„13-14 წლის ვიყავი უკვე, როცა საერთო საცხოვრებელში დავბინავდით...“ - ლიკა კვარაცხელია აფხაზეთის ომსა და დევნილობის წლებზე - Marao

„13-14 წლის ვიყავი უკვე, როცა საერთო საცხოვრებელში დავბინავდით...“ - ლიკა კვარაცხელია აფხაზეთის ომსა და დევნილობის წლებზე

2026-09-04 14:24:37+04:00

აფხაზეთის კონფლიქტმა ათასობით ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. გამონაკლისი არც ლიკა კვარაცხელია ყოფილა, რომლის ბავშვობაცა და ახალგაზრდობაც 90-იანი წლების მძიმე გამოწვევებს და დევნილობის სირთულეებს დაემთხვა. სოხუმიდან თბილისამდე განვლილი გზა, საერთო საცხოვრებელში გატარებული წლები, სამოდელო სფეროში გადადგმული პირველი წარმატებული ნაბიჯები და ღირებულებები, რომლებიც მას დღემდე მოჰყვება - ამ ყველაფერზე ლიკა კვარაცხელია "რუსთავი 2-თან" ინტერვიუში გულახდილად საუბრობს.

lika-kvarathkhelia

  • „გიზიარებთ იმას, რასაც სახლში ვამზადებ“ - ლიკა კვარაცხელია კვებასა და თავის მოვლაზე საუბრობს 

ლიკა კვარაცხელიას ინტერვიუ

- ჩემი მშობლები ბოლო დღემდე მუშაობდნენ. არც ფიქრობდნენ აფხაზეთიდან წამოსვლას. მე და ჩემი ძმა უნდა წამოვსულიყავით, მერე ის გაიპარა, დარჩა... წავიდა ბატალიონში გაწევრიანდა და აღარ წამოვიდა ჩემთან ერთად. ბოლო თვითმფრინავი რომ მოფრინავდა, იმ ბოლო თვითმფრინავს, ესე ვთქვათ, ასე შემაგდეს ამ თვითმფრინავში და ჩამოვედი მარტო. მახსოვს, შევარდნაძე რომ გამოვიდა და თქვა, რომ სოხუმი დაეცა, მივხვდი, რომ აი საერთოდ არავინ არ მყავს და სად ვარ, ისიც არ ვიცი.

მერე, რაღაცნაირად, აი, ასე ვერსად ვერ მოვეწყვეთ, ხანს სად ვცხოვრობდით, ხან სად ვცხოვრობდით. 13-14 წლის ვიყავი უკვე, როცა საერთო საცხოვრებელში დავბინავდით. საერთო საცხოვრებელში ცხოვრებამ მომცა უდიდესი გამოცდილება. ჩვენ მარტო აბაზანა და სამზარეულო კი არ გვქონდა საერთო, საერთო ტანსაცმელი გვქონდა, საერთო ტელეფონი გვქონდა, საერთო წიგნი გვქონდა, ყველაფერი საერთო გვქონდა.

გვქონდა ჰუმანიტარული დახმარებები და გვაძლევდნენ რაღაც კვერცხის ფხვნილს და მჭადის ფქვილს. აი ამისგანაც რაღაცებს ვცდილობდი...მეც პატარა ვიყავი, მაგრამ იქ მეზობელი ქალბატონები, დედა, დეიდა რომ ვუყურებდი, რასაც აკეთებდნენ, მეც ვაკეთებდი აი ამ ფხვნილისგან რაღაცებს. ამერიკული ჯარის საჭმელს გვიგზავნიდნენ და იქიდანაც რაღაც ბოსტნეულის ნაზავი იყო, რისგანაც რაღაც კატლეტს ვაკეთებდი და მაგ პერიოდშიც ვამზადებდი ამ ყველაფერს.

