ცნობილი ქართველი ქორეოგრაფი და ბალერინა, მაკა მახარაძე, "ტვ პირველის" გადაცემა "პირველი სტუდიის" სტუმარი იყო, სადაც მაყურებელს საკუთარი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი ისტორია გაუზიარა. ხელოვანმა განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით გაიხსენა მეუღლე, მურთაზ მურვანიძე და მათ შორის დაწყებული დიდი გრძნობა, რომელიც წლებს გაუძლო.
"ჩვენი სიყვარული ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიბადა. ის მხატვარი იყო, მე კი ბალერინა.
ერთ დღესაც შემომთავაზა - დაგხატო მინდაო, როგორც შენ არ დაუხატიხარ, ისე მე, არასდროს. ასე დაიწყო ყველაფერი და მეც უკვე შემიყვარდა. მართლაც, მან მთელი ცხოვრება დამიხატა - ორი შვილი გაგვიჩნდა. ასევე მყავს არაჩვეულებრივი თეა, მურაზის შვილი, რომელიც მეც საკუთარ შვილად მიმაჩნია, ნამდვილად. ძაან ლამაზი ურთიერთობა გვქონდა, დიდი სიყვარული იყო.
იმ მომენტში მე თვრამეტი წლის ვიყავი, ერთ თვეში გავხდი ცხრამეტის. ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული... ნუ, ახლა რა ვქნათ, ყველაფერს აქვს დასაწყისი და ფინალი" - ამბობს მაკა.

კოტე მახარაძისა და მედეა ჩახავას ქალიშვილი მაკა მახარაძე პროფესიით მსახიობი არ არის. მან დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1968 წელს. 60-იან წლებში გაიარა სტაჟირება მოსკოვის დიდ თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი.
საბალეტო კარიერის დასრულების შემდეგ მაკა თბილისის I საშუალო სკოლასთან არსებული საბავშვო სკოლა-სტუდიის ხელმძღვანელი გახდა, მოგვიანებით კი "მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია" შექმნა და დღემდე მას ხელმძღვანელობს.
„38 წლის ასაკში დავანებე თავი ბალეტს, გავედი პენსიაზე. გააზრებული მქონდა, რომ ასე იქნებოდა. ძალიან იღლები... სადღაც 34-35 წლისთვის უკვე ძალა არ გაქვს. ძალიან დიდი დატვირთვა და იზოლაციაა გარე სამყაროსგან", - ამბობდა ის.
„ჩვენი ეზო”, „საბუდარელი ჭაბუკი”, „მოცურავე”, „ქალაქი ანარა”, „იყო შაშვი მგალობელი”, „დანაშაული მოხდა”, „მაცივარში ვიღაც იჯდა” - ეს მაკა მახარაძის ფილმოგრაფიის მხოლოდ ნაწილია, თუმცა თავად ამბობს, რომ მისი ცხოვრების მთავარი საქმიანობა მაინც ბალეტი იყო. "ბევრ ფილმში მითამაშია, მაგრამ ბალეტს მსახიობობას ვერ შევადარებ", - ამბობდა მაკა.

მაკა 18 წლის ასაკში მურაზ მურვანიძეზე დაქორწინდა, 20 წლისას კი შვილი შეეძინა. როგორც თავად ამბობს, სიზარმაცისა და ოჯახური პასუხისმგებლობის გამო ბალეტში ყველა ოცნება ვერ აიხდინა.
"ყველა გოგონა ოცნებობს ბალერინობაზე. მე ბალეტთან დაკავშირებული ყველა ჩემი ოცნება ვერ ავიხდინე. ისეთი ბალერინა, როგორიც მინდოდა, ვერ დავდექი. მე ვერა წიგნაძესთან დავდიოდი, ძალიან ცდილობდა, რომ მე ვყოფილიყავი პრიმა ბალერინა. სიზარმაცემ შემიშალა ხელი, თან 20 წლის ასაკში შვილიც გამიჩნდა. ამ დროს სრულად თავგანწირული ვერ იქნები. ბალერინაა ის, ვინც ცეკვავს ჟიზელს, დონ კიხოტს, დანარჩენები ვიყავით ბალეტის მოცეკვავეები.
დედობა ჩემთვის ყველაფერია. პირველ ადგილზე ყოველთვის ოჯახი მყავდა, რაც, პროფესიული თვალსაზრისით, არის ძალიან ცუდი, მაგრამ ოჯახისთვის კარგია. ჩემთვის ყოველთვის მთავარი იყო შვილები და შვილიშვილები. მე ვერ დავუშვი, ნატო რომ ბალერინა არ გამოვიდოდა, რადგან ძალიან კარგად ცეკვავდა," - ამბობდა მაკა.