2023 წელს პოლიტიკოს ხათუნა სამნიძეს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. მას შემდეგ ის სიმსივნეს ებრძვის და მკურნალობის კურსს გერმანიაში აგრძელებს.
ცოტა ხნის წინ მას გადაცემა „დროება“ ეწვია. ინტერვიუში ხათუნამ უმძიმესი პერიოდის, დაავადებასთან ბრძოლის, შიშებისა და შვილთან ურთიერთობის შესახებ საოცრად გულწრფელად ისაუბრა. იგი ჰყვება, თუ როგორ შეცვალა ავადმყოფობამ მისი დამოკიდებულება საკუთარი სისუსტის აღიარების მიმართ და როგორ გახდა ოჯახის სიყვარული სიცოცხლისთვის ბრძოლის მთავარი მოტივაცია.

- რომ გავიგე, ავად ვიქნებოდი, რისიც შემეშინდა, ეს იყო უსუსურობა, იმიტომ რომ არასდროს დახმარება არავისთვის არ მითხოვია, რაც არის შეცდომა, არასწორი ცხოვრების წესი, მინდა ახლა ვთქვა უკვე. უცებ რომ წარმოვიდგინე, რომ მე უნდა მომიაროს ვინმემ და ჩემზე უნდა იზრუნოს, არავინ ასეთი არ არის, იმიტომ რომ არასდროს არ ყოფილა. ამან კიდევ ერთი შოკი მომანიჭა. ჩემი შვილი არ მინდოდა, რომ დასტრესილიყო - თან ახალგაზრდაა, ახლა დაიწყო მუშაობა, ახლა დაამთავრა უნივერსიტეტი და უცებ ამხელა ტვირთი... იმდენად ვეცადე მის მორიდებას და ეს მცდელობა იმაში გადავიდა, რომ საერთოდ მოშორდა ვითარებას, იმიტომ რომ ჩათვალა, თითქოს საკმარისად ძლიერად არ ჩავთვალე იმისთვის, რომ ჩემს გვერდით დამდგარიყო, და ავირჩიე მეგობრები ამისთვის. ამიტომ ის რაღაცნაირად დისტანცირდა და მალე ამან ისე შემაწუხა და ისე განვიცადე, რომ, რა თქმა უნდა, ვიფიქრე, რა ვქნა-მეთქი.
ერთხელ ვალაგებდი ძველ ნივთებს და ჩემი შვილის მიერ ბავშვობაში მოწერილი წერილები ვნახე, დედის დღეს რომ გილოცავენ და ასე შემდეგ. ყველგან უწერია: „შენნაირი ძლიერი დედა არ არსებობს, შენნაირი ძლიერი ადამიანი მე სხვა არ ვიცი და შენ ეს შეგიძლია...“ და იგივე სიტყვები მითხრა თითქმის, როცა გაიგო ეს დაავადება. მივხვდი, რომ ამ დისტანცირებასთან ერთად, რაც გავაკეთე, მთელი ცხოვრება მე მქონდა ეს ძლიერი დედის და ძლიერი ადამიანის იმიჯი, ყველაფერს რომ მიხედავს და გააკეთებს. ვეუბნებოდი კიდევაც, რომ „შენ რაც არ უნდა შეცდომა დაუშვა, შენს გვერდით ვიქნები“. სწორია ყველაფერი, მაგრამ ეს იმიჯი, რომ ძლიერი დედა ხარ, უნდა შემეცვალა, იმიტომ რომ ძლიერი დედა აღარ ვიყავი - ძალიან სუსტი ადამიანი ვიყავი, ძალიან დავსუსტდი და, პირიქით, მჭირდებოდა მისი გვერდში დგომა, და ვუთხარი. რთული იყო ძალიან, მაგრამ მივხვდი, რომ უნდა თქვა - კომუნიკაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამან შეცვალა ძალიან ჩემი შვილი მის მერე. და ჰო, მის მერე განსაკუთრებული მხარდაჭერა ვიგრძენი მისი მხრიდან.
მანამდე ჩემი შვილისთვის ვიყავი მეგობარი, მაგრამ არა დაქალი - სულ ვამბობ ამას. მეგობარი, მხარდამჭერი უფრო, სრული დამოუკიდებლობის მომხრე, თავისუფლების და იმის, რომ შენი პასუხისმგებლობაა ეს ცხოვრება, არჩევანი, ყველა... ასე შემდეგ. აქედან უნდა გამოვსულიყავი, ანუ აქედან უნდა მეჩვენებინა, რომ არა, ახლა მჭირდება მე შენი გვერდში დგომა, შენ უნდა იყოს ჩემი მხარდაჭერა, შენ უნდა იყოთ ჩემი ემოციური მხარდაჭერა. სხვათა შორის, გულჩვილი გავხდი - რა თქმა უნდა, მთელი ნერვული სისტემა დანგრეულია, მთელი სხეული დანგრეულია და ყველაფერი არის უფრო სუსტი. ნებისმიერი ემოცია ძალიან მოქმედებს.
