პოპულარული მსახიობი და ტელეწამყვანი დუტა სხირტლაძე ეკა ხოფერიას გადაცემას, „შეხვედრები ეკა ხოფერიასთან“ სტუმრობდა, სადაც მაყურებელს საკუთარი ცხოვრებისეული ფილოსოფია, შინაგან თავისუფლებასთან ბრძოლა და შვილებთან მეგობრული ურთიერთობის ფორმულა გაუზიარა.
დუტამ ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა იმაზე, თუ რატომ გრძნობს თავს მუდმივად ახალგაზრდულად და როგორ ცდილობს საბჭოთა წარსულის ნარჩენებისგან გონების გათავისუფლებას.

დუტა სხირტლაძის ინტერვიუ
მსახიობის თქმით, მას განსაკუთრებით უყვარს ისეთი ადგილები, სადაც ბევრი ახალგაზრდა იყრის თავს, რადგან საკუთარ ასაკს თავადაც ვერ გრძნობს. დუტასთვის კატეგორიულად მიუღებელია „მამათა და შვილთა ბრძოლის“ ტრადიციული მოდელი. მას მიაჩნია, რომ მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა არა უპირატესობის დემონსტრირებაზე, არამედ ორმხრივ ნდობაზე უნდა იყოს დამყარებული.
"მიყვარს ადგილები, სადაც ბევრი ახალგაზრდა იყრის თავს, რადგან, ჯერ ერთი, მე თვითონ ვერ ვხვდები, რომ დავბერდი. მე ვარ სარდაფში ჩარჩენილი, პირველი სპექტაკლი რომ ვითამაშე. ტვინით 30-ს ვერ გადავცდი. ტყუილია, მერე ადამიანი არ იცვლება, გამოცდილებას იძენს; გამოცდილება, აზროვნება და ჩამოყალიბება 28 წლის შემდეგ მთავრდება და ხარ სულ მანდ. შემდეგ რაღაც ასაკის მერე გადაწყვეტ, რომ დაბერდი და ეგაა. მე ჯერ არ გადამიწყვეტია.
მე არ მინდა ვიყო ჯაჯღანა, არ მინდა მამათა და შვილთა ბრძოლა. მიყვარს, ჩემს შვილებს რომ ვუსმენ. მე ყოველთვის ვუსმენ მათ და არა ის, რომ ჭკუა ვარიგო, როგორც თვითონ უნდათ, ისე ცხოვრობენ. მშობლებსა და შვილებს შორის უნდა იყოს სანდოობა. აქ არ არის, რომ მე შენზე ჭკვიანი ვარ, რადგან შენზე მეტი ვიცხოვრე.
ბევრი სისულელე გამიკეთებია, კიკინა და საყურე გავიკეთე, რომ იმ კომუნისტური წნეხისგან ჩემი ტვინი განვათავისუფლო. საკუთარ თავთან ვიბრძვი, მაგრამ რაღაც მომენტში ამოხტება იმ დროინდელი სისულელეები, რაც თავში ჩაგვიტენეს. აზროვნებაში არ გვაქვს თავისუფლება. ქუჩაში ვიღაცას შეუძლია მომაძახოს, რომ საყურე რატომ მიკეთია. დღესაც არსებობს ეს.
ამჟამად ნინი და ლუკა რომში არიან. მარიამი ფრაიბურგშია. ლუკას ცოტა ხნის წინ ჰქონდა გამოფენა. ის 22 წლისაა. ახლაც რაღაც სიახლეები აქვს და ვნახოთ, ქანდაკება აირჩია. ნინი ფერწერის მიმართულებითაა. წელს ამთავრებს და დიპლომის დაცვა აქვს" - აბობს დუტა სხირტლაძე.