მაკა ჩიჩუა ყოველთვის არღვევდა პირველ ლედისთან დაკავშირებულ სტერეოტიპულ ჩარჩოებს. მის ცხოვრებაში ამის არაერთი მაგალითია.

მაკა ჩიჩუას ინტერვიუ
- ბევრი სტერეოტიპი არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, თუნდაც ის, რომ პირველი ლედი ასოცირდება ხელოვნურ დავარცხნილობასთან, თქვენ ყოველთვის ინარჩუნებდით ბუნებრიობას. იყო ამის გამო გარკვეული წნეხი?
– არა, ძალიან მოვწონდი ყველას - საზღვრებს შიგნით თუ გარეთ და ჩემს გარეგნობასა თუ ჩაცმულობაზე ყოველთვის დადებითად საუბრობდნენ. ერთი-ორი გამოერეოდა და იტყოდა, რატომ არ აქვს თმა კარგად დავარცხნილიო, მაგრამ ძირითადად, აღტაცებას გამოხატავდნენ. უცხოურ ვიზიტებშიც რომ მივყვებოდი გიორგის, საელჩოებშიც გვეუბნებოდნენ, გვიხარია ჩვენს ქვეყანას რომ ასე წარმოაჩენთო. ცივილურ საზოგადოებაში ბუნებრიობა ყველას მოსწონს.
– ბევრს ჰქონდა მოლოდინი, რომ ძვირდად ღირებულ ბრენდებს მოირგებდით...
– კი, ეგ ინტერესიც იყო, აბა, რა ბრენდი აცვია?! დავიწყოთ იმით, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც იმ ხელფასით, რაც გიორგის ჰქონდა და მეც ჩემი არასტაბილური შემოსავლით, ამ ღირებულების ტანსაცმელს როგორ გავწვდებოდი?! გიორგის 5 000 ლარი ჰქონდა ხელფასი. მეორე – ტანსაცმელში როგორ უნდა დავხარჯო დიდი ფული, ვის ვაკვირვებ ამით? გარდა ამისა, არაჩვეულებრივი დიზაინერი მყავდა, მე მხატვარი ვარ და თვითონაც ვაკეთებდი კოსტიუმებს და ჩვეულებრივ, ჩემთვის სანდრო მკერავს ვაკერინებდი. მერე დათუნა სულიკაშვილმა შემომთავაზა თანამშრომლობა და მე მომწონდა მისი ნამუშევრები. ერთად ვაკეთებდით კოსტიუმებს დიდი პრეზენტაციებისთვის. ეგ კი არა, რაც მქონდა, იქიდან რაღაცები გადავაკეთეთ და ამ ტანსაცმლით მოვწონდი ყველას. მე ვფიქრობ, რომ ინდივიდუალობა არ უნდა დაკარგო. არ უნდა შეეცადო, შენი თავისგან ტანსაცმლით შექმნა რაღაც. ზოგადად, მიმაჩნია, რომ თავი არ უნდა აწვალო და როგორიც ხარ, იმისგან უნდა შექმნა საინტერესო პერსონაჟი. ეს არის ყველაზე მთავარი.

– სროცა ყველაფერი სწორად ვითარდება, ალბათ სტერეოტიპებისთვისაც ნაკლები ადგილია და პროცესები ჯანსაღად მიდის.
– სრულიად გეთანხმებით. სტერეოტიპი, ეს არის შეზღუდვა, როცა შენ არ შეგიძლია, თვალსაწიერი გაუფართოვო, მერე იწყებ რაღაცების მოგონებას და ტრადიციად მოხსენიებას. ტრადიციაა, რომ რაც შეიძლება, ლაღად, თავისუფლად, სიყვარულითა და პატივისცემით გაზარდო ადამიანი და არა შეზღუდვებით, რომ მოკლე შარვალი არ ჩაიცვას, თმა არ გაიზარდოს ან შეიჭრას და ასე შემდეგ. ამას წინათ მოვიდა ჩემი შვილი და მითხრა, ვარდისფერი მხოლოდ გოგონებს აცვიაო?! მაისური ეცვა ვარდისფერი ზოლებით და ბავშვებმა უთხრეს: ჰა, ჰა, ჰა, ვარდისფერი გაცვიაო. ასეთი ტიპის ბულინგი მთელ მსოფლიოშია, მეტ-ნაკლებად, მაგრამ აქ – განსაკუთრებით. ეს თავისუფლებას, თვალსაწიერს და სილაღეს ბოჭავს.
წაიკითხეთ სრულად