„ჩემი ფეხი არ იქნება საქართველოში" - ვინ არის და რას პასუხობს თათია თექთურმანიძის ვიდეოს რუსი ბლოგერი - Marao

„ჩემი ფეხი არ იქნება საქართველოში" - ვინ არის და რას პასუხობს თათია თექთურმანიძის ვიდეოს რუსი ბლოგერი

2026-08-24 10:55:02+04:00

რუსი ბლოგერის მორიგი დეზინფორმაცია საქართველოს შესახებ: რა ნარატივებს ავრცელებს ელიზავეტა კორჩაგინა თათია თექთურმანიძის საპასუხოდ

ცოტა ხნის წინ რუსმა ბლოგერმა ელიზავეტა კორჩაგინამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აცხადებდა, რომ სურს, საქართველოში მის მშობლიურ ენაზე - რუსულად გაუწიონ მომსახურება. ამასთანავე, მან ქვეყნის ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე მცდარი ნარატივები გაავრცელა.

მის ვიდეოს ვრცლად და დეტალურად უპასუხა ქართველმა ინფლუენსერმა, თათია თექთურმანიძემ. თექთურმანიძემ, რომელიც თავად რუსეთში გაიზარდა და რუსულ ენას სრულყოფილად ფლობს, ვიდეომიმართვაში დეტალურად განმარტა საკითხის სამართლებრივი, ეკონომიკური და მორალური ასპექტები.

თათია თექთურმანიძის ვიდეო ნახეთ აქ 

მოგვიანებით, ელიზავეტა კორჩაგინამ თათია თექთურმანიძის საპასუხო ვიდეო გააზიარა და ქართული მხარე პროპაგანდასა და ფაქტების დამახინჯებაში დაადანაშაულა:

„აი, ეს არის მშვენიერი მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობენ ქართველი პროპაგანდისტები. იმის საჩვენებლად, თუ რამდენად მატყუარები არიან და როგორ ამახინჯებენ ყველაფერს, კონტექსტიდან გლეჯენ და განმარტავენ ისე, როგორც მათ აწყობთ“, — აცხადებს კორჩაგინა.

ქვემოთ წარმოდგენილია ძირითადი თემები და ციტატები, თუ რა გზებით ცდილობს რუსი ბლოგერი კრემლის ნარატივების ტირაჟირებას:

  • რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი, ტერიტორიული მთლიანობა და ოკუპაცია

ოკუპაციის უარყოფა და ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულება: ბლოგერი ამტკიცებს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია არ მომხდარა და ომის წამოწყებას ქართულ მხარეს აბრალებს.

„მე მხოლოდ ვთქვი, რომ აფხაზები იცავდნენ თავს და რომ საქართველომ თვითონ წამოიწყო ეს ომი აფხაზეთზე თავდასხმით... ევროკავშირის დამოუკიდებელმა საერთაშორისო კომისიამ აღიარა: ომი საქართველომ დაიწყო, მისი დარტყმა ცხინვალზე გაუმართლებელი იყო, ხოლო რუსეთის სამხედრო პასუხი — კანონიერი.“სეპარატიზმის გამართლება: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას ის „თვითგამორკვევის უფლებით“ ამართლებს.

„სსრკ რომ დაინგრა, აფხაზეთმა რეფერენდუმი ჩაატარა და საქართველოს შემადგენლობაში დარჩენა არ ისურვა... პირველ რიგში, სრულიად საკმარისია ერთი ქვეყნის აღიარებაც კი.“ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოკიდებულება

  • გაზის იმპორტი: კორჩაგინა ამტკიცებს, რომ საქართველო რუსულ გაზზე კვლავ კრიტიკულადაა დამოკიდებული.

„აზერბაიჯანისადმი მადლიერება არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ რუსული გაზის გარეშე საქართველო ვერ იოლად გავა. 28% უზარმაზარი პროცენტია... 26 წლის პირველ კვარტალში მთელი იმპორტირებული გაზის 55% სწორედ რუსეთზე მოვიდა.“ფულადი გზავნილები: ბლოგერი ხაზს უსვამს რუსეთიდან შემოსული ფინანსური ნაკადების მნიშვნელობას.

„ეს არის ფული, რომელსაც რუსეთში მყოფი ქართველი მიგრანტები გამომუშავებენ... ეს ფული საქართველოში რუსული ეკონომიკიდან შედის და ეს ფაქტია.“ისტორიული ნარატივები და კულტურული ბრალდებები

  • ისტორიული სპეკულაციები: ის ქართველებს ისტორიის შერჩევითად გამოყენებაში სდებს ბრალს.

„მათ უყვართ დავით აღმაშენებელზე ლაპარაკი, ხოლო როცა საქმე ეხება იმას, რომ ქართველი მეფეები თვითონ იხვეწებოდნენ რუსეთში XVIII-XIX საუკუნეებში, ის ამბობს: 'ეს დიდი ხნის წინ იყოო'.“„გაქართველირების“ ბრალდება: კორჩაგინა აცხადებს, რომ საბჭოთა პერიოდში აფხაზურ ენასა და კულტურას იძულებით ახშობდნენ.

„საბჭოთა პერიოდში აფხაზეთის გაქართველირება რეალურად მიმდინარეობდა. იხურებოდა აფხაზური სკოლები, ანბანი გადაჰყავდათ ქართულ გრაფიკაზე.“ქართველი ბლოგერების, ტურიზმისა და საზოგადოების კრიტიკა

ქართველი ბლოგერების დადანაშაულება „ჰაიპში“: ბლოგერის მტკიცებით, ქართველმა კონტენტ-მეიკერებმა ნახვები რუსოფობიური განწყობების ხარჯზე მოაგროვეს.

„გოგოებს როგორც იქნა დაუდგათ პრაიმი... ჰქონდათ 2 ლაიქი, გახდა 300 000 ნახვა. აი ასე, რუსების სიძულვილზე იქაჩებიან ქართველი ბლოგერები.“ტურისტების მიმართ დამოკიდებულება: ის რუსი ტურისტების მიმართ უპატივცემულობაზე ჩივის და ქართულ მხარეს ორპიროვნებაში ადანაშაულებს.

„ჩვენები საქართველოში დასასვენებლად ჩადიან, იქ კი ცხვირ-პირს ამტვრევენ, მათ ქვეყანასა და პრეზიდენტს აგინებენ... ეს არის ორპიროვნება და სიყალბე.“რუსოფობიის ბრალდება: ბლოგერი აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოსვლას არსებული განწყობების გამო არ აპირებს.

„ჩემი ფეხი იქ არ იქნება მანამ, სანამ იქ ნაციზმი და რუსოფობია ყვავის.“