ჩემპიონები ფეხბურთში - ჩემპიონები სიყვარულში: სამი ძმა - სიყვარულის სამი ამბავი - Marao

ჩემპიონები ფეხბურთში - ჩემპიონები სიყვარულში: სამი ძმა - სიყვარულის სამი ამბავი

2026-07-22 16:47:37+04:00

ქართულ ფეხბურთში არველაძეების გვარი დიდი ხანია სცდება მხოლოდ სპორტულ მიღწევებსა და სტატისტიკას. რეზის, შოთასა და აჩის ისტორია იმ იშვიათ შემთხვევებს მიეკუთვნება, როცა საზოგადოებრივმა ინტერესმა და პატივისცემამ ათწლეულებს გაუძლო - როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.

წარმატებული კარიერის, საერთაშორისო ასპარეზისა და მუდმივი ყურადღების ფონზე, ამ დიდი ოჯახისთვის მთავარ საყრდენად ყოველთვის პირადი ურთიერთობები რჩებოდა. მათი თანაცხოვრების ისტორიები ხმაურს მიღმა, სიმყარით, ერთგულებითა და ურთიერთპატივისცემით აიგო.

ეს არის ამბავი სიყვარულზე, რომელმაც დროს, საჯარო ცხოვრების თანმდევ გამოწვევებსა და ცვალებად რიტმს გაუძლო - ოჯახებზე, სადაც გამარჯვებებსა თუ რთულ პერიოდებს წლებია ერთად იზიარებენ.

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე

რეზი არველაძე  ქართველი ფეხბურთელი, ნახევარმცველი იყო. იყო 2009–2015 წლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი.

რეზი არველაძე თამაშობდა ევროპის სხვადასხვა მხარის გუნდებში, პროფესიონალური კარიერა დაიწყო თბილისის „დინამოში“. საზღვარგარეთ ითამაშა გერმანიაში და ბელგიაში, საქართველოში დაბრუნდა 1998 წელს. ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 11 მატჩი. რეზი არველაძის ვაჟი, ვატო ასევე დაკავებულია პროფესიონალური ფეხბურთით.

რეზი არველაძის მეუღლე ასევე ცნობილი სახე, დიზაინერი თეონა თავართქილაძეა: 

 „ჯერ კიდევ ერთი სასწავლო წელი მქონდა დარჩენილი, როცა გავთხოვდი. მე და რეზი ძალიან დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს, ვმეგობრობდით და როგორ გადაიზარდა ურთიერთობა სიყვარულში, ვერ მივხვდით. როცა აღმოვაჩინეთ, რომ გვიყვარდა ერთმანეთი, დავქორწინდით. რეზი მაშინ გერმანიაში თამაშობდა, მე საფრანგეთში ბოლო კურსზე ვსწავლობდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ის ერთი წელი ახალდაქორწინებულებმა ცალ-ცალკე გავატარეთ. გვენატრებოდა ერთმანეთი, მაგრამ ხშირად ვერ ვნახულობდით. მაშინ უვიზო მიმოსვლა არ არსებობდა და ერთმანეთის ქალაქებში წასასვლელად ვიზებს ველოდებოდით. მე ბევრი სამეცადინო მქონდა, რეზის უამრავი მატჩი, ვარჯიში“, - ამბობდა თეონა ერთ-ერთ ინტერვიუში.

  • „რეზიკოს ჯერ ერთი ჩემი მეგობარი უყვარდა, მერე - მეორე... მასთან მეგობრობის მეტი არაფერი წარმომედგინა“ – 30-წლიანი სიყვარულის ამბავი და სამაგალითო ოჯახის ისტორია

კრიზისული პერიოდი თითქმის ყველა წყვილის ცხოვრებაშია, თუმცა რეზისა და თეონას მსგავსი დაბრკოლებები ნაკლებად ჰქონდათ, რაც, დიდწილად, რეზის იუმორის დამსახურებაცაა: 

