თათია თექთურმანიძის მწვავე პასუხი რუს ბლოგერს: ვიდეომიმართვა, რომელმაც ერთ დღეში 45 ათასი მოწონება მოაგროვა - Marao

თათია თექთურმანიძის მწვავე პასუხი რუს ბლოგერს: ვიდეომიმართვა, რომელმაც ერთ დღეში 45 ათასი მოწონება მოაგროვა

2026-08-18 14:29:52+04:00

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვას, სადაც რუსი ბლოგერი საქართველოში რუსულენოვანი მომსახურების მიღებას მოითხოვს და ქვეყნის ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე მცდარ ნარატივებს ავრცელებს, ქართველმა ინფლუენსერმა თათია თექთურმანიძემ უპასუხა. თექთურმანიძემ, რომელიც თავად რუსეთში გაიზარდა და რუსულ ენას სრულყოფილად ფლობს, ვიდეოში დეტალურად განმარტა სამართლებრივი, ეკონომიკური და მორალური ასპექტები.

თათიას ვიდეომ ერთ დღეში 20-ათასამდე მოწონება და კიდევ უფრო მეტი ნახვა მოაგროვა. 

tatia

აი, რას ამბობს თათია თექთურმანიძე ვიდეოში: 

„გადასახადებს რუსეთის ფედერაციას უხდით და არა საქართველოს“

თათია თექთურმანიძე გამოეხმაურა ბლოგერის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ტურისტი/სტუმარი გადასახადების გადახდის სანაცვლოდ ითხოვს მომსახურებას მისთვის სასურველ ენაზე.

„სახელმწიფო ენა არის ქართული. ის, რომ რუსული ენა ისტორიულად იყო საერთაშორისო ენა რუსეთის იმპერიაში თუ საბჭოთა კავშირში, არანაირ მორალურ თუ სამართლებრივ უფლებას არ გაძლევთ, სუვერენული სახელმწიფოს მოქალაქეს მოსთხოვოთ რუსულად ლაპარაკი. თქვენ გადასახადებს რუსეთის ფედერაციას უხდით და არა საქართველოს. 30 ლარად ხინკლის ყიდვა არ წარმოშობს საერთაშორისო რუსულენოვანი მომსახურების მიღების ვალდებულებას“, - აცხადებს თექთურმანიძე.

რას ამბობს სტატისტიკა ტურიზმსა და სავაჭრო ურთიერთობებზე?

ვიდეოში ინფლუენსერმა ბლოგერის მიერ მოყვანილი მცდარი ციფრები ოფიციალური მონაცემებით უარყო:

ტურიზმის წილი: ბლოგერის მტკიცების საპასუხოდ, თითქოს რუსი ტურისტები ინახავენ საქართველოს ტურიზმს, თექთურმანიძემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული 2 მილიარდი დოლარიდან რუსეთის წილი დაახლოებით 307 მილიონი დოლარია (დაახლოებით 16%). „ეს არ არის არც ნახევარი და არც მთელი ეკონომიკა, ეს მხოლოდ 16%-ია“, - განმარტავს ის.

აბსურდული ეკონომიკური ლოგიკა: „როდესაც ტურისტი იხდის ფულს სასტუმროში თუ რესტორანში, ის ყიდულობს მომსახურებას და იღებს მას. შენი ლოგიკით, საფრანგეთში რომ ჩავიდე და რამდენიმე ათასი ევრო დავხარჯო, ფრანგებს ქართულად ლაპარაკი უნდა მოვთხოვო?“

სავაჭრო ბალანსი: თექთურმანიძემ ყურადღება გაამახვილა რუსი ბლოგერის ორმაგ სტანდარტზეც: „როცა რუსები ქართველებს უხდიან - 'რუსეთი გვარჩენს', ხოლო როცა ქართველები რუსეთიდან ყიდულობენ პროდუქტს და ფულს იხდიან — 'ისევ რუსეთი გვარჩენს'. შენი ლოგიკით არ არსებობს ფული, რომლის ღირსიც რუსეთი არ არის“.

დეზინფორმაცია ენერგოდამოუკიდებლობაზე: ვიდეომიმართვის ბოლო ნაწილში თათია თექთურმანიძე შეეხო ელექტროენერგიის იმპორტის თემასაც. მან უარყო გავრცელებული მითი, თითქოს საქართველოს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის 25% (ყოველი მეოთხე კილოვატსაათი) რუსულია:

„საქართველოს მიერ მოხმარებული 14.9 მილიარდი კილოვატსაათიდან რუსული იმპორტი შეადგენს დაახლოებით 971 მილიონს, რაც 6.5%-ია და არა 25%. ამასთან, ამ 971 მილიონიდან 724 მილიონი კილოვატსაათი გადის აფხაზეთის რეგიონზე. ასე რომ, მტკიცება, თითქოს ყოველი მეოთხე კილოვატსაათი რუსულია, ფაქტებს უბრალოდ ვერ უძლებს“, - აცხადებს ინფლუენსერი.

ფულადი გზავნილები — საჩუქარი თუ პატიოსანი შრომა?