საკმაოდ კარგად მიჭირავს თავი მანამ, სანამ სალომე ჩემთან ერთადაა. ანუ სალომეს რომ დავინახავ, როგორც კი მოვა, ჩემი სამყარო იცვლება იმით, რომ მე სიცოცხლე მინდა და მეტირება, და ახლა ვცდილობ, რომ ეს ემოციები აღარ ვაჩვენო, იმიტომ რომ, ანუ, მორჩა, ნამეტანია. ანუ მივხვდი, რომ ყველაფერს ავიტან, არც სიკვდილის მეშინია, ყველაფერზე ნაფიქრალი მაქვს, მაგრამ აი მას რომ ვხედავ, აი ძალიან მინდა, რომ დიდხანს ვიცოცხლო და მასთან ერთად... აი ძალიან, ტირილამდე მინდა.
განსაკუთრებით მას მერე მივხვდი ამას, აი მეორედ რომ გამირთულდა ყველაფერი და ხუთი ოპერაცია რომ გამიკეთეს ერთ კვირაში - ყოველ ორ დღეში რომ ოპერაციას მიკეთებდნენ და დაინგრა ჩემი სამყარო, აი ყველანაირი იმედი და ყველანაირი რწმენა, რომ რაიმე გამოვიდოდა ამ ყველაფრისგან. რომ გავიღვიძე და სტომაც დამხვდა, რისიც არ მეშინოდა, არც მიფიქრია ამაზე, მაგრამ დედას ეშინოდა, მახსოვს, და არც დასჭირვებია... მას არ დასჭირვებია, მაგრამ აი რომ გავიღვიძე, რომ დამხვდა და რომ მივხვდი, ახლა მთელი ჩემი ცხოვრება სრულიად უნდა შეიცვალოს-მეთქი, იმიტომ რომ ცხოვრების ხარისხიც იცვლება, ისეთი შიში გამიჩნდა ცხოვრების... სიკვდილის კი არა, რომ ძალიან მომინდა სიკვდილი. ვნატრობდი სიკვდილს. ახლა მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ: ვნატრობდი, ვეხვეწებოდი ღმერთს, რომ ასეთ სიცოცხლეს ვერ შევძლებდი. მაგრამ ეს ჩემი არჩევანი და გადასაწყვეტი არაა, არც მე ვიცი, რა შემიძლია და რა - არა, და არც უფლება მქონია ამის... მქონია კი არა, ვიცოდი, მაგრამ იმ მომენტში ძალიან გამიჭირდა.
ჩემი შვილი ჩამოვიდა მაგ დროს. ჩემმა ძმამ დაურეკა, რომ უნდა ჩამოხვიდეო, ყველაფერი ცუდად არისო, და რომ მოვიდა, ვუთხარი: გამოსამშვიდობებლად დაგიძახეთ-მეთქი. ნუ, გაგიჟდა - რას ჰქვია გამოსამშვიდობებლად დამიძახეო, მე ამისთვის არ ჩამოვსულვარო, ძალიან საჩხუბრად მოემზადა, რომ არა. მაგრამ მე დარწმუნებული ვიყავი, ისე ველაპარაკებოდი, და ისეთი რაღაცები მითხრა უცებ, რომ მივხვდი, რომ არსად... არაფერიც არ მინდა და არსად წასვლა, და ისე ვიგრძენი, რომ მენატრებოდა ეს ცხოვრება... ამას ვერ ავხსნი, აი ხორცის დონეზე ვიგრძენი, ხორცის... არა მხოლოდ შიგნით სული და სისხლი, ხორცის დონეზე ვიგრძენი, რომ სიცოცხლე მინდოდა და არა, არა, გაუძლებდი, შევძლებდი.
მიუხედავად იმისა, რომ სარკეში რომ გავახედე... ანუ ეტლით რომ მიმიყვანეს სარკესთან, სარკეში რომ ჩავიხედე, თავსაც კი ვერ ვიჭერდი და დავინახე მოხუცი ქალი, სრულიად განადგურებული, მოხუცი... ანუ დავბერდი იმ დღეებში და ვერც იცნობდა თავის თავს, ვერ ვიცანი. მიუხედავად ამისა, აი ასე ვიყავი... ჩემი შვილი რომ ჩამოვიდა და მითხრა: „მე აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ იბრძოლოო“, და ჩემი პატარა ძმისშვილი რომ მოვიდა, 4 წლის, ხელზე რომ მაკოცა და ასეთ ვიდზე, ასე რომ ვთქვათ, არ შეეშინდა ბავშვს, მოვიდა და: „ხათუნა, მე ველოდები, შენ როდის ადგებიო, იმიტომ რომ საქმე მაქვსო, ვითამაშოთო...“ მაშინ ვიგრძენი, აი ხორცამდე, რომ არსადაც არ მინდა წასვლა და, ნუ, ღმერთმა გადაწყვიტა, რომ მეორე სურვილი უფრო მნიშვნელოვანი იყო, და გადავრჩი.