბუა, რა ახსოვს მამაზე და რას საქმიანობს ახლა - ნანა ჩარკვიანის პორტრეტი

ნანა მრავალმხრივი ადამიანია. აქვს ბევრი ინტერესის სფერო და არ ეშინია, საკუთარი ძალები განსხვავებული მიმართულებით მოსინჯოს. ცხოვრების ამ ეტაპზე ის სტარტაპერია -მან შექმნა ბრენდი WYNFlair, რომელიც საქართველოსა და მის რეგიონში მცხოვრები შშმ ადამიანებისთვის მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე მორგებულ ტანისამოსს ქმნის. სტარტაპის მიზანს შშმ პირების აქტიურ ცხოვრებაში ჩართვა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. გარდა ამისა, ნანა კომედიურ-თერაპიული შოუ 'შფოთკასტის" წამყვანია ანასტასია ბენდუქიძესთან ერთად. 

  • "სულ მქონდა განცდა, რომ ასეთი ბედნიერება დროებითი იყო" - ქეთათო ჩარკვიანის ინტერვიუ

ხშირად ამბობენ, რომ ნანა სწორედ ისეთ პიროვნებად ჩამოყალიბდა, როგორსაც მისი ოჯახი ისურვებდა - განსაკუთრებით კი მისი ბაბუა, გელა ჩარკვიანი. გელამ, რომელმაც ახალგაზრდა შვილი დაკარგა, მთელი ძალისხმევა შვილიშვილში ჩადო - მას ასწავლიდა ყველაფერს, რაც იცოდა, მას უზიარებდა ცხოვრების გამოცდილებას, მასთან ერთად დადიოდა კინოში, თეატრში, სასეირნოდ და, მართლაც, ნანას ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი თანამგზავრი ბაბუა იყო. 

NANA-CHARKVIANI

ნანა ჩარკვიანის ინტერვიუ

განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ნანა ჩარკვიანის მოკლე ინტერვიუმ, რომელიც ჟურნალისტმა ნათია გვაზავამ ჩაწერა. ვიდეო natiatalks-ის გვერდზე გამოქვეყნდა: 

- მამაშენი სიმღერებს რომ უსმენ, რაიმე კავშირი გაქვს თუ იმდენი დროა გასული, რომ  ვეღარაფერს გრძნობ?

- ყოველთვის ემოციების ორომტრიალია - ზოგი სიმღერა მკლავს, ხალხშიც რომ მესმის, ცუდად მხდის ფიზიკურად. არის სიმღერები, რომლების გარეშეც სიცოცხლე არ შემიძლია, შთაგონების წყაროა ჩემთვის და ეს არის გზა, რომ ვიყოთ მამა-შვილი.

- გოგოები ცხოვრებაში მაინც მამისნაირ ბიჭებს ირჩევენ - შენ ეს გამოგყვა?

- თუ დაინახავთ სადმე ერთ ირაკლი ჩარკვიანს, გამოუშვით ჩემკენ, მაგრამ არ მგონია. მომწონს ბიჭები, რომლებიც უპრეტენზიოები არიან საკუთარ თავთან - რაც არიან - ის არიან. ნიჭიერ ადამიანთან ცხოვრება ძალიან კარგიც არის, მაგრამ - ძალიან რთულიც. ახლა რთულ პერიოდში ვარ - გოგოობიდან - ქალობის პერიოდში. ბოლო 4 წელია, სრულიად დამოუკიდებელი ვარ ფინანსურადაც და მენტალურადაც. ბრძოლაში ვარ - რამდენად ღირს, რომ მხოლოდ შენი თავი იყოს შენი მეგობარი და ხანდახან სურვილი მაქვს, ჩემი გულის ნადები სხვას გავუზიარო. 

2 წლის ვიყავი, როცა მამაჩემი გარდაიცვალა, მაგრამ მაინც მამაჩემის შვილი ვარ და მაინც მან გამზარდა, იმიტომ, რომ არ დამტოვა არასდროს მარტო - სახლში იქნება ეს, ქუჩაში თუ ხალხში, ყოველთვის არსებობს და ახლოს არის ჩემთან. 

NANA-CHARKVIANI

- არსებობს წნეხი, რომ ატარო მისი სახელი და იყო მასავით ორიგინალური?

- არა, განაჩენი არ არის, რომ იყო ორიგინალური. ბავშვობაში ამაზე მიფიქრია, რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანი როცა იზრდები და საკუთარ თავს იცნობ, ხვდები, რისი გაკეთება მოგწონს, რა გართობს, რა არის მართლა შენი და რა - სხვისი ანარეკლი.