ნეკა სებისკვერაძე დაიბადა 1984 წლის 9 დეკემბერს, ქალაქ თბილისში. მან დაამთავრა თბილისის 57-ე საშუალო სკოლა, ევგენი მიქელაძის საკრავიერი კოლეჯის საფორტეპიანო კლასი და ი. ჭავჭავაძის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროფესიით ჟურნალისტია.
მისი, როგორც მომღერლის, სასცენო დებიუტი 6 წლის ასაკში შედგა. სატელევიზიო დებიუტი კი 9 წლის ასაკში, გადაცემა „ალიონში“, მუსიკათმცოდნე ქალბატონ მაია დათუნაშვილის რუბრიკაში ჰქონდა.
მისი აქტიური შემოქმედებითი პერიოდი 13 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტის წოდება მიენიჭა. ამ მომენტიდან მუსიკა მისი ცხოვრების თანამგზავრად იქცა.
წლების განმავლობაში იგი გახლდათ თბილისის მერიაში კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავმჯდომარე.

„ღამის შოუს“ სტუმრობა და პირადი ისტორიები
ნეკა სებისკვერაძე „ღამის შოუს“ სტუმარი იყო, სადაც კარიერულ სიახლეებთან ერთად, საკუთარ ცხოვრებაზეც ისაუბრა:
„წლების წინ მოხდა ეს ამბავი. ნუ, მოგეხსენებათ, ვინც თვალყურს ადევნებს, მართლა ბავშვობიდან ვმღერი და რაღაც მქონდა, საბედნიეროდ, ის წარმატება, რომ ტელევიზიით ვჩანდი უკვე პატარა ასაკიდან...
და მხვდება საკმაოდ უფროსი თაობის არაჩვეულებრივი, გარეგნობის ძალიან წარმოსადეგი ქალბატონი და ძალიან დიდი სიყვარულით მეუბნება, რომ: „როგორ მოგვენატრეო, როგორ გვაკლიხარო, თქვენ ხომ ჩემი ახალგაზრდობის მომღერალი ხართო!“ და აღარ ვიცოდი, რა მეპასუხა და მერე გავაანალიზე, რომ ალბათ ძალიან პატარაობიდან რომ ვჩანვარ, თანატოლი ეგონა! ნამდვილად მინიმუმ 20-25 წლის...“

მან ასევე ისაუბრა საკუთარი სახელის შესახებაც:
„სინამდვილეში ჩემს სახელს ის ახსნა აქვს, რომ საპასპორტო სახელით გახლავართ ნელი. ამას არ ვმალავ, თუმცა ესე საეთეროდ, მე მგონი, პირველად ვამბობ შენს ეთერში და რაც შეეხება ნეკას, უკავშირდება მხოლოდ იმას, რომ ძალიან პაწაწუნა დავიბადე...“