„სანამ სამართლებრივად არ ვაგებინებ პასუხს ამ ამბის მთავარ გამავრცელებლებს, ბოლო კომენტარს გავაკეთებ“ - რას წერს ნინი შერმადინი - Marao

„სანამ სამართლებრივად არ ვაგებინებ პასუხს ამ ამბის მთავარ გამავრცელებლებს, ბოლო კომენტარს გავაკეთებ“ - რას წერს ნინი შერმადინი

2026-08-12 11:21:01+04:00

მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბრალდებებსა და კრიტიკას ეხმაურება. საქმე ეხება ინფორმაციას, თითქოს ის 2012 წელს რუსეთში მღეროდა, ასევე 2005 წელს მოსკოვში მის ყოფნას.

  • "ავადმყოფებო! სანამ ჩემს სახელს რუსეთთან ახსენებთ კარგად დაფიქრდით!" - ნინი შერმადინი მიმართვას ავრცელებს

მომღერლის თქმით, ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ცილისწამება, რისთვისაც ის სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

shermadini

რას წერს ნინი შერმადინი?

„ბოლო კომენტარს გავაკეთებ იქამდე, სანამ სამართლებრივად არ ვაგებინებ პასუხს ქეთევან მიქიშვილი იქნება ეს თუ ლაშა ნაცვლიშვილი - ამ ამბის მთავარ გამავრცელებლებსა და „პოსტივის“, რომელმაც შარშან გაავრცელა რაღაც ყალბი რუსული გაზეთის აფიშა, სადაც თითქოს 2012 წელს ვიმღერე რუსეთში. მაშინვე მივმართე ელფოსტით, რომ შეცდომა იყო, თუმცა რეაგირება - ნული.

ალბათ არასდროს გაგიგიათ ჩემგან ემიგრანტების არც ლანძღვა, არც კრიტიკა და არც იმ ადამიანების, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. ყველას ჩვენი არჩევანი და შეხედულება გვაქვს. ყველას სიყვარულით მოვიხსენიებ და ვეთანამშრომლები/ვეურთიერთები, მიუხედავად პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობისა.

2005 წელს მე არ მიმღერია რუსეთში, არც კონცერტი გამიმართავს და არც ფული ამიღია! მე ვიყავი საქართველოს სახელით „ახალი ტალღის“ შიდა შესარჩევ კონკურსზე, სადაც წარვადგენდი საქართველოს და არა ნინი შერმადინს. რამდენადაც ყველას გახსოვთ, არ შემირცხვენია სამშობლო! რუსეთში კარიერის არგაგრძელება იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება; მიუხედავად ბევრი შემოთავაზებისა ჯერ კიდევ 2005 წელს, არც მაშინ ვიყავი კეთილგანწყობილი აფხაზეთის ომის შემდეგ, რადგან ბებია სოხუმელი მყავდა და სრული სიმძაფრით ვიცოდი, რაც მოხდა აფხაზეთში. არც იურმალის კონკურსზე გასვლა ყოფილა ჩემი პირადი ნება - ტელეკომპანია „იმედმა“ გააგზავნა რამდენიმე „ნუცას სკოლელის“ კანდიდატურა და მოხდა ისე, რომ მე ამირჩიეს. არც რუსოფობი ვარ, არც ხალხი მძულს და არც მათი ენა თუ კულტურა. მე მძულს მათი ბინძური და დაუნდობელი პოლიტიკა თავიანთი შიზოფრენიკი პრეზიდენტით!

  • ნინი შერმადინის უკანასკნელი მიძღვნა პატრიარქს: "მეც ბოლოჯერ ვუმღერებ მის საყვარელ სიმღერას"

დღეს ვინმე ლაშა თუ ქეთევანი ხალხს ალანძღვინებს ჩემს თავს, თუ რატომ ვიყავი 2005 წელს მოსკოვის ტერიტორიაზე, მადანაშაულებს ფარისევლობაში, ერის ღალატში, მიზანმიმართულად მილახავს რეპუტაციას და მაყენებს მორალურ ზიანს. პოსტი კი წაშალა და დამბლოკა, მაგრამ მაქვს ყველა „სქრინი“, სადაც ტროლები მაგინებენ გარდაცვლილ მშობლებს უშვერი სიტყვებით. რამდენადაც ვიცი, ცილისწამება და ღირსების შემლახავი სტატუსები ისჯება კანონით, ჰოდა, მეც მოვითხოვ, კანონი იყოს სიმართლის მხარეს! თუ მე ვარ დამნაშავე რამეში, მეც გამასამართლეთ!

კიდევ ბევრჯერ და ხმამაღლა ვიტყვი: რუსეთი ოკუპანტია! იმედი მაქვს საზოგადოების, კოლეგებისა და ნაცნობების მხარდაჭერის. მადლობა ყურადღებისთვის!

პ.ს. იქნებ შეიგნოთ, რომ არცერთი პარტიის მიმდევარი არ ვარ და არც არასდროს ვიქნები პარტიული. თქვენდა გასაკვირად, არსებობენ მსგავსი ადამიანები, რომლებსაც არ გვაღელვებს არც „ნაცი“ და არც „ქოცი“! ასე ორ ნაწილად დაყოფილები და ერთმანეთზე დაპირისპირებულები სანამ დავჭამთ ერთმანეთს, არც რუსია საჭირო და არც არაბი... ქეთი რაღაცაგვარო, მაგ სიმართლით იარე შენც, შენმა მოდგმამაც და შენმა შთამომავლობამაც, როგორი მართალიც ხარ ჩემთან! არც თქვენი ბინძური პროპაგანდის მეშინია, რადგან მართალი ვარ და სინდისიც სუფთა მაქვს საკუთარ თავთან, ჩემს ყველაზე მაგარ მშობლებთან და, რაც ყველაზე მთავარია, სამშობლოსა და უფლის წინაშე!“