"დღეს იმ ადამიანზე ვისაუბრებ, ვინც ჩემი პროფესიული ცხოვრება განაპირობა, რომ არა შალვა გაწერელია, არავინ იცის, დღეს სად ვიქნებოდი", - ამბობს მსახიობი თათული ედიშერაშვილი და იხსენებს პედაგოგს, რომელმაც არა მხოლოდ პროფესია ასწავლა.

- შთაბეჭდილება შეიძლება ბევრმა ადამიანმა მოახდინოს, მათი გავლენის ქვეშ მოექცე. "გავლენა" ცუდი სიტყვა სულაც არ არის, ზოგიერთი დამაკნინებლად რომ მიიჩნევს. ჩემს ცხოვრებაშიც მრავლად იყვნენ ასეთი ადამიანები, მაგრამ გამორჩეულად ერთ პიროვნებაზე ვისაუბრებ.
წლების წინ 16 წლის პატარა გოგომ გადავწყვიტე, თეატრალურის სტუდენტი გავმხდარიყავი. მე არ ვიყავი მსახიობების ოჯახიდან, არ მქონია განსაკუთრებული ბმა თეატრალურ საზოგადოებასთან. გინდა თუ არ გინდა, გარემო პირობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს პროფესიულ არჩევანზე. რაღაცები ან გვიიოლდება, ან გვირთულდება. შალვა (მუმუშა) გაწერელია იყო ის ადამიანი, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს ჩემი ბედ-იღბალი გადაწყვიტა.
ჩვენი პირველი შეხვედრა ბუნდოვნად მახსოვს. თეატრალურში ტურები ადრიანად იწყებოდა. 14 ივნისს ვარ დაბადებული და პირველი ტური 16 რიცხვში მქონდა. კომისიის წინ რომ დავდექი, ასაკი მკითხეს, ვუთხარი, რომ 16 წლის ვიყავი. მალე გამახსენდა, არა, არა, 17 წლის ვარ-მეთქი. იმდენად დაბნეული ვიყავი, 2 დღის წინ 17-ის რომ გავხდი, აღარ მახსოვდა. ბატონმა შალვამ გამიღიმა. აბა, დაიწყეთ! დამკვირვებლის თვალით მიყურებდა. გულში გავიფიქრე, თათული, შენი ასაკი ვერ თქვი სწორად, რისი იმედი გაქვს? იქიდან ხელფეხდაბუჟებული გამოვედი, საკუთარი თავით უკმაყოფილო, თან როცა იცი, ადამიანი არ მოიძებნება ქვეყანაზე, ვინც სიტყვას წაგაშველებს. მეორე ტურზე ბატონი შალვა არ იყო, მესამე ტურს ესწრებოდა, მითხრა, აბა, თქვენ გამოდით, რა გვარი ხართ? ორი წუთის შემდეგ კიდევ მკითხა, თქვენ რა გვარი ხართ? ყველა კითხვას და ყველა გაწურვას, იმას მივაწერდი, რომ საქმე კარგად ვერ მქონდა და რაღაცას ეჭიდებოდა, მიუხედავად ამისა, ცუდზე არ ვფიქრობდი... საბოლოოდ იმ ხუთ გოგოში აღმოვჩნდი, რომლებიც ბატონმა შალვამ 7 ბიჭთან ერთად აგვიყვანა. ეს იყო ბოლო უფასო კურსი თეატრალურში, მერე სწავლა ფასიანი გახდა.
ფანტასტიკური ჯგუფელები მყავდა, მაღლები, კარგები, ნიჭიერები. მე ვიყავი ყველაზე პატარა და გაწრიპული, მაგრამ ყოველთვის ჩემი ნიშა მქონდა. შალვა გაწერელიას რომ არ გადაეწყვიტა ჩემი აყვანა, არავინ იცის, დღეს სად ვიქნებოდი. ის იყო უმაღლესი რანგის პედაგოგი, რეჟისორი, პიროვნება. წლების მანძილზე ყოველი პროფესიული წარმატებისა და სიხარულის დროს ყოველთვის შალვა გაწერელიას ვეუბნები მადლობას, ხან სიტყვით, ხან გულში, მისადმი მადლიერების გრძნობა მთელი ცხოვრება მექნება. უცნაური ადამიანი იყო, მკაცრი დისციპლინის მოყვარული. თუ გაბრაზდებოდა, საუბარს თქვენობით იწყებდა, ეს უკვე ნიშანი იყო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ადამიანმა მასწავლა პროფესია, ურთიერთობები ამ პროფესიაში, მასწავლა წინ გახედვა, ფიქრი კოლეგაზე...