"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ 2027 წელს შედგება ჩემი ავსტრალიური დებიუტი Opera Australia-ს სცენაზე - და ამავე დროს ჩემი დებიუტი ვენერას პარტიაში, ვაგნერის „ტანჰოიზერში“.
განსაკუთრებული პატივია, რომ ამ მნიშვნელოვან დებიუტში და ამ დადგმის მსოფლიო პრემიერაში ვითანამშრომლებ თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ საოპერო რეჟისორთან, Sir David McVicar-თან და ბრწყინვალე იტალიელ მაესტროსთან, საერთაშორისო საოპერო სცენების გამორჩეულ დირიჟორ Andrea Battistoni-სთან. მოუთმენლად ველი ამ ახალ ეტაპს!“ - წერს სოციალურ ქსელში ქართველი საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო.
Opera Australia ავსტრალიის წამყვანი ეროვნული საოპერო კომპანია და ქვეყნის უმსხვილესი საშემსრულებლო ხელოვნების ორგანიზაციაა. 1956 წლიდან ის მსოფლიო დონის საოპერო და მუსიკალურ დადგმებს სიდნეის ლეგენდარულ ოპერის თეატრსა (Sydney Opera House) და მელბურნის ხელოვნების ცენტრში მართავს.
ორგანიზაცია ყოველწლიურად ასობით წარმოდგენას მასპინძლობს, მათ შორის გრანდიოზულ ღია ცის ქვეშ ფესტივალს Handa Opera on Sydney Harbour, და ავსტრალიურ კულტურულ სცენას გლობალურ მასშტაბზე წარმოაჩენს.

ნინო სურგულაძე დაიბადა თბილისში, მეცნიერთა ოჯახში. სწავლობდა თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში და პარალელურად მუსიკალურ სკოლაში, სადაც ადრეული ასაკიდანვე მონაწილეობდა სხვადასხვა მუსიკალურ და სასცენო პროექტში.
ბავშვობაში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ქართულ მხატვრულ ფილმში, მათ შორის მეტიჩარა, მარტივი პასიანსი და ვალსი პეჩორაზე[6]. ფილმ „ვალსი პეჩორაზე“ შესრულებული როლისთვის 1995 წელს ჟენევის კინოფესტივალზე სპეციალური ჯილდო მიენიჭა.
ჟურნალისტიკის მიმართულებით სწავლის შემდეგ ჩაირიცხა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც ვოკალს პროფესორ გულიკო კარიაულთან ეუფლებოდა. მოგვიანებით სწავლა განაგრძო მილანში, ლა-სკალას აკადემიაში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ ლეილა გენჯერი, ლუჩიანა სერა და ლუიჯი ალვა. აკადემია 2003 წელს დაასრულა.
აოპერო დებიუტი შედგა 2002 წელს[12][13] და მას შემდეგ გამოჩნდა მსოფლიოს მრავალ საოპერო თეატრში.
საერთაშორისო საოპერო კარიერა ლა-სკალაში დაიწყო. მონაწილეობდა ოპერებში მოსე ეგვიპტეში, ფალსტაფი, ევგენი ონეგინი, იდომენეო, ფაუსტი და ნაბუკო. ამ პერიოდში თანამშრომლობდა ისეთ დირიჟორებთან, როგორებიც არიან რიკარდო მუტი და დანიელ ჰარდინგი.
შემდგომ წლებში გამოდიოდა ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის არაერთ წამყვან საოპერო თეატრსა და ფესტივალზე, მათ შორის ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერა, ლონდონის სამეფო ოპერის თეატრი, ბარსელონის ლისეოს დიდი თეატრი, მადრიდის სამეფო თეატრი, მიუნხენის ბავარიის სახელმწიფო ოპერა, ზალცბურგის ფესტივალსა და ლიეჟის ვალონიის სამეფო თეატრი.
მის რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ისეთ პარტიებს, როგორებიცაა:
2010 წელს მონაწილეობა მიიღო ვერდის „რიგოლეტოს“ უნიკალურ სატელევიზიო პროექტში, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიღეს მანტუაში. სპექტაკლს დირიჟორობდა ზუბინ მეტა, ხოლო პარტნიორები იყვნენ პლასიდო დომინგო და ვიტორიო გრიგოლო. პროექტი იტალიურმა მაუწყებელმა RAI-მ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადასცა.
2017 წელს ნინო სურგულაძემ მონაწილეობა მიიღო Netflix-ის სერიალში ალიენისტი.
2010 წელს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციისა და ქვეყნის წარმოჩენაში შეტანილი წვლილისათვის, ნინო სურგულაძეს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი მიენიჭა.
2015 წელს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ, იტალიასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, მას იტალიის ვარსკვლავის ორდენი მიანიჭა.
2016 წელს ვერონის არენაზე ვერდის „ნაბუკოში“ ფენენას პარტიის შესრულებისთვის, როგორც სეზონის საუკეთესო მეცო-სოპრანო GBOSCAR-ის პრემიით დაჯილდოვდა.