22 აგვისტოს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე ნუცა ბუზალაძის პირველი სოლოკონცერტი გაიმართა - ქართველ მომღერალსა და მის კოლეგებთან ერთად, მსმენელმა აშშ-დან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული ბენდიც იხილა. როგორც ცნობილია, NUTSA’S LIVE SHOW მოგვიანებით აშშ-შიც იგეგმება.
სოციალურ ქსელში შოუდან არაერთი კადრი გავრცელდა - შეფასებები კი განსხვავებული და მრავალფეროვანი იყო. კომპლიმენტებისა და დადებითი განწყობების პარალელურად, სხვადასხვა სოციალურ ქსელში კრიტიკულ კომენტარებსაც შეხვდებით.
“NUTSA’S LIVE SHOW იყო სრული ანშლაგი და სიყვარული! უღრმესი მადლობა თითოეულ ადამიანს, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ. DREAM ON” - დაწერა თავად ნუცა ბუზალაძემ.
ნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე დაიბადა 1997 წლის 28 იანვარს. 5 წლის ასაკიდან, დადიოდა ანსამბლ „მართვეში“; შემდეგ საბავშვო ანსამბლის „მზიურის“ მთავარი ვოკალისტი იყო, ასევე უკრავდა გიტარაზე. 8 წლის ასაკიდან, დაიწყო ფორტეპიანოს შესწავლა. 2011 წელს მონაწილეობა მიიღო გადაცემა „ნიჭიერში“, სადაც ის ნახევარფინალამდე მივიდა. 2013 წელს ნუცამ მონაწილეობდა GDS-ის პროექტ „ერთი-ერთში“, სადაც დაიკავა მე-4 ადგილი. 2014 წელს ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში, მე-13 საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იგი სოსო პავლიაშვილის და დუეტ ჯორჯიას შემდეგ მესამე ქართველია, ვინც „ახალი ტალღა“ მოიგო.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მომღერალმა მონაწილეობა მიიღო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, მაგრამ მიღებული ტრავმის გამო მე-7 ტურიდან პროექტი დატოვა. იგი აგრეთვე მონაწილეობდა პროექტ „ორ ვარსკვლავში“.
ნუცა ბუზალაძე „ახალი ტალღა“ 2014 წლის გამარჯვებულია.საქართველოს წარმომადგენელი სამივე ტურში წარსდგა და ლიდერობაც შეინარჩუნა. ბოლო საკონკურსო დღეს ნუცამ სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაწერილი მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერა „In My Dreams“ შეასრულა და ჟიურის ყველა წევრისაგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველო წარადგინა სიმღერით „Firefighter“, სადაც ფინალში 34 ქულით 21-ე ადგილი დაიკავა.
არის „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი. მძიმე კრიტიკის ქვეშ მოექცა 2024 წელს საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებსა და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე ძალადობის შემდეგაც პარტიის უწყვეტი მხარდაჭერის გამო.