თანამედროვე ურთიერთობებში ხშირად ვსვამთ კითხვას: რა არის ის მთავარი საძირკველი, რაც წყვილს შორის ლტოლვას, სიყვარულსა და ჰარმონიას ხანგრძლივად ინარჩუნებს? მსახიობ ნინო მუმლაძის ვიდეოების სერიამ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მან ღიად ისაუბრა იმ ფსიქოლოგიურ და ყოფით ფაქტორებზე, რომლებიც პირდაპირ მოქმედებს ქალის ემოციურ მდგომარეობასა და მის ლტოლვაზე პარტნიორის მიმართ.
რა აღაგზნებს ქალს სინამდვილეში?ხშირად მამაკაცებს ჰგონიათ, რომ ქალის მოსახიბლად და აღსაგზნებად მთავარი ვიზუალური მონაცემები, ფიზიკური ფორმა, ზომები ან ინტელექტუალური მიღწევებია. რა თქმა უნდა, ურთიერთობის საწყის ეტაპზე ამ ყველაფერს აქვს გარკვეული ეფექტი, თუმცა შემდგარ, ხანგრძლივ ურთიერთობაში პრიორიტეტები სრულიად იცვლება.

„ისეთ აზრს წავაწყდი, სადაც ერთი ბიჭი სრული სერიოზულობით განიხილავდა, რა აღაგზნებს ქალს. ნუ, ამ ბიჭს, როგორც ალბათ მამაკაცების უმრავლესობას, ჰგონია, რომ საქმე ეხება ზომებს. ზოგ მამაკაცს ალბათ ჰგონია, რომ მთელი ხიბლი მათ არაჩვეულებრივ სხეულშია, რაღაცა ბიცეფსებში, ტრიცეფსებში და კუბიკებში. და ალბათ ამიტომაც წვალობენ ამდენს სატრენაჟორო დარბაზებში. მამაკაცების რაღაც გარკვეულ ნაწილს ალბათ ჰგონია, რომ მთელი, ასე ვთქვათ, ხიბლი მათ ინტელექტშია, ასევე ინტელექტუალური ქალების მოსახიბლად.
იცით რა, პირველ ეტაპზე შესაძლოა ეს ყველაფერი რაღაც ეფექტს მართლა ახდენს, მაგრამ მე გაგიმხელთ, სინამდვილეში რა აღაგზნებს ნებისმიერ ქალს შემდეგ უკვე, შემდგარ ურთიერთობაში. ნებისმიერ ქალს აღაგზნებს მამაკაცი, რომელსაც შეუძლია მისი პრობლემების მოგვარება.
ოღონდ დავკონკრეტდები: არა იმ პრობლემების, რომლებიც ამ ქალს საერთოდ არ ექნებოდა, თუ მამაკაცს არ გაიცნობდა და არა იმ პრობლემების, რომლებიც შესაძლოა მამაკაცის გაცნობამდე ჰქონდა, იმ პრობლემების, რომლებიც შესაძლოა ყოველდღიურ ყოფაში ხვდება მისი ცხოვრებიდან გამომდინარე, იმ პრობლემების, რომლებიც შესაძლოა თავს ხვდებათ მათ საერთო შვილის აღზრდის დროს.
აი, მამაკაცს, რომელსაც შეუძლია ქალზე ისე იზრუნოს, რომ ახალი პრობლემები არ დაუმატოს და დაეხმაროს მას მისი ყოველდღიური, ყოფითი და სერიოზული პრობლემების მოგვარებაში, ნამდვილად ყოველთვის ეყოლება გვერდით ქალი, რომელიც იქნება მუდამ ქალური, მზრუნველი და აღგზნებულიც. იმიტომ რომ ქალს უნდა ჰქონდეს იმის დრო, საშუალება და ფუფუნება, რომ უბრალოდ თავი ქალად იგრძნოს. აი, ასე მარტივია ეს ყველაფერი.“
პირველ ვიდეოს მოჰყვა მამაკაცების ნაწილის უარყოფითი რეაქცია. ბევრმა ჩათვალა, რომ საუბარი მხოლოდ ფინანსურ მხარეს ან „პრობლემური ქალის“ პრეტენზიებს ეხებოდა. ამ გამოხმაურებებს ნინომ მეორე ვიდეოთი უპასუხა, სადაც დეტალურად განმარტა, თუ რას ნიშნავს ქალისთვის ყოველდღიური უხილავი შრომა და რატომ ცივდებიან ქალები წლების შემდეგ.
„ესე იგი, წინა ვიდეოში აღვნიშნე, რომ ქალს ყველაზე მეტად ის მამაკაცი იზიდავს, რომელიც მის პრობლემებს აგვარებს-მეთქი და მოყვა ამას ძალიან დიდი გამოხმაურება. რა თქმა უნდა, ქალების უმრავლესობა მეთანხმება, მამაკაცებისგან წამოვიდა უარყოფითი კომენტარები, ზოგმა თავისი პრიმიტიული აზროვნებით იფიქრა, რომ ჩვენ მხოლოდ ფული გადარდებს, ზოგმა ისიც დაწერა, რად გვინდა საერთოდ პრობლემური ქალიო და, იცი რა, საერთოდ მე არ მეგულება დღეს საქართველოში ვინმე, ვისაც რაღაცა ელემენტარული პრობლემა მაინც არ გააჩნია. და ალბათ არა მარტო საქართველოში, ხომ? რა ვიცი, თქვენ უპრობლემოდ ცხოვრობთ, სრულიად? ზოგმა ისიც დაწერა ჩვენ ვალდებულები ვართ თქვენი პრობლემები ვაგვაროთო. ჰოდა, გადავწყვიტე პატარა ვიდეო მივუძღვნა მამაკაცებს. არ ხართ ვალდებულები. რა თქმა უნდა ასე ვალდებულები არ ხართ. უბრალოდ ახლა აგიხსნით როგორ მუშაობს ეს ყველაფერი.
