„ბევრს ჰგონია, რომ ეს მხოლოდ წამოხურება და ოფლიანობაა...“ - პენელოპე კრუზმა პერიმენოპაუზის უცნობ და შოკისმომგვრელ სიმპტომზე ისაუბრა - Marao

„ბევრს ჰგონია, რომ ეს მხოლოდ წამოხურება და ოფლიანობაა...“ - პენელოპე კრუზმა პერიმენოპაუზის უცნობ და შოკისმომგვრელ სიმპტომზე ისაუბრა

2026-08-11 11:49:02+04:00

თუ პენელოპე კრუზის შემოქმედებასა და ინტერვიუებს თვალს ადევნებთ, გეცოდინებათ, რომ ის წლებია ღიად და ხმამაღლა საუბრობს ქალთა ჯანმრთელობაზე - განსაკუთრებით კი მენოპაუზასა და პერიმენოპაუზაზე.

სერტიფიცირებულმა მეან-გინეკოლოგმა, დოქტორმა მერი კლერ ჰავერმა განმარტა: „პერიმენოპაუზა არის პერიოდი, როდესაც ორგანიზმი იწყებს ჰორმონალური ცვლილებების სიგნალების მოცემას. ეს პროცესი შესაძლოა 7-დან 10 წლამდე გაგრძელდეს - მენსტრუაციის სრულ შეწყვეტამდე“. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ორგანიზმის ბუნებრივი გადასვლის ეტაპი მენოპაუზამდე.

penelope-cruz

ჯერ კიდევ 2019 წელს, ჟურნალ Tatler-თან ინტერვიუში, ოსკაროსანმა მსახიობმა აღნიშნა:

„ჰორმონები მართავენ სამყაროს... ქალის ცხოვრებაში არის ეტაპები, რომლებიც უნდა ვაღიაროთ, გავიაზროთ და მათ თავისი სახელი დავარქვათ. ქალის სხეულის გარშემო ძალიან ბევრი ტაბუ არსებობს, რაც, ჩემი აზრით, უპატივცემულობაა. შესაძლოა იფიქროთ: "რა კავშირია ჰორმონებსა და პატივისცემას შორის?" პირდაპირი! ისეთი სიტყვები, როგორებიცაა "მენსტრუაცია", "მშობიარობის შემდგომი დეპრესია", "მენოპაუზა" - დღესაც კი, სუფრასთან რომ ახსენო, ყველას უხერხულობა ეუფლება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მაგიდასთან მამაკაცებიც სხედან“.

  • დღეს, 40 წლის ასაკში, იტალიელი მოდელი სრულყოფილების ილუზიას ამსხვრევს და საუბრობს იმაზე, რაც ხშირად კამერების მიღმა რჩება

ამჯერად, პენელოპემ და მისმა კოლეგამ, მსახიობმა და რეჟისორმა ოლივია უაილდმა, თავიანთ ახალ ფილმზე The Invite მუშაობისას, გამოცემა Allure-თან ინტერვიუში პერიმენოპაუზის თემა კვლავ წამოჭრეს.

როდესაც ოლივიამ პენელოპეს ჰკითხა, თუ პერიმენოპაუზის რომელი მხარეა ყველაზე ნაკლებად განხილული საზოგადოებაში, 52 წლის ვარსკვლავმა უპასუხა:

„ეს პროცესი შეიძლება 10-12 წელი გაგრძელდეს და დაიწყოს 40 წლის ასაკშიც კი. ჰორმონალური ცვალებადობა ხანდახან სრულიად გიჟურია. მახსოვს, 41 წლის რომ გავხდი, ექიმმა მითხრა: "შენი ჰორმონები მომდევნო 10-12 წელი ნამდვილ ცეკვა-თამაშს მოაწყობენო". მეგონა, ცუდი ხუმრობა იყო და ამას ვერ გაუძლებდი“.

კრუზმა განმარტა, რომ საკვერცხის კისტების გამო ჰორმონების მკვეთრ ცვლილებებს ხშირად განიცდიდა და დღემდე განიცდის. „ქალებმა ეს უნდა იცოდნენ, რათა საკუთარი სხეული წინასწარ მოამზადონ“, - თქვა მან.

როდესაც უაილდმა სთხოვა დაესახელებინა კონკრეტული სიმპტომი, რომელსაც ხშირად პერიმენოპაუზას ვერ უკავშირებენ, პენელოპემ თქვა: „ბევრს ჰგონია, რომ ეს მხოლოდ წამოხურება და ოფლიანობაა. მე, მაგალითად, ეს სიმპტომი საერთოდ არ მქონია“.

  • ადრეული მენოპაუზა: რა უნდა იცოდეთ და როგორ აიცილოთ თავიდან მენოპაუზა 35-45 წლის ასაკში

აქ ოლივია უაილდი ჩაერთო: „შენ გამაცანი "გაყინული მხრის"  სინდრომი (Frozen Shoulder)“ - სამედიცინო ენაზე ცნობილი, როგორც ადჰეზიური კაფსულიტი.

მედიკოსების განმარტებით, მენოპაუზისა და პერიმენოპაუზის დროს ჰორმონალურმა ცვლილებებმა შესაძლოა გამოიწვიოს მხრის სახსრის დაჭიმულობა, მოძრაობის შეზღუდვა და ძლიერი ტკივილი. ოლივიამ აღნიშნა, რომ ამ სიმპტომის შესახებ სწორედ პენელოპესგან შეიტყო ფილმის გადაღებებისას. „ახლა სულ "გაყინულ მხარზე" ვფიქრობ და ველოდები, როდის გაშეშდება ჩემი მხარიც“, - იხუმრა ოლივიამ.

penelope-cruz

საზოგადოების გამოხმაურება

ვარსკვლავების ამ გულახდილ დიალოგს ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ათასობით ქალმა გადაუხადა მადლობა მათ ტაბუირებული თემის საჯაროდ განხილვისთვის:

  • „ძალიან მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს ამ თემებზე საჯაროდ ვსაუბრობთ. გული მწყდება ჩემს დედაზე, ბებიასა და წინა თაობის ქალებზე, რომლებსაც პერიმენოპაუზის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ“, - წერს Reddit-ის მომხმარებელი.
  • „უზომოდ მადლიერი ვარ პენელოპესი, ოლივიასი და ჰალი ბერის, რომლებიც მენოპაუზაზე ღიად საუბრობენ. ეს თემა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ეხება, თუმცა ინფორმაციის ნაკლებობის გამო ქალები ხშირად სრულიად უმწეოდ და მარტოდ გრძნობენ თავს“.
  • „დღეს შეიტყო ჩემმა გონებამ, რომ მხრის ძლიერი ტკივილი, რომელიც 8 თვეა მაწუხებს, სავარაუდოდ პერიმენოპაუზის ბრალია! პენელოპე კრუზი უფრო უკეთ აღმოჩნდა ინფორმირებული ქალის ჯანმრთელობაზე, ვიდრე ათობით მამაკაცი ექიმი, რომლებთანაც ბოლო 5 წელი დავდიოდი“, - აღნიშნავს კიდევ ერთი მომხმარებელი.

მსახიობების თქმით, მსგავსი დიალოგები საზოგადოებას დაეხმარება, უკეთ გაიგოს ქალის ორგანიზმში მიმდინარე ბუნებრივი პროცესები და მოხსნას სტიგმა თემიდან, რომელიც მილიონობით ქალს ეხება.