პირველი ანაზღაურებაც საკმაოდ კარგი იყო. იმ დროს 50 დოლარი იყო ძალიან დიდი თანხა და მახსოვს, მოდაში იყო თეთრი კეტი, რომელიც იყო ცოტა ქუსლზე. და ეს ჩემი მეგობრები გაიქცნენ, ყველამ იყიდა კეტი. მე რას ვიყიდდი... წავიყვანე ეს ჩემი გოგოები და კაი დიდი ტაფა ავარჩიეთ და პირველი ანაზღაურებით ვიყიდე ტაფა.

  • "დიახ, თავდაჯერებულობა მაკლდა და სცენაზე გამოსვლა ძალიან მიჭირდა" - ლიკა კვარაცხელიას გულწრფელი ინტერვიუ 

კალათბურთზე რომ დავდიოდი, ასე ქუჩაში აღმომაჩინეს და ქალბატონმა ნატალიმ წამიყვანა თავის სააგენტოში, სადაც მოვხვდი ფანტასტიკურ გარემოში. მასწავლეს სიარული, მასწავლეს ბევრი რაღაცა. იმ პერიოდში რაღაც მაკიაჟის გაკვეთილებიც გვქონდა, 90-იანებში.

ძალიან ბევრი ჩვენება გვქონდა იმ პერიოდშია. ერთ-ერთი პირველი ყველაზე დიდი პროექტი, რაც იყო - ავანგარდული მოდის ანსამბლია, 4-დღიანი,  რეპეტიციები, სულ ერთად ვიყავით ჩვენი სამეგობრო და ღონისძიების ბოლოს მოქალაქეთა კავშირმა გადმომცა მაყურებელთა სიმპათიის პრიზი და დამაჯილდოვა ვიდეოთი.  წარმოიდგინე, ახლა მე რომ მოვედი საერთო საცხოვრებელში ვიდეოთი... ნუ, ეს რა იყო იცი? აი მართლა საოცრება იყო და ვიკრიბებოდით მერე ყველანი, რაღაც ერთი და იგივე ერთი კასეტა გვქონდა და იმას ვატრიალებდით სულ.

იმ პერიოდში მართლა სამოდელო სფეროდან საკმაოდ კარგი ანაზღაურება გამომდიოდა იმისთვის, რომ ოჯახი შეგვენახა.

ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორი ადამიანი ვარ და რას ვაკეთებ ადამიანებისთვის. აი ეს ღირებულებები არის ხოლმე ყველაზე მთავარი. იქ, სადაც კონტრაქტებით იწყება საუბარი, იქ ჩემი ადგილი არასოდეს არ არის.

ჩემი ცხოვრების მანძილზე სულ ერთდროულად სხვადასხვა რაღაცებს ვაკეთებ და მიუხედავად ამისა, ჩემი ყველაზე მთავარი სტატუსი არის ის, რომ ვარ დედა, მეუღლე, შვილი, და და მეგობარი. და ყველაზე, ყველაზე მთავარი - არის ის, რომ ვარ ბებია. ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი სტატუსი ცხოვრებაში.

დღესდღეობით რასაც ვაკეთებ, ძალიან მომწონს, იმიტომ რომ მომეცა საშუალება, რომ აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოში ვიმუშაო. განსაკუთრებით მომწონს, რომ ახალგაზრდებთან მაქვს შეხება და მე იქ უკან ვბრუნდები, იმ საერთო საცხოვრებელში და იმ გადმოსახედიდან ვუყურებ და ყოველთვის ვფიქრობ, რა შეიძლება იყოს ისეთი მნიშვნელოვანი ამ ახალგაზრდებისთვის, რომ ჩვენი მხრიდან გაკეთდეს.

ყველაფერს წიგნიდან ვერ ისწავლი. საბოლოო ჯამში გიწევს ამ ყველაფრის რაღაც გამოცდილების მიღება უკვე ცხოვრებისეული მომენტებიდან. რაღაცის არასწორად წასვლა, ეს ძალიან ჩვეულებრივი და ბუნებრივია და ამისგან საერთოდ არასოდეს არ ვქმნი ხოლმე რაღაც დრამას... პრობლემა თავისთავად არ არსებობს, მთავარია ჩვენ როგორ მივუდგებით ამ პრობლემას