ქართველი პიანისტი ირმა გიგანი, რომელიც ამჟამად ვენაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებს პასუხობს და საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.
- შენი რომელი კონცერტია შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი?
- ყველა კონცერტი მახსოვს; ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით ძვირფასია იმპროვიზაციის მომენტების გამო - შექმნა და ამ განცდის შესუნთქვა ყველაზე დასამახსოვრებელია. ეს ხდება ექსტრემალური მომენტების შექმნის გამო, რაც ყოველთვის განსხვავებულია და ამას წინასწარ ვერ გაითვლი. ასე რომ, თუ რომელიმე გამოსვლა ყველაზე დასამახსოვრებელი ხდება, ეს მუსიკაში იმ კონკრეტული მომენტით სუნთქვის გამოა - ეს ჩასუნთქვა არის ცოცხალი და დაუვიწყარი.
და კიდევ - ადამიანები - კონცერტებთან დაკავშირებული სახეები, რომლებიც დიდხანს რჩებიან ჩემთან ძალიან ახლოს.

- საყვარელი ფორტეპიანოს ბრენდი?
- სხვადასხვანაირია, დამოკიდებულია კომპოზიტორებსა და რეპერტუარზე.
ყველაზე მნიშვნელოვანი ბგერითი ფანტაზიაა - ბგერის ის სურათი, რომელიც უკვე თავში გაქვს მომზადებული. ასე მეტ-ნაკლებად ნებისმიერ როიალს მოერგები; სხვადასხვა გზით, თუმცა ასეთი მიდგომით თითოეული ინსტრუმენტი იწყებს გამოხმაურებას. ეს ცოცხალი პროცესია, ამიტომ ამ პროცესში, მუსიკის შექმნის იმ კონკრეტულ მომენტში, თითოეული ფორტეპიანო ინდივიდუალურად ხდება საყვარელი.
ირმა გიგანი 1996 წლის 5 აპრილს, თბილისში დაიბადა. მისი მუსიკალური მოგზაურობა ადრეული ბავშვობიდან დაიწყო - 5 წლის ასაკში იგი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პირველ ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, ე.წ. „ნიჭიერთა ათწლედში“, შევიდა პედაგოგ ფირალიშვილის კლასში. პიანისტის ნიჭი და პროფესიონალიზმი მალევე იქცა საერთაშორისო აღიარების საგნად. ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში, 2002 წლის 16 ივნისს, იტალიის ქალაქ მინერბიოში გამართულ შემსრულებელთა მეორე საერთაშორისო კონკურსზე, მან 8-დან 13 წლამდე კატეგორიაში გრან-პრი მოიპოვა. იმავე წლის 9 ივლისს, თბილისის მწერალთა კავშირის დარბაზში, კამერული ორკესტრის თანხლებით ბახის კონცერტი (f-moll) შეასრულა რევაზ ტაკიძის დირიჟორობით. 2002 წლის ივლისში მან მონაწილეობა მიიღო საკონცერტო მარათონში „ნიჭიერი ბავშვები“ და პირველ საერთაშორისო ფესტივალში „ხელოვნების ზეიმი“.

მუსიკოსის კარიერა აღმავალი ტემპით გაგრძელდა. 2003 წლის თებერვალში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში მან სოლო კონცერტი გამართა ზაალ აზმაიფარაშვილის დირიჟორობით. 2010 წელს პიანისტი ფრედერიკ შოპენის სახელობის მეორე საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი გახდა. ირმა გიგანის შემოქმედებითი ბიოგრაფია ასევე მოიცავს მონაწილეობას ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალებში, როგორიცაა ედინბურგის, ტრიესტეს, ბერლინისა და კოტბუსის კინოფესტივალები. დღეისათვის პიანისტი ვენაში ცხოვრობს, სადაც აგრძელებს თავის აქტიურ მუსიკალურ კარიერას, თუმცა მუდმივ შემოქმედებით კავშირს ინარჩუნებს მშობლიურ თბილისთან.