როდესაც ქალი მთელი დღის განმავლობაში მარტო უმკლავდება პრობლემებს, თუნდაც ძალიან ელემენტარულს, როგორც თქვენ ფიქრობთ, და რუტინულ ესეთ პრობლემებს, როგორიც არის ვთქვათ როგორ გაწეროს ბიუჯეტი, მთელი ოჯახის ბიუჯეტი ისე, რომ თვის ბოლომდე ეყოს ეს ბიუჯეტი, ისე, რომ შავი დღისთვისაც ჰქონდეს რაღაცა გადადებული, ბავშვს უცებ ექიმი დაჭირდეს, ისე, რომ ბავშვი სკოლაში გაუშვას აწყობილი, მთლიანად აღჭურვილი, ისე, რომ თვითონაც ნორმალურად გამოიყურებოდეს, ისე, რომ ისევ შენთვის მიმზიდველი იყოს, ისე, რომ რაღაცა გადადოს ზაფხულისთვისაც, იმიტომ რომ წელიწადში ერთხელ მაინც სჭირდება ბავშვს ჰაერის გამოსვლა, შენც გჭირდება ცოტა დასვენება, იმიტომ რომ იღლები და მერე იყეფები წლის ბოლოს, თორემ თვითონ მაინც ვერ დაისვენებს, იმიტომ რომ ბავშვთან ერთად დასვენება დასვენება არ არის.
ფიქრობს იმაზე, რომ უნდა გამოიყურებოდეს თავისი თანამშრომლების შესაბამისად, იმიტომ რომ პლუს დღეს თითქმის ყველა ქალი მუშაობს და როდესაც ის სამსახურში მიდის არ უნდა, რომ ჩამორჩეს სხვებს, მაგრამ იმასაც ფიქრობს, რომ ცოტა ზედმეტი არ მოუვიდეს, იმიტომ რომ შეიძლება შენ გაღიზიანდე სხვების ზედმეტი ყურადღებისგან.
როდესაც თან ფიქრობს ამ სამსახურის, ბავშვის მოვლის და ყველაფრის პარალელურად სადილი მოამზადოს და თან ფიქრობს რა ინგრედიენტები ჩადოს, იმიტომ რომ შენ შეიძლება გუშინდელი დალევის გამო ცოტა ნაღვლის ბუშტი გაქვს გაღიზიანებული და ის, რასაც ბავშვს უმზადებს, შენ არ გამოგადგება.
როდესაც ქალი ელემენტარულად ღამეებს ათენებს ბავშვის მოვლით და ამ ყოველდღიურ რუტინაში შენი იმედი არა აქვს, ის საღამოს გაღიმებული ვერ დაგხვდება.
და როდესაც შენ სამსახურიდან დასრესილი სახლში დაბრუნდები იმის იმედით, რომ ახლა რელაქსი გჭირდება და სახლში მოგივლიან, ვერ მოგივლიან. იმიტომ რომ ის ქალი სამსახურშიც დაისტრესა და შენზე ბევრად მეტად დასტრესილია ყოველდღიურ პრობლემებზე ფიქრით. და რადგან შენი იმედი არ ჰქონდა და თვლის, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მისი მოსაგვარებელია, ის შენ როდესაც გიყურებს, ღიზიანდება, ბრაზდება და რომც არაფერი გითხრას და თავს დააძალოს და მოგიაროს, სადღაც ამოასხამს და ძალიან გიყვირებს. მერე გაგიკვირდება: „კაცო, რატომ მიყვირა, არაფერი დამიშავებიაო“, აი ამიტომ გიყვირა, რომ ეს ყველაფერი დაუგროვდა.
ამიტომ ცივდებიან ქალები მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ, უბრალოდ რესურსი აღარ ყოფნით. განა აღარ უყვარხარ, უბრალოდ დაიღალა, გადაიწვა და აღარ ყოფნის იმის რესურსი, რომ კიდევ შენ გაგიღიმოს, მოგიაროს და თბილად მოგექცეს.
და თუ ქალს ჰყავს ისეთი კაცი გვერდით, რომელიც თუნდაც ამ ელემენტარულ პრობლემებში უდგას გვერდით, თუნდაც რომლის გვერდითაც ხვალინდელი დღის არ ეშინია, არ არის დასტრესილი იმაზე ფიქრით რა ელოდება მათ შვილებს მომავალში, როდესაც უბრალოდ აქვს იმის ფუფუნება, რომ ისიამოვნოს ცხოვრებით, აუცილებლად მოუნდება, რომ შენც მოგანიჭოს სიამოვნება ცხოვრების ყველა ასპექტში.
ამიტომ, რა ვიცი, თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ როგორი ქალი გირჩევნიათ გვერდით: დასტრესილი, დაღლილი, გამოფიტული და გაღიზიანებული, თუ ბედნიერი ქალი, რომელიც თქვენივე დახმარებით თქვენ მოგანიჭებთ სიამოვნებას.“