მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი მაიკო კაჭკაჭიშვილი ქართველი მსმენელისთვის უკვე არაერთი წელია საყვარელი ხელოვანია. გარდა იმისა, რომ მის მიერ შექმნილი თუ შესრულებული ჰიტები უამრავი თაობისთვის იქცა გზამკვლევად, დღეს მაიკო საკუთარ სტუდიას ხელმძღვანელობს - თავის ცოდნას, მდიდარ გამოცდილებასა და ენთუზიაზმს ახალგაზრდებს უზიარებს.
მის გზას წარმატებით აგრძელებენ შვილებიც - ტყუპები, დათო და ზუკა ლაზარიშვილები. რამდენიმე წლის წინ დათუნამ ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში ჩააბარა და სწავლის გასაგრძელებლად 50%-იანი დაფინანსებაც მოიპოვა.
განვლილი გზის, პროფესიული თუ ოჯახური გამოცდილების შესახებ მაიკო კაჭკაჭიშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი, ემოციური წერილი გამოაქვეყნა.

მეჩვენება, რომ ძალიან დიდი გზა უკვე გავიარე. ახლა 45 წლის ვარ. 14 წლიდან ბათუმში დავიწყე მუშაობა - ავიყვანე მოსწავლე და ჩემი პირველი ხელფასი იყო 60$. მაგას რა დამავიწყებს, როგორ ვიგრძენი თავი თავდაჯერებულად.
17 წლისა წამოვედი თბილისში. აქ არავის ვიცნობდი და, შესაბამისად, მუსიკით ვერ დავკავდი. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე გამომეცხო ჩემი საყვარელი აჭარული ბაქლავები და ჩამებარებინა მაღაზიაში. დიდ შრომას მოითხოვს ბაქლავა, ამიტომ ღამეს ვათენებდი და დილით ვაბარებდი.
ამასთანავე, დავიწყე სწავლა მეორე მუსიკალურ სასწავლებელში და მოვხვდი ქალბატონ ირინა ებრალიძესთან, რომელსაც ძალიან ვუყვარდი (მეც, ანალოგიურად). ერთ დღესაც მირეკავს ირინა და მეუბნება: სტუდია „ბომბორას“ ვოკალის პედაგოგი სჭირდება და უნდა წახვიდეო. 18 წლის ვარ, წავედი და ქალბატონ ლია ხორბალაძის სტუდიაში დავიწყე მუშაობა. ჩემი პედაგოგობის პერიოდში არაერთი გრან-პრით დაჯილდოვდნენ ჩემი მოსწავლეები.
შემდეგ გავიცანი ლევან ლაზარიშვილი, რომელსაც 6 წლიდან ვუსმენდი და ჩემი კუმირი იყო, როგორც მომღერალი. გავიცანი და დავქორწინდით კიდეც. მერე დავიწყეთ „სანოს“ სტუდიაში მუშაობა - იქ ვწერდი ყველა იმ სიმღერას, რაც თქვენ უკვე იცით.
შემდეგ შემეძინა ტყუპები - დათუნა და ზუკა. ორივე დააჯილდოვა სამყარომ მუსიკალური ნიჭით. იყო „იქს ფაქტორი“, სადაც დათუნამ ფურორი მოახდინა, რამაც ცამდე ამიყვანა.
ამასობაში გავხდი 39 წლის და დამემართა 6-წლიანი, ზეღრმა დეპრესია - ჩავწექი და აღარ ავდექი.

და შარშან გავაკეთე ის, რაც მართლა ჩემი მოწოდებაა - ჩემი ბავშვთა ვოკალური სტუდია, სადაც გავხდი ყველაზე ბედნიერი სამყაროში. 9 თვეში ჩავატარეთ ორი კონცერტი; ბავშვებმა ისე იმღერეს ცოცხლად და ისეთი ამაყი გამხადეს, რომ ცრემლები თავისით მომდიოდა.
ახლა ვეღარ ვითმენ, როდის მოვა სექტემბერი, რომ მთელი ჩემი გამოცდილება უფრო მეტად და ასმაგად გავუნაწილო ჩემს პედაგოგებსა და მოსწავლეებს.
დღეს, 2026 წლის 17 აგვისტოს, თამამად ვაცხადებ, რომ ძალიან ბედნიერი ვარ!
შევცვლიდი რამეს?- არა, არა და არა! ეს ყველაფერი საჭირო იყო იმისთვის, რომ შევმდგარიყავი ადამიანად, დედად, მასწავლებლად, მუსიკოსად, შვილად და მეგობრად.
მიყვარხართ!