ინფლუენსერმა და ჟურნალისტმა ნათია გვაზავამ თავის ინსტაგრამ-გვერდზე, natiatalks ფსიქოლოგთან ერთად ჩაწერილი ვიდეო გააზიარა. საუბარი შეეხო ფსიქოლოგიურ ტრავმებს, კომპლექსურ PTSD-ის და იმ მუდმივ შინაგან წნეხს, რომელსაც ის ყოველდღიურად განიცდის.

რას ჰყვება ნათია გვაზავა
- დღეს ჩემს თავზე ვისაუბრებ. ძალიან ბევრი ტრავმა და კომპლექსური PTSD მაქვს. ეს შიშები, სირცხვილისა და წარსულის ხმები ჩემივე ხმებია. ამ ყველაფრის მერე ისე ვიშლები, რომ ამას ფიზიკური და, რა თქმა უნდა, მენტალური პრობლემებიც მოჰყვება.
თან მაინტერესებს, რამდენად სწორად ვაფასებ წარსულს, რადგან ეს აყალიბებს ჩემს შეფასებასა და რეალობას იმის შესახებ, თუ რა ხდება დღეს ჩემ წინ. მაგალითად, დიდი შიში მაქვს, რომ ვიღაცამ ბევრი რამ არ გამიკეთოს, რათა მერე ეს არ დამითვალოს ან არ დამსაჯოს... კიდევ უფრო მეტად მტანჯავს განცდა, რომ ცუდი ვარ და არაფრის ღირსი არ ვარ.
ჩემი შინაგანი ხმა მაინც იმას მეუბნება, რომ მეტი უნდა გავაკეთო და ყველაფერი დავიმსახურო. თუნდაც ვიცოდე, რომ ჯერ მზად არ ვარ კამერასთან დასაბრუნებლად, რადგან ამერიკიდან აბსოლუტურად დაცლილი და გატეხილი ჩამოვედი, მართლა, მაინც ყოველდღე ვებრძვი ჩემს თავს: „ადექი, წადი კამერასთან, გააგრძელე, გააკეთე“. ამ დროს არანაირი ფინანსური ინტერესი არ მაქვს და ეს ყველაფერი ძალიან რთულად კეთდება.
საკუთარ თავს ვეკითხები: რისთვის ვაკეთებ ამას? ის უსამართლობის გრძნობა, რაც ბავშვობაში მქონდა, სწორად გამოვიყენო ახლა ჩემს პროფესიაში?
რთულია საკუთარი თავის შეფასება, როცა ისეთ სოციუმში ცხოვრობ, სადაც შეიძლება ყველამ გაგაკრიტიკოს. ან პირიქით - როცა ხედავენ, რომ ამდენს გაიღებ, მხოლოდ მაშინ ხდები „ძალიან კარგი გოგო“. ჯერ ძალიან მადლიერი ვარ ამისთვის, ბევრი ადამიანი მოდის და მადლობას მიხდის, მაგრამ ეს ჩემთვის იმხელა დისკომფორტი, შიში და პასუხისმგებლობაა...
მე რომ ესე არ გავაგრძელო, ამ ჩარჩოებში არ ვიყო, ფეხი დამიცდეს და რამე ცუდად გავაკეთო - ეს ყველაფერი, რაც ახლა კარგად მიდის, სხვანაირად წავა. მე ვიქნები ყველაფერში აბსოლუტურად დამნაშავე და მე ვიქნები ცუდი. აი, მიშველე. ყველაზე რთულ მომენტში მარტო ეს იყო.
როცა ირგვლივ ეგეთივე ტრავმირებული ადამიანები არიან, რომლებიც ჯერ ვერ შედიან საკუთარ თავში ან არც უნდათ - არ შეუძლიათ ამ ყველაფრის გადამუშავება - შენ კი ამ საზოგადოებაში ხარ ერთ-ერთი... ძალიან მარტოდ გრძნობ თავს. შეიძლება რამდენიმე იყოს, მაგრამ ძალიან ახალია ეს ყველაფერი.