იტალიელმა სუპერმოდელმა ბიანკა ბალტიმ სოციალურ ქსელში პარტნიორს, ალესანდრო კუტრერას, დაბადების დღე განსაკუთრებულად ემოციური სიტყვებით მიულოცა.
მოდელმა დაწერა, რომ ორი წლის წინ სწორედ ალესანდროს დაბადების დღემ აიძულა, დაერღვია საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა.
„ორი წლის წინ შენმა დაბადების დღემ მომცა მიზეზი, დამერღვია საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა - მთელი ერთი წელი არავის შევხვედროდი. და შენ ნამდვილად ღირდი ამ პირობის დარღვევად. მადლობა ღმერთს შენი დაბადების დღისთვის. მადლობა ღმერთს იმ დღისთვის, როდესაც დაიბადე. მას შემდეგ ერთად ვართ. ვისურვებდი, წინ უფრო მსუბუქი და მშვიდი წლები გველოდეს. მიყვარხარ", - წერს ბიანკა.
ალესანდრო კუტრერა იტალიელი მსახიობია, რომელიც ბოლო პერიოდში ბიანკა ბალტის გვერდით ხშირად ჩნდება. წყვილი ერთად გამოჩნდა რამდენიმე ღონისძიებასა და საჯარო გამოსვლაზე, რის შემდეგაც იტალიურმა მედიამ მათი ურთიერთობის შესახებ აქტიურად დაიწყო საუბარი.

ვინ არის ბიანკა ბალტი?
ბიანკა ბალტი იტალიელი სუპერმოდელია, რომელიც 1984 წლის 19 მარტს იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში დაიბადა. ის მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ცნობილი გახდა ისეთი ბრენდების კამპანიებით, როგორებიცაა Dolce & Gabbana, Guess, L’Oréal და Roberto Cavalli. ბიანკა არაერთხელ გამოჩენილა Vogue-ის სხვადასხვა გამოცემის გარეკანზე და ითვლება იტალიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოდელად.
ბოლო წლებში ის ხშირად ხვდება მედიის ყურადღების ცენტრში როგორც პროფესიული საქმიანობით, ისე პირადი ცხოვრებით და სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიურია.

2022 წლის ბოლოს ბალტიმ გენეტიკური ტესტი გაიკეთა და აღმოაჩინა, რომ BRCA1 გენის მატარებელია - ასეთ შემთხვევაში მკერდის კიბოს დიაგნოზის დასმის შანსი 50%-ია, ხოლო საკვერცხის 30%.
"გასულ კვირას გამოკვლევა ჩავიტარე და გავიგე, რომ მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილი საკვერცხის კიბოთი იყო გამოწვეული. ეს იყო შიშით, ტკივილითა და ცრემლებით სავსე კვირა, მაგრამ სიყვარულით, იმედით და ძალით სავსე ვარ.წინ გრძელი გზა მელის, მაგრამ ვიცი, რომ ამას დავამარცხებ. ჯერჯერობით კიბომ ის მასწავლა, რომ თითოეულ დაბრკოლებაში სილამაზე უნდა დავინახო", - წერდა ბიანკა "ინსტაგრამზე" და აღნიშნავდა, რომ ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.