86-დან 60 კილოგრამამდე - თამუნა ლეკვეიშვილი წონის კლების გამოცდილებაზე საუბრობს - Marao

"სამივე ბავშვი როცა გავაჩინე, მივხვდი, რომ ამ წონით სიარული არ შეიძლებოდა" - 86-დან 60 კილოგრამამდე - თამუნა ლეკვეიშვილი წონის კლების გამოცდილებაზე საუბრობს

2026-08-03 13:31:10+04:00

მსახიობი თამუნა ლეკვეიშვილი საზოგადოებამ წლების წინ პოპულარული გადაცემებიდან „ვანოს შოუდან“ და „კომედი შოუდან“ გაიცნო. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები დღემდე ინარჩუნებენ აქტუალობას და მაყურებელში დიდ სიყვარულს იმსახურებენ.

ახლახან თამუნა კოტე მათითაშვილის პოდკასტს, "კოტკასტს“ ეწვია, სადაც ჭარბ წონასთან ბრძოლასა და პირად გამოცდილებაზე გულახდილად ისაუბრა. თამუნას თქმით, წონის დასაკლებად თითქმის ყველა არსებული მეთოდი აქვს ნაცადი. 

tamuna-lekveishvili

  • "და­ვი­კე­ლი 21 კილო „ოზემ­პი­კით“ და აღ­მოვ­ჩნდი სა­ბო­ლო­ოდ სა­ო­პე­რა­ციო მა­გი­დამ­დე" - სოფო ჯაფარიძე წონის კლების გამოცდილებაზე 

როგორ ებრძვის თამუნა ჭარბ კილოგრამებს?

- თუკი რაიმე დიეტა არსებობს: ცილოვანი, სუხიშვილების, უგულავას, კალორიების თვლა, აბსოლუტურად ყველაფერი ვცადე. წარმატება კი შიმშილმა მომიტანა, ოღონდ ეს არავინ არ უნდა გაიმეოროს. რეკორდი მოვხსენი: ერთი თვის განმავლობაში ვჭამდი მხოლოდ თხილს, ყველს, ქეშიუს და ყავას, ოღონდ უშაქრო ყავას ვსვამდი. როცა ძალიან მომშივდებოდა, მაშინ ვჭამდი, რაოდენობას არ ვიზღუდავდი. ერთი თვის განმავლობაში დავიკელი 8 კილო. სარკეში როდესაც შედეგს უყურებ, უფრო სტიმული გაქვს. წვალება არის, რა თქმა უნდა, მაგრამ შედეგი უფრო გაბედნიერებს, ვიდრე ის პროცესი, რაც გავიარე.

წონის ერთ-ერთი მიზეზი ორსულობა იყო. პირველი ორსულობის შემდეგ დამრჩა მომატებული კილოგრამები და ამ დროს მეორე ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ. მეორე როცა გავაჩინე, დამრჩა კიდევ ორჯერ მეტი მომატებული კილოგრამები და მესამეზე ვიყავი ფეხმძიმედ. მესამე რომ გავაჩინე, ვიყავი ძალიან დიდი. 86 კილოგრამი ვიყავი, ახლა ვარ 60 კილო. ეს წონის კლება მოხდა ეტაპობრივად.

სამივე ბავშვი როცა გავაჩინე, მივხვდი, რომ ამ წონით სიარული არ შეიძლებოდა და არც ეთერში ყოფნა შეიძლებოდა. პირველ რიგში, მე არ მომწონდა და ამიტომ გადავწყვიტე, რომ არ უნდა მქონოდა ამდენი ზედმეტი კილოგრამი და მივმართე ასეთ მკაცრ დიეტებსა და შიმშილს.

  • "ბევრი მწერს, როგორ გახდიო, ამიტომ გიზიარებთ ჩემს დიეტას, ჩაიწერეთ" - თამუნა ლეკვეიშვილის სახალისო პოსტი 

ძალიან მიყვარს ცომეული: პიცა, ხაჭაპური, ლობიანი, პური. მიყვარს უკრემო ნამცხვრები, როგორიცაა კექსი, მშრალი და ნიგვზიანი ტკბილეულები, ძალიან მიჭირს ამათზე უარის თქმა. ყველა მიიპარება ღამე მაცივართან, მათ შორის მეც, და ვცდილობ, რომ აღარ მივიპარო. ამ ბოლო დროს კი განსაკუთრებით, რადგან აღარ ვარ პატარა, 45 წლის ასაკში ნივთიერებათა ცვლა იძინებს და ამიტომ მერე დაკლება უფრო რთულია.

მიუხედავად იმისა, რომ სასწორზე დამოკიდებული ადამიანი ვარ და თითქმის ყოველ დილით ვიწონები, დეპრესიაში არასდროს ჩავვარდნილვარ, იმიტომ, რომ ვიცი, რამდენსაც მინდა, იმდენს დავიკლებ. მე მჯერა საკუთარი თავის.

ალბათ, ერთი 5 წლის წინ აქტიურად ვვარჯიშობდი. სულ მეუბნებოდნენ, რომ ვარჯიშის დაწყების შემდეგ ეს ყველაფერი შეგიყვარდებაო. 3 წელი დავდიოდი, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვიწონე ვარჯიშის პროცესი.