საზოგადოება წლებია კარგად იცნობს და უყვარს ნიჭიერი შეფ-მზარეული ნუცა სურგულაძე. ფართო საზოგადოებამ ის პოპულარული კულინარიული შოუ „მასტერშეფიდან“ გაიცნო, სადაც მან მეორე სეზონის გამარჯვებულის ტიტული დაიმსახურა და მაყურებელს თავი პროფესიონალიზმითა და გამორჩეული გემოვნებით დაამახსოვრა.
დღეს ნუცა საკუთარ გამოცდილებასა და კულინარიულ ოსტატობას ახალ პროექტში იყენებს - დედასთან,ნინა პერტენავასთან ერთად იუთუბზე უძღვება პოპულარულ გადაცემას "Easy Plate • მარტივი თეფში".
ნუცა სოციალურ ქსელებშიც საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს სიახლეებს ხშირად უზიარებს. ცოტა ხნის წინ მან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საკუთარი წონის კლების შთამბეჭდავი პროცესი აჩვენა - შეფ-მზარეულმა 76.7 კილოგრამიდან 65.7 კილოგრამამდე დაკლება შეძლო და შესანიშნავ ფორმაშია.

ვინ არის ნუცა სურგულაძე
ნუცას თქმით, კერძების მომზადებისადმი ინტერესი ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან გაუჩნდა. სურვილი რეალობად იქცა, მან საფრანგეთში კულინარიულ სკოლაში ჩააბარა, ხოლო სტაჟირებები ადგილობრივ, მაღალი დონის რესტორნებში გაიარა. მისი თქმით პროფესიონალურ სამზარეულოში მუშაობა უდიდეს მენტალურ და ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს, სადაც ქალი შეფ-მზარეულები დღემდე იშვიათობას წარმოადგენენ
"ბავშვობიდან ვეხმარებოდი ოჯახის წევრებს კერძების მომზადებაში. ვცდილობდი, მესწავლა და მერე მარტოს გამეკეთებინა. მუდამ ვუყურებდი კულინარიულ შოუებს და, როცა 16 წლის გავხდი, ვთქვი, რომ მინდოდა, ამ პროფესიას სერიოზულად დავუფლებოდი. საფრანგეთში კულინარიულ სკოლაში ჩავაბარე და სტაჟირებები იქვე გავიარე სხვადასხვა რესტორნებში.
სამზარეულოში გოგო ძალიან იშვიათია, სულ მამაკაცები არიან. დიდ ფიზიკურ შრომას და მენტალურ გაძლებას მოითხოვს. დიდი სიმკაცრეა. ცხელა, ძალიან ჭუჭყიანი სამუშაოა.
დილის 8 საათიდან ღამის 12-მდე მუშაობ. მხოლოდ 2 საათი გაქვს დასვენება და მაშინვე სადმე უნდა მიწვე და დაიძინო. კვირაში 5 დღე ფაქტობრივად არ გძინავს, არ სვამ და არ ჭამ. მხოლოდ დასვენების დღეს ვიხედებოდი სარკეში. დიდი სიყვარული უნდა გქონდეს ამ პროფესიის, თორემ ისე ვერაფრით გაძლებ, რადგან არც ანაზღაურებაა დიდი და სამუშაო საათებიც არანორმალურია.
აბსოლუტურად განსხვავებულია ქართული და ფრანგული რესტორნების სამზარეულოები. რესტორანი იხსნება დღეში ორჯერ. 12-დან 3 საათამდე მუშაობს ლანჩზე და საღამოს 7-დან ღამის 11-მდე. დანარჩენი დრო დაკეტილია. საქართველოში როცა გინდა, მაშინ შეხვალ. იქ დღის საათებში სხვა მენიუა და საღამოს – სხვა.
უზომო წესრიგია. როცა დროა, უამრავი ადამიანი შემოდის და დიდი გუნდი მუშაობს შეკვეთებზე. საქართველოში არ იცი, 5 კაცი შემოვა თუ 3. არ ხარ ტონუსში, რადგან ხალხიც არაპროგნოზირებადია," - ამბობდა ნუცა "სარკესთან" ინტერვიუში.