ბლოგერის განცხადებას, რომ საქართველო რუსეთიდან გადმორიცხული ნახევარი მილიარდი დოლარით „უსასყიდლოდ სარგებლობს“, თექთურმანიძემ მარტივი ეკონომიკური ლოგიკით უპასუხა: „მიგრანტების ფულადი გზავნილები რუსეთის საჩუქარი არ არის. ადამიანმა ეს ფული პატიოსნად გამოიმუშავა და საკუთარ ოჯახს გაუგზავნა. რუსეთის ბიუჯეტს საქართველოსთვის არაფერი გადმოურიცხავს.“

ოკუპირებული ტერიტორიები და 2008 წლის ომის ქრონოლოგია

ვიდეოს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ნაწილი ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს და 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს დაეთმო. თექთურმანიძემ რუსულ მხარეს საერთაშორისო სამართლის ნორმები შეახსენა:

გაეროს 193 წევრი ქვეყნიდან ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობას“ მხოლოდ 4 ქვეყანა (რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია) აღიარებს, ხოლო მსოფლიოს 98% საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. 2008 წლის ომის კონტექსტში მან ხაზი გაუსვა, რომ 8 აგვისტომდე რუსული მხარე წლების განმავლობაში ამზადებდა სეპარატისტულ ფორმირებებს, უკანონოდ არიგებდა რუსულ პასპორტებს და ახორციელებდა ქართული სოფლების დაბომბვას - სცენარს, რომელიც დღეს უკრაინაშიც მეორდება.

„პრობლემა პასპორტში კი არა, თქვენს მსოფლმხედველობაშია“

ვიდეოს ბოლოს თათია თექთურმანიძე შეეხო საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეებისადმი დამოკიდებულებას და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი სტუმართმოყვარეა ყველა ადეკვატური ადამიანის მიმართ, განურჩევლად ეროვნებისა.

„თუ ადამიანი მხარს უჭერს აგრესიულ პოლიტიკას, ამართლებს ოკუპაციას, ჩადის სხვა ქვეყანაში იმპერიული ამბიციებით და ითხოვს, რომ მას თავზე გადაჰყვნენ, ლოგიკურია, რომ ასეთ ადამიანს ცუდად მოეპყრობიან. პრობლემა პასპორტში კი არ არის, პრობლემა თქვენს მსოფლმხედველობასა და საქციელშია,“ - აცხადებს თექთურმანიძე.

ვინ არის თათია თექთურმანიძე? 

თათია თექთურმანიძე ფართო საზოგადოებამ კულინარიული პროექტ "მასტერშეფიდან" გაიცნო, სადაც მას "დესერტების პრინცესასაც" ეძახდნენ. თათიამ გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო, თუმცა მაყურებელს თავი პროფესიონალიზმითა და თავმდაბლობით მალევე შეაყვარა და დაამახსოვრა.

  • "ორსულობა რომ გავიგე, პროექტში ვიღებდი მონაწილეობას, 40-გრადუსიან სიცხეში, საშინელება ხდებოდა" - თათია თექთურმანიძე პირად გამოცდილებასა და რთულ პერიოდზე საუბრობს

ამ პროექტის შემდეგ მან მონაწილეობა კიდევ არაერთ პოპულარულ შოუში მიიღო და, ამის პარალელურად, ინფლუენსერიც გახდა. თათია დღეს განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში, ხშირად უკეთებს რეკლამას სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებას. ამასთან, ის საკუთარ გამომწერებს მარტივ და გამოცდილ რეცეპტებსა და რჩევებსაც უზიარებს. 

  • "მარტოხელა დედობა ორმაგად რთულია, თუმცა, მე ვთვლი, რომ ძალიან კარგად ვართმევ თავს" - თათია თექთურმანიძე საკუთარი გამოცდილების შესახებ

"საქართველოში დავიბადე, მაგრამ რუსეთში გავიზარდე. დაახლოებით 4-5 წლის ვიქნებოდი, როდესაც აქედან წავედით. წელიწადში ორჯერ ჩამოვდიოდი საქართველოში, მაგრამ ქართული წერა-კითხვა, საუბარი ძალიან კარგად ვიცი, რაც დედაჩემის დამსახურებაა. მას უნდოდა, ქართული კარგად მცოდნოდა.

  • თათია თექთურმანიძე მეუღლესთან დაშორებისა და დედობის შესახებ: "დიახ, ქმარს დავშორდი..."

3 წლის წინ, მიუხედავად მამაჩემის წინააღმდეგობისა, როგორც კი როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, საქართველოში დავბრუნდი. მამას უნდოდა, სამსახური იქ დამეწყო, რადგან იქ უფრო მეტი პერსპექტივა იყო განვითარებისთვის, მაგრამ ძალიან მიყვარდა ჩემი ქვეყანა, ყოველთვის მქონდა ნოსტალგია და ამიტომაც, ჩამოსვლა გადავწყვიტე", - ამბობდა თათია ერთ-ერთ ინტერვიუში.