"მე ვიყავი ინიციატორი, რადგან მე რომ არ მეთქვა, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ასე" - რას ამბობს ეკა მამალაძე მშობლებზე - Marao

"მე ვიყავი ინიციატორი, რადგან მე რომ არ მეთქვა, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ასე" - რას ამბობს ეკა მამალაძე მშობლებზე

2026-07-22 15:04:53+04:00

ქართული სცენის დედოფალი, ქარიზმისა და დახვეწილი გემოვნების სიმბოლო - ნანი ბრეგვაძე ათწლეულებია აღაფრთოვანებს მაყურებელს. თუმცა, მისი უბადლო ვოკალისა და სცენური არტისტული ბრწყინვალების მიღმა იმალება პირადი ცხოვრება, სადაც სიყვარული, ოჯახური ტრადიციები და ადამიანური დრამა ერთმანეთს  ერწყმის.

როგორია ქალი, რომლის ხმაც მთელ ეპოქას ახსოვს, მაშინ, როცა პროჟექტორების შუქი ქრება და ის საკუთარ, სიმშვიდითა და ღირსებით აღავსე სამყაროში ბრუნდება?

ნანი ბრეგვაძის მეუღლე მერაბ მამალაძე იყო - მერაბ მამალაძე ნანი ბრეგვაძის მშობლებს ძალიან მოსწონდათ - მერაბი მაშინ მართლაც გამორჩეული ახალგაზრდა იყო. მათი თანაცხოვრება ნანი ბრეგვაძის მუდმივი გასტროლებისა და კონცერტების ფონზე დაიწყო, თავად ნანი იხსენებს, რომ მერაბს ეჭვიანობის მიზეზი არ ჰქონია, თუმცა მაინც ხშირად ჩადიოდა ხოლმე მასთან, როცა სახლიდან შორს იყო. 

მერაბ მამალაძისა და ნანი ბრეგვაძის ცხოვრება დაშორებისა და შერიგების ქრონიკასაც ინახავს - სიყვარულს თან პრობლემები და გაუგებრობებიც ახლდა. ამის შესახებ ეკა მამალაძე "ტვ პირველის" გადაცემაში "პირველი სტუდია" იხსენებდა. ეკას თქმით, მშობლების დაშორებას მასზე დიდი გავლენა არ ჰქონია:

"მთელი ბავშვობა დედაჩემისა და მამაჩემის განშორება-შერიგება იყო. პერიოდული მამა მყავდა - რაღაც დროს გამოჩნდებოდა, მერე წავიდოდა. ეს ჩემზე არ მოქმედებდა, კარგად ვგრძნობდი თავს ბებიასთან, დედასთან და დეიდაშვილებთან, არ მაღელვებდა. კარგად ვიყავი, როდესაც ჩვენთან იყო, მაგრამ როდესაც არ იყო, ვეგუებოდი.

საბოლოოდ, როდესაც დაშორდნენ, მე უკვე ძალიან დიდი ვიყავი, ლევანიკო მყავდა. მე ვიყავი ინიციატორი, რომ ნანი მას დაშორებოდა, იმიტომ, რომ მამაჩემის ქცევა და დამოკიდებულება არ მომწონდა, მიუხედავად იმისა, რომ უწესიერესი, უკეთილშობილესი და მეგობრებზე გადაყოლილი ადამიანი იყო.

მამაჩემს ერქვა მამალო. ის ცნობილი ვაჟკაცი იყო, ყველა მხრივ საუკეთესო, მაგრამ ამ ურთიერთობაში ვერ შედგა. ყველას გვაქვს რაღაც მინუსები, ის კი ყოფით საკითხებში იყო მძიმე. დედაჩემი ძალიან უთმენდა, რაზეც გავღიზიანდი - რადგან დიდი ვიყავი, ქმარი მყავდა და უკვე ვიცოდი, ეს რაც იყო. ბავშვი რომ ხარ, ვერ ხვდები და საშენოდ გინდა რომ ასე იყოს, მაგრამ ზრდასრული რომ ხდები, იქ უკვე ბევრ რამეს ხვდები. მე ვიყავი ინიციატორი, რადგან მე რომ არ მეთქვა, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ასე," - ამბობს ეკა მამალაძე

nani-bregvadze

  • "ძალიან წყნარად დავტოვე სცენა, გული კი აღარ მწყდება იმიტომ, რომ..." - ლეგენდარული ნანი ბრეგვაძის ინტერვიუ 

ნანი ბრეგვაძის ოჯახი

ნანი ბრეგვაძის ცხოვრება და კარიერა მუდამ ყურადღების ცენტრში იყო, თუმცა მისი პირადი ცხოვრება საკმაოდ რთულ ეტაპებს მოიცავდა. მუსიკოსი აღნიშნავდა, რომ დედას მის ცხოვრებაში განსაკუთრებით დიდი ადგილი და მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად დაოჯახება არ სურდა, დედის ნებას მაინც დაჰყვა და მერაბ მამალაძეზე იქორწინა.

დედამ სიძეს პირობა ჩამოართვა, რომ ნანისთვის სიმღერა არ დაეშალა. თავდაპირველად ოჯახს ნანის დედაც ძალიან ეხმარებოდა - პატარა ეკას დაბადების შემდეგ ბავშვის აღზრდაც კი საკუთარ თავზე აიღო, რათა ნანის კარიერა არ შეწყვეტილიყო.

ანსამბლ „ორერაში“ ნანი ერთადერთი ქალი იყო. ბიჭები მას ისე ექცეოდნენ, როგორც ძმას და ხუმრობით „შალიკოსაც“ კი ეძახდნენ. მიუხედავად ამისა, მეუღლე მაინც ეჭვიანობდა. მერაბი თავიდან ამას მონატრებით ნიღბავდა - მოულოდნელად ჩადიოდა ხოლმე გასტროლებზე სასტუმროს ნომერში, რაც ნანის დიდ სიყვარულად ეჩვენებოდა. ბოლოს მერაბმა ულტიმატუმი წაუყენა: „ან მე, ან - შენი ანსამბლი!“

  • "ზოგჯერ ვამბობ, რომ კარგად ვარ, მაგრამ რეალურად არ ვარ კარგად" - ნანი ბრეგვაძის გულახდილი ინტერვიუ 

ნანი მზად იყო ოჯახის გამო კარიერა დაეთმო, თუმცა კონცერტზე მეუღლე მიხვდა, რომ ნანის სცენა სჭირდებოდა და სიმღერის ნება დართო. მიუხედავად ამისა, მუდმივმა ეჭვიანობამ წყვილი მაინც პირველ დაშორებამდე მიიყვანა.

დაშორებიდან მალევე მერაბი გაურკვეველი დოკუმენტების გამო დააკავეს და 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ის სასჯელს ესტონეთში იხდიდა. ნანის ძალიან შეეცოდა ყოფილი მეუღლე და პირადად ედუარდ შევარდნაძეს სთხოვა მისი საქართველოში გადმოყვანა.

პატიმრობიდან გამოსულმა მერაბმა პატიება ითხოვა. ნანის ის თავიდან შეუყვარდა და ოჯახი აღდგა. თუმცა თანაცხოვრებამ დიდხანს ვერ გასტანა: მერაბი სამსახურს ვერ პოულობდა, დარდს ალკოჰოლში კლავდა, ეჭვიანობის სცენები კვლავ განახლდა.

ნანი მიხვდა, რომ ამ ურთიერთობაში პატივისცემასა და ურთიერთგაგებას ვერ პოულობდა და მერაბს საბოლოოდ დაშორდა.