საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც თავის უმცროს შვილს, ნიკოლოზ სააკაშვილს ეძღვნება. ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას უზიარებს სიახლეს, რომ ნიკოლოზმა სწავლა ამერიკის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც სრული დაფინანსება მოიპოვა.
სააკაშვილის თქმით, შვილის ეს ნაბიჯი მისი და უფროსი ძმის, ედუარდის გზის გაგრძელებაა. მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ნიკოლოზი შვილებს შორის ყველაზე მეტად ჰგავს მას გარეგნობით, ტემპერამენტითა და პოლიტიკისადმი ინტერესით, იმის მიუხედავად, თუ რა სირთულეები მოუტანა პოლიტიკამ მათ ოჯახს.

რას წერს მიხეილ სააკაშვილი?
"ჩემმა შვილმა ნიკოლოზმა სწავლა დაიწყო ამერიკის ერთ-ერთ კარგ უნივერსიტეტში. ის ამ მხრივ აგრძელებს ჩემი და ედუარდის გზას. მას სწავლის საფასურს თავად უნივერსიტეტი უფარავს, რაც ამ უნივერსიტეტის არჩევისას გადამწყვეტი ფაქტორი იყო.თბილისში სკოლის დამთავრების შემდეგ, ნიკუშამ აიღო ორ წლიანი პაუზა ჯერ თბილისში 6 თვე იმუშავა "ბოლტის" კურიერად, ველოსიპედით დაჰქონდა ვაკე-საბურთალო-მთაწმინდაზე შეკვეთები, შემდეგ ორი თვე მეგობართან ერთად მოიარა მთელი საქართველო - 80% ფეხით და 20% გამვლელი მანქანებით, ამის შემდეგ იაპონიის საელჩოს დახმარებით გაემგზავრა ტოკიოში, თბილისში სკოლის დროს ნასწავლი იაპონურის დასახვეწად.
ბოლო 1 წელი კი გაატარა ინდოეთში, საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში ეხმარებოდა იქაურ გლეხებს მიწის დამუშავებაში და სწავლობდა ჰინდის. ბოლოს კი ძალიან გვანერვიულა, იმიტომ რომ მაინცდამაინც ნეპალ-ტიბეტის უბედურების დროს, გადასული იყო ტიბეტში და რაღაც პერიოდი კავშირზე არ გამოდიოდა.
მინდა აღვნიშნო, რომ ნიკუშა ჩემს შვილებს შორის ალბათ ყველაზე მეტად მგავს მე გარეგნობით, მანერებით, ტემპერამენტით და თან გამოყვა პოლიტიკისადმი ჩემი ცხოველი ინტერესი. მიუხედავად ყველა უბედურებისა რაც პოლიტიკამ მოუტანა ჩვენს ოჯახს.
ჰოდა ვინაიდან მასთან ტელეფონით დარეკვა აკრძალული მაქვს, მინდა აქ მივმართო: ნიკუშ მეც და ედუარდიც ძალიან კარგად ვსწავლობდით, ამერიკაში და შენ არამხოლოდ არ უნდა ჩამოგვრჩე, არამედ უნდა გვაჯობო, მიაღწიო წარმატებას და შემდეგ კი საქართველო გელოდება და მის ხალხს უნდა ემსახურო.
წარმატებები. წარმატებები პატარავ! გვაამაყე!"