ქართულ-აზერბაიჯანული ხელოვნება კოპენჰაგენის პოდიუმზე: გალიბ გასანოვის ემოციური დებიუტი და „თეთრით“ გაფორმებული კოლექცია - Marao

ქართულ-აზერბაიჯანული ხელოვნება კოპენჰაგენის პოდიუმზე: გალიბ გასანოვის ემოციური დებიუტი და „თეთრით“ გაფორმებული კოლექცია

2026-08-13 15:31:45+04:00

კოპენჰაგენის დანიის ეროვნული გალერეის (SMK) ატრიუმი ის ადგილია, სადაც წარსული აწმყოს ხვდება. სივრცე, რომელსაც სიყვარულით „ქანდაკებათა ქუჩას“ უწოდებენ, მე-19 საუკუნის ნეორენესანსის სტილის სასახლეს თანამედროვე მინის მინაშენთან აკავშირებს, საიდანაც უხვად შემოდის სინათლე და ირგვლივ მწვანე მცენარეებია ჩამწკრივებული. ეს იდეალური გარემო აღმოჩნდა მილანში მოღვაწე დიზაინერის, გალიბ გასანოვის ბრენდის - Institution-ის კოპენჰაგენური დებიუტისთვის, რომელიც Zalando Visionary Award-ის გამარჯვების აღსანიშნავად გაიმართა.

  • ისტორიული წარმატება - აზერბაიჯანული წარმოშობის ქართველი დიზაინერი, გალიბ გასანოვი LVMH Prize-ის ფინალშია

კოლექციამ ერთმანეთთან დააკავშირა ტრადიციული ქართული და აზერბაიჯანული ხელოსნობა და თანამედროვე აღქმა. ეს სინთეზი უკვე პოდიუმიდანვე დაიწყო, რომელიც კავკასიიდან, ანატოლიიდან, ჩრდილოეთ ირანიდან და ცენტრალური აზიიდან ჩამოტანილი მდიდარი, ოსტატურად მოქსოვილი ხალიჩებით იყო მოფენილი.

„მე ამ ხალიჩების გარემოცვაში გავზარდე და მათზე ფეხსაცმლით არასდროს დავდიოდით. სახლში შესვლისას ფეხსაცმელს ყოველთვის კართან ვტოვებდით“, — აღნიშნა გასანოვმა.

galib

ქვემო ქართლელი დების მოქსოვილი „ჯორაბები“

როდესაც მოდელები გამოვიდნენ, მათ ეცვათ სქელი „ჯორაბის“ წინდები, რომლებიც ორმა აზერბაიჯანელმა ოსტატმა საკუთარი პირუტყვის შალისგან ხელით მოქსოვა. ეს გახლავთ დები, რომლებიც გასანოვმა გასულ ნოემბერში, საქართველოს ქვემო ქართლის რეგიონში გაიცნო.

„ყოველთვის მიყვარს კოლექციაში ადამიანური ისტორიებისა და იმ მივიწყებული ხელოსნობის ჩართვა, რომელსაც დღეს აღარავინ აფასებს. ამ ყოველივეს წარმოჩენა და ახალგაზრდა თაობამდე მიტანა Institution-ის მთავარი მისიაა“, - თქვა დიზაინერმა.

  • "დღეს მილანში ქართული დღეა!" სამი ქართველი დიზაინერი Milan Fashion Week-ზე

კოლექცია სავსე იყო მშობლიური სახლის მოგონებებით, თუმცა გასანოვმა მაინც მოახერხა დანიურ მოდასთან ორგანული კავშირის დამყარება. მან ზუსტად დაიჭირა ის სუფთა ხაზები და ელეგანტური მინიმალიზმი, რომლითაც კოპენჰაგენია ცნობილი. თუმცა, აქ ორმაგობაც იგრძნობოდა - განსაკუთრებული ნიუანსი იმისა, თუ როგორ მიანიჭა მან სამოსს სიმყუდროვე და სითბო (hygge). სხვა დიზაინერის ხელში ეს სკულპტურული მოსასხამები და ჰაეროვანი შალები, შესაძლოა, მონასტრულად ან ზედმეტად მკაცრად გამოჩენილიყო, თუმცა გასანოვმა ისინი საოცრად დამცველ, მყუდრო სამოსად აქცია.

კონსტრუქტივიზმი და ქართული თეთრი

ჩვენება წელში გამოყვანილი, ოვერსაიზ სტილის სამოსით გაიხსნა, რომელთა თეთრი და ბეჟი ქსოვილის ნაკეცები, ბალიშებიან თეძოებზე დაშვებული, გასანოვის ბავშვობის კონსტრუქტივისტულ ქანდაკებებს ეხმიანებოდა. დანაოჭებული ვერსია წელიდან გაშლილ, მომრგვალებულ მხრებს ერწყმოდა, ხოლო თხელი კარდიგანის ვერსია ნახევრად გამჭვირვალე და თავისუფლად დაშვებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ გასანოვი ჩვეულებრივ შავ და ყავისფერ ტონებს ანიჭებს უპირატესობას, ღია ფერებმა ოსტატობას უფრო მეტად გაბრწყინების საშუალება მისცა - კოლექცია ერთდროულად უფრო მდიდარიც გამოჩნდა და უფრო მსუბუქიც.

ჩვენება დაახურა ნაზი აბრეშუმის შიფონისგან შექმნილმა სამმა თეთრმა ლუქმა, რომლებიც ჩხრიალა ქართული „თეთრის“ მონეტებით იყო გაფორმებული. ეს წვრილი ფულადი ერთეული 1995 წელს, საბჭოთა კავშირისგან საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ოთხი წლის შემდეგ შემოვიდა.

გასანოვის თქმით, მონეტების გამოყენება - და მათი ახლებური ინტერპრეტაცია - მცირედი მინიშნება იყო საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციაზე, სადაც რეპრესიებმა ბოლო წლებში კვლავ იჩინა თავი. ამავდროულად, ეს მონეტები არის რაღაც ისეთი, რასაც საქართველოში თითოეული ადამიანი ყოველდღიურად ეხება. ხალიჩების მსგავსად, ისინიც სახლისა და სამშობლოს კიდევ ერთი მოგონებაა.

galib