წარმატებული ქართველი პარა ტაეკვონდოისტი, ლიკუნა ჩაჩიბაია, ერთ-ერთია იმ ადამიანთაგან, რომლებმაც საკუთარი ნებისყოფითა და სიცოცხლის უსაზღვრო სიყვარულით შეუძლებელი შეძლო. 2012 წელს მის ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დადგა, როდესაც ის მაღალსართულიანი კორპუსის სახურავიდან ჩამოვარდა. ამ ტრაგედიამ მას ხელი დააკარგვინა, თუმცა ვერ წაართვა მთავარი - ბრძოლისუნარიანობა. გვანცა დარასელიას გადაცემაში, „გვანცას პოდკასტი“, ლიკუნამ ღიად და ემოციურად ისაუბრა იმ დღეებზე, მეგობრების იმედგაცრუებასა და იმ ძალაზე, რომელიც მას წარმატებაში ეხმარება.

- ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიცოცხლე. რომ თენდება და მზის ამოსვლას ხედავ, მგონია, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. მე რომ გადმოვარდი და ვხედავდი ყველაფერს... ფილმებშიც ყველაფერი სწორად არის ნაჩვენები - ზემოდან რომ უყურებს ადამიანი თავის თავს და ხედავს, რაც ხდება. ზუსტად ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც. ვგრძნობდი, მესმოდა, თუ რა რთულ მდგომარეობაში ვიყავი, და უფალთან მქონდა ერთადერთი სათხოვარი, რომ გადავერჩინე და ყველაფერს ისე გავაკეთებდი, როგორც მას სურდა. მე არ მაქვს უფლება, რომ უფალი გავანაწყენო და ჩემი ცხოვრება დრამასა და ტირილში გავატარო. ყველაფერი დეტალურად მახსოვს, რაც საავადმყოფოში ხდებოდა. მაგრამ იმ მომენტში მე საკუთარი დედა ვერ ვიცანი, რომელმაც გამაჩინა. ახლა ვფიქრობ, რა რთულ მდგომარეობაში ვიყავი და როგორი შოკი მქონდა მიღებული, რომ გამზრდელ, გამჩენ დედას ვერ ვცნობდი. მე არანაირი უფლება არ მაქვს, რომ დავჯდე სახლში, არაფერი ვაკეთო და ვიტირო.
დედაჩემმა მითხრა: „ცხოვრებაში არასდროს მიფიქრია, რამემ თუ შეიძლება დამაგდოს და რას შეიძლება ვერ გავუძლო, მაგრამ ეს იყო ის მომენტი“. გარშემო ვერავის ცნობდა, ეს იყო მისთვის შოკი. დედაჩემმა გამიმხილა: „მეკითხებიან, როგორ გაზარდე ფსიქოლოგიურად ასეთი ძლიერიო“. დედაჩემის პასუხია: „თავისით გაიზარდა“. ადამიანებს ჰგონიათ, რომ დიდი ძალისხმევა დევს ამაში, თუნდაც ფსიქოლოგის ჩარევა, მაგრამ არა, მარტო უფლისა და სიცოცხლის სიყვარული დევს ამ ყველაფერში.
„გადმოვარდა თუ გადმოხტა?“ - ამას დღემდე კითხულობენ. ხშირად ამას იმით ვამართლებ, რომ ალბათ ტიკ-ტოკზე ახალია და არ იცის, მაგრამ მეც ვიღლები ყოველთვის ერთი და იმავეს ახსნით. ვღიზიანდები, როდესაც ვინმე ყალბი ექაუნთით, რომელზეც საერთოდ მისი ფოტოც კი არ დევს, დამიწერს: „გადმოვარდი თუ გადმოხტი?“. რომ გადმომხტარიყავი, რა? პირობითად გადმოვხტი, მერე რა ხდება? ზოგჯერ მაიძულებენ, რომ დრამა დავდგა და მიბიძგებენ, რომ ამ ყველაფერზე ადამიანებმა იტირონ. არ მაქვს სატირალი ისტორია. ერთადერთი იყო, როდესაც იმ ადგილას მივედი და ეგ ვიდეო ძალიან გავარდა. ეს ჩემი ოცნება იყო, რომ მივსულიყავი იმ ადგილას ამდენი წლის შემდეგ, რადგან ხშირად მესიზმრებოდა ის ადგილი. სიზმარში ყოველთვის შავი ბურუსით იყო მოცული. როდესაც მივედი, ხე დამხვდა და ისეთი ფერადი გარემო იყო, რომ ვიფიქრე, აქამდე რატომ არ მივედი-მეთქი. მანამდე ვიძაბებოდი, რომ იმ ადგილას შიშებს არ შემოეტია ან ცუდად არ ემოქმედა ჩემზე, რადგან კარგად ვიყავი. როდესაც მივედი და ყველაფერი კარგად დამხვდა - ის ადამიანებიც, რომლებიც იმ კორპუსში ცხოვრობდნენ - პირიქით, უფრო დადებითი ემოციით ავივსე.
ეს არ იყო ჩემი საცხოვრებელი ადგილი - თბილისში ვცხოვრობდი და რუსთავში დავდიოდი, რადგან იქ მყავდა მეგობრები. ჩემი მეგობრებიდან ადგილზე არავინ ყოფილა, რომ ენახა ეს პროცესი, თუმცა თემა ადამიანებმა იცოდნენ, მაგრამ არაფერი თქვეს და სასამართლოზე არ გამოცხადდნენ. მე ამ ადამიანებთან ურთიერთობა არ გამიგრძელებია, მაგრამ ვფიქრობ, ალბათ ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩემი მშობლები ამას ცუდი კუთხით წაიყვანდნენ, დაიწყებდნენ დამნაშავის ძიებას, ხოლო მე, რომელმაც ხელი დავკარგე, გავბოროტდებოდი და ვიტყოდი, რომ ვინმემ გადმომაგდო-მეთქი. სხვა გამართლება არ მაქვს. სასამართლოდან როცა დარეკეს და ჩემი მისვლა მოითხოვეს, დედაჩემმა ყველაფერი დახურა და თქვა, რომ მთავარი იყო მე ვიყავი ცოცხალი, სხვა ყველაფერი კი მეორეხარისხოვანი იყო. ასე დავასრულეთ ეს ამბავი და ამის შემდეგ მე არავისთან კონტაქტი არ მქონია. მათაც არ გამოუხატავთ კონტაქტის სურვილი; ეს სურვილი რომ ჰქონოდათ, 20 დღის განმავლობაში ვიწექი საავადმყოფოში და ამ დღეების განმავლობაში არავინ გამოჩენილა. ეს საკითხი ჩემთვის ცოტა მიუღებელია - მე თუ ადამიანს ვემეგობრები და ის მსგავს სიტუაციაშია, შეიძლება საავადმყოფოდან კი არა, პალატიდანაც ვერ გამოვეგდე ვერავის. მე მეგობრობა ასე მესმის. ახლა უკვე შეიძლება ვერცერთი ვერ ვიცნო.