მომღერალი თამუნა ამონაშვილი და რეზიკო არჩვაძე ცოტა ხნის წინ ტყუპების - იონასა და მელანიას მშობლები გახდნენ. მომღერალმა ნოე სულაბერიძის გადაცემაში სტუმრობისას საკუთარ პირად ცხოვრებაზე, მეუღლესთან ურთიერთობასა და იმ განვლილ გზაზე ისაუბრა, რომელმაც მათ 22-წლიან მყარ კავშირს ჩაუყარა საფუძველი.

თამუნა ამონაშვილის ინტერვიუ
- ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა ამაზე, თუმცა ჩემ გარშემო - განსაკუთრებით შოუბიზნესში - უამრავი ქალია, რომელიც მეუღლეზე ასაკით უფროსია. ამაზე არც ვფიქრობდი. მეტიც, დღესაც და მაშინაც სულ მეგონა, რომ რეზიკო ჩემზე უფროსი იყო.
ჩვენ შორის 8 წელია სხვაობა, რაც სრულიად ჩვეულებრივი ამბავია. როდესაც ზრდასრული ხარ, ასაკს მნიშვნელობა აღარ აქვს. დღემდე არ მაქვს ეს მომენტი - შინაგანად მართლა 25-30 წლის განწყობა მაქვს ყველაფრის მიმართ.
რეზიკოს ორწლიანი დევნის შემდეგ, ლალი ტოტიკაშვილმა გაგვაცნო ერთმანეთი. კლიპის გადაღება გვინდოდა სიმღერაზე „ეს ერთი ღამე“, რეზიკო კი რეჟისორი იყო. საკმაოდ კარგი კლიპი გადაიღო. გადაღებების დასრულებას, ჩემს ამერიკულ ტურნესა და დაბრუნებას შორის საკმაოდ დიდი დრო გავიდა.
ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რომ ეს ადამიანი საოცარი საყრდენი იყო - ჯარისკაცივით მედგა გვერდით ყველა საქმესა თუ მიმართულებაში. მისგან ისეთ პიროვნულ ძალას ვგრძნობდი, რომ გადავწყვიტე, ეს ნაბიჯი გადამედგა. ალბათ ასეთ რამეებს მარტო ჩვენც არ ვწყვეტთ და ზემოდანაც წყდება.
სანამ გავყვებოდი, გრძნობები უკვე მქონდა, თუმცა ნამდვილი სიყვარული თანაცხოვრებისას იწყება. როდესაც ადამიანში უამრავ ახალ თვისებას აღმოაჩენ, სიყვარულიც სრულიად სხვა ფაზაში გადადის - აქ უკვე ვნებაზე მეტად პიროვნული თვისებები გიყვარდება.
უკვე 22 წელია ერთად ვართ. მასში ისეთი რაღაცები აღმოვაჩინე, რასაც სხვაგან ვეღარც ვნახავდი. მადლობა უფალს, რომ ეს შემაძლებინა. რა თქმა უნდა, იყო გაბრაზებებიც - ხან მე ვიყავი თბილისში, ხან ის მოსკოვში, მაგრამ საბოლოოდ მაინც სიყვარულმა გაიმარჯვა, რადგან ორივე ერთ ტალღაზე ვისხედით