"ზოგჯერ ვამბობ, რომ კარგად ვარ, მაგრამ რეალურად არ ვარ კარგად" - ნანი ბრეგვაძის გულახდილი ინტერვიუ - Marao

"ზოგჯერ ვამბობ, რომ კარგად ვარ, მაგრამ რეალურად არ ვარ კარგად" - ნანი ბრეგვაძის გულახდილი ინტერვიუ

2026-06-19 17:58:15+04:00

ლეგენდარული მომღერალი ნანი ბრეგვაძე სოფო ჯაფარიძის გადაცემის "მედგიდის" სტუმარია, სადაც საკუთარ ცხოვრებაზე, ასაკსა და ღირებულებებზე გულახდილად საუბრობს. მისი ფილოსოფია მარტივია: ყველაფერი ბედისწერაა, თუმცა პოზიტიური გარემო და სიყვარული ადამიანს სიცოცხლეს უხანგრძლივებს.

nani-bregvadze

  • "სწორედ იმიტომ დამტოვა, რომ მომცა თავისუფლება. მითხრა, მე შენ ხელს გიშლიო" - ნანი ბრეგვაძის ინტერვიუ 

ნანი ბრეგვაძის ინტერვიუ

  • ასაკი და ჯანმრთელობა

- ეს ციფრები რომ დავინახო, გული გამისკდება. ეს ყველაფერი ბედი და შენი ხვედრია. მჯერა, რომ ადამიანი საკუთარი ბედით იბადება. ვთვლი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემ გარშემო კარგი გარემოა, სულ სიკეთე, სიხარული და სიყვარული. როდესაც ასეთ გარემოში ხარ, გინდა, ამ მომენტს შენც აჰყვე. ამიტომ ალბათ ჯანმრთელობაც გემატება, ხასიათიც თავის როლს თამაშობს.

არავის უთქვამს, რომ კარგად იმიტომაა, რომ რაღაც კონკრეტულს აკეთებდა. მე ვიცი ადამიანები, ქალები, რომლებიც სასმელს სვამდნენ და მაინც 100 წელზე მეტი იცოცხლეს. მთელი ცხოვრების განმავლობაში ავად არასდროს ვყოფილვარ; ჩემი მაქსიმალური ავადმყოფობა გაციება იყო. ბოლო ხანებში კი ჩემი ჯანმრთელობით აღარ ვარ კმაყოფილი. ცოტა ხნის წინ სერიოზული ფილტვების ანთება მქონდა. რადგან სულ ჯანმრთელი ვიყავი, მეგონა, ბოლომდე ასე უნდა ყოფილიყო და ეს ავადმყოფობაც სერიოზულად არ მივიღე. თავიდან ცოტას ვახველებდი, შემდეგ სისუსტე მომემატა და სასწრაფოდ წამიყვანეს საავადმყოფოში.

ზოგჯერ ვამბობ, რომ კარგად ვარ, მაგრამ რეალურად არ ვარ კარგად. მამაჩემმა 93 წელი იცოცხლა და მართლა ჯანმრთელი ადამიანი იყო. რომ არ დაცემულიყო და მენჯის ოპერაცია არ დაგვჭირვებოდა, კიდევ დიდხანს იცოცხლებდა. სვამდა, მაგრამ ეს დალევა უფრო ქეიფის ვარიანტი იყო. ძილიც ძალიან მნიშვნელოვანია; ადრე ადგომა არასდროს მიყვარდა და არც ახლა მიყვარს. ახლა ძილის პრობლემა მაქვს - თუ კარგად გამოვიძინე, მთელი დღე კარგად ვგრძნობ თავს. შუადღის ძილი არ მიყვარს, არასდროს დამიძინია. ჩემი ერთი შვილთაშვილი 21 წლისაა, ხოლო ნატალიას შვილს, რომელიც 4 წლისაა, ჰგონია, რომ მე ჯერ კიდევ უნდა გავიზარდო.

nani-bregvadze

"ჭაღარა გამოჩნდა, ცვლილებები დავინახე და  განგაში დავიწყე, დედაჩემს დავურეკე - დავბერდი-მეთქი" - ნატალია ქუთათელაძე თავის მოვლის რუტინის შესახებ 

  • ოჯახი

- მე ძირითადად სახლის ქალი ვარ. მერჩივნა, ჩემთან მოსულიყვნენ ჩემი მეგობრები, ვიდრე მე წავსულიყავი სადმე და სახლი დამეტოვებინა. მაშინაც კი, როდესაც "რეროში“ ვმღეროდი, მეგონა, ეს ყველაფერი დროებითი იყო და სულ სახლისკენ მიმეჩქარებოდა. ლევანი და გოგიკო სულ გასტროლებზე დამყავდა. ყოველთვის უფრო ოჯახის ადამიანი ვიყავი, ვიდრე მომღერალი. პირველი მაინც ოჯახია.

ძალიან დიდი დანაკლისია მშობლების არყოფნა. ეს ისე განვიცადე, რომ მთელი ერთი წელი ვერაფერს ვაკეთებდი. ჩემი პროფესია მომღერლობა იყო, მაგრამ მაინც არ მივაჩნდი საკუთარ თავს მომღერლად. პირველად, როდესაც დამსახურებული არტისტის ჯილდო გადმომცეს, ძალიან შემრცხვა, რადგან დღემდე არ ვთვლი, რომ მე მომღერალი ვარ.

  • სილამაზე

- სულ ვიპრანჭები და სულ ვუვლი თავს. ახლა უფრო დავიხვეწე, ვხვდები, რა არის ცუდი და როგორ უნდა ჩავიცვა. სიბერეში რომ შედიხარ, ზოგი ისე იცვამს, თითქოს ეს სიბერის ხვედრი იყოს. ძალიან კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ. ყველამ უნდა მოუაროს თავს, მაგრამ გადამეტებული არაფერი ვარგა. არ უნდა გადააჭარბონ, ისე რომ გაკეთებული არ დაეტყოს. ზოგი გოგო მგონია, რომ ერთი და იგივეა, ყველა ერთმანეთს დაემსგავსა. ჯერ მარტო ვარცხნილობა აქვთ სულ ერთნაირი; ტუჩებიც... ზოგს ისეთი ტუჩი აქვს, რომ მეცოდება კიდეც.“