ზოგჯერ ყველაზე დიდი სიყვარული მაშინ გეწვევა, როცა მას ყველაზე ნაკლებად ელოდები. ვიქტორია ტრიაისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავის, ლუკას ერნანდესის ისტორია სწორედ ასე დაიწყო - 2023 წლის 12 ნოემბერს, პარიზის ერთ-ერთ კლუბში, როდესაც მაიამიში მიმავალ ვიქტორიას ბარგის ჩალაგებამდე უბრალოდ „თითო ჭიქის დალევა“ შესთავაზეს. შეხვედრიდან სამი წლის თავზე წყვილი კვლავ საფრანგეთის დედაქალაქს დაუბრუნდა, რათა თავისი ცხოვრების ახალი თავი ახლობლების გარემოცვაში აღენიშნა.

საქორწინო ცერემონიისთვის წყვილმა პარიზიდან 45 წუთის სავალზე, რამბუიეს ტყეში მდებარე ისტორიული მონასტერი - Abbaye des Vaux-de-Cernay აირჩია. მე-19 საუკუნეში ბარონესა შარლოტა დე როტშილდის მიერ ლუქს-სასტუმროდ ქცეული ტერიტორია წყვილმა სამი დღით მთლიანად დაჯავშნა.
ლუკასის სურვილიც სწორედ ეს იყო - დღესასწაული არა რამდენიმე საათს, არამედ სამ დღეს გაგრძელებულიყო. მჭიდრო გრაფიკისა და მსოფლიო ჩემპიონატის მიუხედავად, საქორწინო ორგანიზატორ ლორენ ატალისა და House of Kirschner-ის დახმარებით, მონასტერი სტუმრებისთვის ნამდვილ მყუდრო სახლად იქცა: რეტრო-ველოსიპედებით, პადელ-თენისით, სპა-პროცედურებითა და ბავშვებისათვის განკუთვნილი ფერმით.

პატარძლის სამოსზე არჩევანი თავიდანვე მკაფიო იყო. ვიქტორიამ უპირატესობა ლიბანელი დიზაინერის, Zuhair Murad-ის შემოქმედებას მიანიჭა და მთელი დღესასწაულის განმავლობაში მისი სამი განსხვავებული კაბა მოირგო. საქორწინო იერი შეავსო Jimmy Choo-ს, Christian Louboutin-ისა და René Caovilla-ს ფეხსაცმელმა, Patrick Ta-ს კლასიკურმა მაკიაჟმა და David Paillard-ის მიერ სპეციალურად დამზადებულმა ბრილიანტის ბეჭდებმა.
სიძემ, ლუკას ერნანდესმა, არჩევანი Tom Ford-ის სამ ექსკლუზიურ ლუქსა და Patek Philippe 5712-ის თეთრი ოქროს საათზე შეაჩერა.

ოფიციალური ცერემონიისა და გერმან ლარკინის მიერ გადაღებული ფოტოსესიის შემდეგ, დღესასწაულმა შუშის გრანდიოზულ ნაგებობაში გადაინაცვლა, რომელიც ასზე მეტი ეგზოტიკური მცენარითა და ნეონის განათებებით ნამდვილ ჯუნგლებად გადაიქცა. ტრადიციული ვახშმის ნაცვლად, სტუმრებს NuArt-ის წარმოდგენები, ხოლო მოგვიანებით Carlita-სა და DJ Cruz-ის მუსიკალური შოუ ელოდათ.
„ეს იყო იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ ქორწილი. ეს იქცა დიდ შეხვედრად, მეგობრობის ზეიმად და იმის შეხსენებად, თუ როგორ გვიმართლებს, როცა გარშემო ასეთი საოცარი ადამიანები გვყავს“, - აღნიშნავს ვიქტორია.
ეს ქორწილი ჩვენთვის განსაკუთრებული იმითაც იყო, რომ წვეულებას ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან ნიცა თავაძესთან ერთად დაესწრო. ქორწილის კადრებიდან ყველაზე ემოციური და საინტერესო დეტალი სწორედ ნიცა თავაძესა და პატარძალს შორის არსებულ ურთიერთობას უკავშირდება. ვიქტორია ტრიაიმ Instagram Story-ზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ხელში მაკიაჟის ფუნჯი უჭირავს, წარწერით: „Something blue, something borrowed“, სადაც ნიცა თავაძე ჰყავს მონიშნული.
ეს კადრი XIX საუკუნის ცნობილ ინგლისურ საქორწინო ტრადიციას ეხმიანება: „Something old, something new, something borrowed, something blue...“ („რაღაც ძველი, რაღაც ახალი, რაღაც ნათხოვარი, რაღაც ლურჯი...“). ტრადიციის მიხედვით, პატარძალმა ქორწილის დღეს აუცილებლად თან უნდა იქონიოს ბედნიერად დაოჯახებული ან ახლობელი ქალისგან ნათხოვარი ნივთი (Something borrowed), რომელსაც ახალ ოჯახში იღბალი, ბედნიერება და სიყვარული მოაქვს, ხოლო ლურჯი დეტალი (Something blue) ერთგულებისა და სიწმინდის სიმბოლოა.
მხოლოდ 9 სტუმარი და დემნა გვასალიას კაბა -რონალდოსა და ჯორჯინას ფარული ქორწილის დეტალები
როგორც აღმოჩნდა, საქორწინო სამზადისისას ვიქტორიას სწორედ ნიცამ ათხოვა მაკიაჟის ნივთი, რათა პატარძალს ეს რიტუალი სრულყოფილად შეესრულებინა.
.jpg)