"ბავშვობაში დედაჩემი სულ მეუბნებოდა ხოლმე ესეთ რაღაცას - მაშინ არ მესმოდა, მაგრამ დღეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად მესმის, რასაც გულისხმობდა, რომ – ძალიან ფრთხილად იყავი, ვის აირჩევ, შენ გვერდით ვინ იქნებაო. დედაჩემს ძალიან კარგად ესმოდა, რომ როცა ასეთ გზაზე ხარ, პარტნიორი ან უფრო ზემოთ აგიყვანს, ან ძირს დაგანარცხებს.
ბავშვი ვიყავი, თინეიჯერი ვიყავი და სწორი ადამიანი ასოცირდებოდა სილამაზესთან, ჰოდა, ახლა ძალიან კარგად ვხვდები, დედაჩემი რას გულისხმობდა. მე ვფიქრობ, რომ თიკას გარეშე... დარწმუნებული ვარ, ესეთ წარმატებას ასე ვერ დავასრულებდი. თიკა არის ჩემი ცხოვრების პარტნიორი. 20 წელი სრულდება მომავალ წელს, რაც ერთად ვართ და ეს ბოლო 20 წელი იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო 20 წელი, ყველაზე წარმატებული 20 წელი და გრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენი ცხოვრება.
მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მაგარი გუნდელი მყავს – თიკა. დიდი ფუფუნებაა, ძალა და კომფორტია, რომ თქმაც რომ არ გჭირდება, თვალებში რომ შეხედავ, შენ მისი გესმის და მას - შენი. როცა ორი ძლიერი ადამიანი ერთმანეთს ხვდება და ასეთი სიყვარულია, ასეთ სიყვარულზეა აშენებული ოჯახი, ძალიან რთულია, რომ რამემ ხელი შეუშალოს წინსვლაში და წარმატებაში და... რაც მთავარია, ერთნაირი ხედვა გვაქვს და ერთმანეთს ვავსებთ", - ამის შესახებ კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ პოდკასტში "ჩვენ" ისაუბრა.

ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სპორტსმენი, კალათბურთელი ზაზა ფაჩულია და მისი მეუღლე, "სუხიშვილების" ყოფილი მოცეკვავე თიკა ალავიძე შვილებთან ერთად ამერიკაში, კალიფორნიაში ცხოვრობენ და გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში საკუთარ ფოტოებს ხშირად უზიარებენ. ზაზა ფაჩულიასა და თიკა ალავიძეს 4 შვილი: დათა, საბა, მარიამი და ნუცა ჰყავთ.
ზაზას და თიკას პირველ შეხვედრას თიკას დედა, მსახიობი ზეინაბ დვალიშვილი იხსენებდა:
"საქმე ის არის, რომ ზაზას მე-7 კლასიდან ვიცნობდი. ჩემი მეგობრის შვილი და ზაზა ერთად დადიოდნენ კალათბურთზე. ერთ დღეს ეს მეგობარი მირეკავს (მეგრელების რძალი ვარ), ძალიან გთხოვ, ზეიკო, მოდი, კალათბურთის წრის მშობლები ვიკრიბებით და იქნებ ღომი გაგვიკეთოო. როცა მივედი, მაღალი, წარმოსადეგი ქალი უკვე ქურასთან იდგა და ღომს აკეთებდა. ვაიმე, დამაგვიანდა-მეთქი, შევიცხადე. ზეიკო, მარინაც მეგრელია და ის მოამზადებსო, მითხრა მასპინძელმა. სასიამოვნოა, მაშინ მე ფქვილს ჩაგიყრით-მეთქი, გავუღიმე.
ბავშვები ამ დროს ეზოში თამაშობდნენ. როდესაც სუფრა გაიშალა და ისინი ამოვიდნენ, ჩემმა მეგობარმა მიმანიშნა ყველაზე მაღალ, სერიოზულ, ცოტა დაკოპილ ყმაწვილზე, ზეიკო, ნახე, ეს მარინას ბიჭია, ზაზა ფაჩულიაო. ასე გავიცანი ზაზას დედა. გავიდა წლები და ისევ ის მეგობარი მირეკავს, ზეიკო, ტელევიზორს ვუყურებ, გახსოვს, მარინა რომ გაგაცანი, მისი ვაჟი NBA-ს რეკლამაშიაო.ჩემი ქალიშვილი თიკა კონცერტზე მიიწვიეს. შესვენებაზე ზაზა შესულა კულისებში, უთქვამს, ვგიჟდები "სუხიშვილებზე" და როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, ვცდილობ, დავესწროო. თიკას აუხედავს და სიმაღლის გამო ეს ახედვა დროში ცოტა რომ გაგრძელდა, ცხადია, და ამაზე თიკას მეგობარს თურმე სიცილი დაუწყია. კარგი, მაშინ დავჯდებიო, ზაზასაც ჩაუცინია. თიკა შინ რომ მოვიდა, მიამბო, დედა, იცი, რა უხერხულად გამომივიდა, კალათბურთელი ზაზა ფაჩულია გავიცანი, რომ ავხედე და აღარ დამთავრდა, ამაზე სიცილი ამიტყდაო.

ასე გაიცნეს ერთმანეთი. მერე ნელ-ნელა სერიოზული სახე მიიღო მათმა ურთიერთობამ და დაქორწინდნენ.მახსოვს ზაზას პირველად მოსვლა ჩვენთან. რომ შემოვიდა და ავიხედე, იმხელაზე გადავწიე თავი უკან, რომ გადამძვრა. ასე დაიწყო ჩვენი სიძე-სიდედრობა. მახსოვს, რამდენიმე დღის ჩასული ვარ ამერიკაში, ზაზას სტუმრები ჰყავდა მოწვეული. გრძელ მაგიდასთან უზარმაზარი სკამები შემოეწყოთ და ზაზა ითვლიდა სტუმრების რაოდენობას. მე ვუთხარი, ამდენი ხალხი რომ ვერ დავატიოთ, ცოტა პატარა სკამები არა გაქვთ-მეთქი? ქალბატონო ზეინაბ, ამ სახლში პატარას ვერაფერს იპოვით, სიდედრის გარდაო, მიპასუხა სხარტად" - იხსენებდა ზეინებ დვალიშვილი.