"მე მგონი, ჩვენ მშვიდად გადავიარეთ ყველა კრიზისული პერიოდი. ჩვენი მეგობრები იხდიან ქორწინების 25 წლისთავს, შეკრებილები ვიყავით და ამაზე ვსაუბრობდით, კრიზისებზე, შერიგებებზე, გაშორებებზე. ჩუმად ვიჯექი და მომერიდა ხმის ამოღება, რადგან მართლა არასდროს გვიჩხუბია. არ მქონდა არაფერი მოსაყოლი და ვიჯექი ჩუმად. ეს უფრო რეზიკოს ხასიათის დამსახურებაა, მისი იუმორის გრძნობის. ყოფილა შემთხვევა გავბრაზებულვარ რაღაცაზე, მაგრამ ისეთ რამეს გეტყვის; რომ გაბრაზება არ გამოდის, უცებ გადაგივლის", - იხსენებდა თეონა თავართქილაძე. თეონა და რეზი უკვე 32 წელია, დაქორწინებულები არიან. 

 rezi-arveladze

აჩი არველაძე და თინი კობალაძე

აჩი არველაძე ქართველი ფეხბურთელი, თავდამსხმელი იყო. სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „დინამოს“, ტრაპიზონის „ტრაბზონსფორის“, ბრედას „ნაკ ბრედას“, კიოლნის „კიოლნის“, თბილისის „ლოკომოტივის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას. საქართველოს სამგზის ჩემპიონი (1991, 1992, 1993) და საქართველოს თასის სამგზის მფლობელი (1991, 1992, 1993) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში, თურქეთის თასისა (1995) და თურქეთის სუპერთასის მფლობელი (1996) „ტრაბზონსფორის“ შემადგენლობაში.

აჩი არველაძის მეუღლე თინი კობალაძეა. მიუხედავად იმისა, რომ არველაძეების ოჯახი ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, თინი კამერების წინ იშვიათად ჩნდება. 

  • „ჩემმა ცოლმა ძალიან ბევრი გააკეთა, მის გარეშე არაფერი გამომივიდოდა...“ - აჩი არველაძე მეუღლისა და პირადი ცხოვრების შესახებ

„ჩვენს დროს წერილებს ვწერდით შეყვარებულებს. იმ ერთი წერილის წაკითხვა რამდენ რამეს ნიშნავდა. რამდენჯერ დავწერდი, გადავშლიდი, მერე შოთის წავაკითხბდი, რეზის, ისევ ჩავასწორებდი... ლექსებსაც ვწერდი, ისეთი ლექსები მაქვს დაწერილი, გაგიჟდებით, ჩემს მეუღლეს, თინის, დღემდე შენახული აქვს.

როცა ფეხბურთს თავი დავანებე, ძალიან მიჭირდა ტვინის გათიშვა, ადრენალინი მაკლდა. ძალიან გადავერთე პოკერის თამაშზე. თინი, ჩემი მეუღლე, სულ მელაპარაკებოდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ რაღაც ნაწილის გათიშვა მინდოდა ჩემი პრობლემების. ჩემი და ჩემი ჯანმრთელობის გადამკიდე, ჩემმა ცოლმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვუს, რომ ის 12 წელი ტრავმირებული ფეხით მეთამაშა. ბავშვი, სწავლა, საყოფაცხოვრებო პრობლემები მე არ მეხებოდა. დღესაც მეუბნება, ძალიან კარგად მოირგე ეს როლიო. თინის გარეშე არაფერი გამოვიდოდა“, -ამბობდა აჩი არველაძე. 

ACHI-ARVELADZE

შოთი არველაძე  და თამუნა მელაძე

შოთი არველაძე  ქართველი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. 

შოთი არველაძის მეუღლე თამუნა მელაძეა, რომელიც ცხვრებისა თუ კარიერის ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე მის გვერდითაა.

  • თამუნა, გიორგი, ელენე და შოთი - შოთი არველაძის ოჯახური ფოტოების არქივი და ამბები წარსულიდან

"ჩემი მეუღლე − თამუნა მელაძე, იურისტია, იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ყოველთვის ჩემ გვერდით იყო და, რა თქმა უნდა, ერთად ვიყავით წასული საქართველოდან, როცა საზღვარგარეთ ვმუშაობდი. ახლაც ოჯახით და დიასახლისობითაა დაკავებული. უფროსმა შვილმა გიორგიმ ინგლისში დაამთავრა უნივერსიტეტი, ბიზნესის მენეჯმენტის პროფილით; უმცროსი − ელენე, მადრიდში ცხოვრობს", - ამბობდა შოთი არველაძე. 

SHOTI-ARVELADZE